შინაარსზე გადასვლა

შენობების და ნაგებობების სეისმომედეგობა (ევროკოდი 8-I,III,V)

ვიკიწიგნებიდან

ეს წიგნი დევს საინჟინრო მეცნიერებების თაროზე.

წინასიტყვაობა

[რედაქტირება]

ევროკავშირი 28 სახელმწიფოსაგან შემდგარ ერთ-ერთ უდიდეს გაერთიანებას წარმოადგენს, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 450 მილიონს შეადგენს. დღეისათვის ევროკავშირმა შესძლო ერთიანი სამართლებრივი სივრცის შექმნა ტექნიკური რეგულირების სფეროში, რომელიც მშენებლობის სფეროსაც მოიცავს. მშენებლობის დარგში დამუშავებულია სამშენებლო ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის ნორმატული დოკუმენტების ერთიანი სისტემა. ევროკავშირში შემავალი 28 ქვეყნისათვის ნორმატული დოკუმენტის ტექსტი იდენტურია და ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისივე შედგენილი „ეროვნული დანართი“. ევროპული ნორმები აგებულია დემოკრატიულ პრინციპებზე და საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებს “ეროვნულ დანართში“ შეიტანონ განსხვავებული, დასაბუთებული შეხედულებები და მოთხოვნები, თუმცა მხოლოდ იმ პუნქტებისა და დებულებებისა, რომლებიც მკაცრად არის განსაზღვრული თვით ევროკოდებში. სამშენებლო ევროკოდის სტანდარტები იძლევა მთლიანი კონსტრუქციისა და მისი კომპონენტებისათვის კონსტრუქციის დაპროექტების ზოგად წესებს. კონსტრუქციის უჩვეულო ფორმები ან დაპროექტების პირობები არ განიხილება. ასევე არ განიხილება სპეციალური ნაგებობები, როგორიცაა ატომური ელექტროსადგურები, დიდი კაშხალები და სხვა ოფშორული ნაგებობები, რომელთა სეისმომედეგობაზე გაანგარიშება უნდა აკმაყოფილებდეს დამატებით მოთხოვნებს და უნდა დაექვემდებაროს დამატებით შემოწმებას.

სეისმური უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას და მას შესაბამისი ნორმები უნდა არეგულირებდეს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ყოფილმა ინსტიტუტმა ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით 2004 წელს დაამუშავა ნორმატული დოკუმენტი “სამშენებლო ნორმები და წესები “სეისმომედეგი მშენებლობა”(პნ 01.01-09)”, რომელიც დამტკიცდა 2010 წელს. მასში განხილულია მხოლოდ სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ნაგებობები. მაღლივი შენობების გაანგარიშებისათვის კი შეტანილი იყო ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც არ ასახავდნენ ასეთი შენობების სეისმურ ზემოქმედებაზე გაანგარიშების სპეციფიკას. ამ დოკუმენტმა, რომელშიც ევროკოდი 8-ის რამდენიმე დებულება და მოთხოვნა იყო შეტანილი, შეასრულა გარდამავალი ფუნქცია საბჭოთა იდეოლოგიიდან ევროპულ იდეოლოგიაზე გადასვლის გზაზე.

სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი ქვეყნის სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობისა, 2011 წლიდან აღარ არსებობს აღარც ინსტიტუტი და აღარც მეცნიერული რესურსი ამ სტრატეგიული დოკუმენტის თანამედროვე დონის დოკუმენტად ქცევისთვის. ბოლო წლებში მსოფლიოში მეცნიერებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს მიწისძვრის პრობლემების გადაწყვეტაში, მათ შორის მაღლივი მშენებლობისათვის. საქართველოში კი ამ საკითხებზე აღარავინ მუშაობს. ამიტომ ხშირად იგნორირებულია როგორც სეისმური საშიშროების მიმართ ადეკვატური მიდგომა, ასევე მიწისძვრის პრობლემების შესახებ არასაკმარისი ცოდნით გამოწვული შეცდომები დაპროექტებაში. ყველაფერი ეს კი შეუძლებელს ხდის შეიქმნას სეისმურ ზემოქმედებაზე კონსტრუქციის რეაქციის გაანგარიშების სწორი მოდელი.

რადგანაც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს სამეზობლო პოლიტიკა, მომავალში კი ჩვენი ქვეყნის მიზანია ევროკავშირში შესვლა, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა სეისმომედეგი მშენებლობის საკითხშიც ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროპასთან. ამიტომ უპრიანია ჩვენმა ქვეყანამ სეისმური უსაფრთხოება დაარეგულიროს ევროკოდი-8-ის მიხედვით, მით უმეტეს, რომ სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ყოფილ ინსტიტუტში სეისმომედეგობის საკითხებზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა 2008-2010 წლებში ინგლისურიდან თარგმნა ევროკოდი-8-ის I, III და V ნაწილები და ნაწილობრივ შეავსო “ეროვნული დანართები”.

ევროკოდი 8-I იძლევა სეისმომედეგი დაპროექტებისათვის ძირითად კონცეფციებს, სეისმური ზემოქმედების განსაზღვრას და წესებს სხვადასხვა მასალით აგებული ნაგებობების გაანგარიშებისათვის.

ევროკოდი 8-III, განიხილავს შენობების აღდგენა-გაძლიერების საკითხებს და ის დღესდღეობით პირველი სტანდარტია არსებული შენობების სეისმომედეგობის შეფასებისა და გაძლიერებისთვის და იძლევა შენობების რეკონსტრუქციის მხოლოდ კონსტრუქციულ ასპექტებს, რომელიც სეისმური რისკის შემცირების ერთიანი სტრატეგიის მხოლოდ ერთერთ კომპონენტს წარმოადგენს. იგი შეიძლება გამოყენებული იქნას გარკვეული შენობის შეფასების საჭიროების დადგენის შემდეგ. ევროკოდი 8-III ეხება რკინაბეტონის, ფოლადის და კომპოზიტური მასალის კონსტრუქციების, ასევე ქვის შენობების აღდგენა-გაძლიერების საკითხებს.

ევროკოდი 8-V განიხილავს საძირკვლების და საყრდენი ნაგებობების სეისმომედეგობაზე გაანგარიშებას და გეოტექნიკურ ასპექტებს.

ევროკოდების სტრუქტურა, დაპროექტებისა და მშენებლობის იდეოლოგია და სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც საგრძნობლად განსხვავდება იმისაგან, რაც დაკანონებული იყო ჩვენში ათწლეულების მანძილზე, სასურველია მიეწოდოს ქართულ ტექნიკურ საზოგადოებას, ინჟინერ-მშენებლებს და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ სეისმომედეგი მშენებლობის ევროპული გამოცდილების გაცნობით გაუიოლდეთ ევროკოდების ათვისება.

წინამდებარე ნაშრომი შედგება სამი ნაწილისაგან. I ნაწილში – «სეისმურად აქტიურ რეგიონებში შენობების სეისმომედეგობაზე გაანგარიშება» - აღწერილია მსოფლიოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრები და მათი კატასტროფული შედეგები, მოცემულია საქართველოს ტერიტორიის სეისმური შეფასება და შენობის მრავალდონიან ქცევაზე დაფუძნებული გაანგარიშების არსი, რომელიც პირველად შემუშავდა აშშ-ში. განხილულია ევროკოდი-8-1-ში ნაგებობის ქცევაზე დაფუძნებული სეისმომედეგობაზე გაანგარიშება, რომლის ფილოსოფია იგივეა, რაც აშშ-ში ზოგიერთი მიდგომის გამოკლებით, რომელიც ევროპულ თავისებურებას ითვალისწინებს. ხაზგასმულია მაღლივი შენობების სეისმომედეგობაზე გაანგარიშების სპეციფიკის გათვალისწინების აუცილებლობა. ეს უკანასკნელი ევროკოდი-8-1-ში გამოკვეთილად არ არის მოცემული და დანაკლისი შევსებულია ამერიკული ნორმატული დოკუმენტების საშუალებით.

მე-2 ნაწილი- «სეისმურ რეგიონებში დაზიანებული შენობების აღდგენა-გაძლიერების ზოგიერთი პრინციპი ევროკოდი 8-3--ის მიხედვით» - ეთმობა ევროკოდი-8-ით გათვალისწინებულ გაანგარიშების მეთოდების აღწერას, მათ შორის არაწრფივი სტატიკური (პუსჰოვერ) მეთოდის, რომელიც თავისი სიმარტივისა და იმის გამო, რომ ითვალისწინებს კონსტრუქციის პოსტდენად ქცევას, მსოფლიოში გამორჩეულ მეთოდად იქცა სეისმომედეგი დაპროექტებისათვის და კონსტრუქციების სეისმური ქცევის შესაფასებლად და რომლის გამოყენებასაც ევროკოდი უშვებს. განხილულია რკინბეტონის, ფოლადის, ქვის და ხის შენობების აღდგენა-გაძლიერების ზოგიერთი საკითხი.

მე-3 ნაწილში – «ფერდობები» განხილულია გრუნტის გათხევადების ეფექტით გამოწვეული შენობებისა და ნაგებობების დაზიანების ტიპები, მიწისძვრის შედეგად გრუნტის გათხევადების ეფექტის გავლენა ბუნებრივი და ხელოვნური ფერდობების სტატიკურ და სეისმურ მდგრადობაზე,მოცემულია ფერდობების სტატიკური და სეისმური მდგრადობის განსაზღვრისათვის გამოყენებული საანგარიშო მეთოდები, ევროკოდი 8-1-ის და 8-V-ის მიხედვით მოცემულია სეისმური ზემოქმედების განსაზღვრა. და ბოლოს აღწერილია გრუნტის მატემატიკური მოდელების განვითარება და გამოყენება.

სამივე ნაწილის ბოლოს მოცემულია გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა, რომელიც გაუადვილებს დაინტერესებულ მკითხველს მისთვის საჭირო მასალის მოძიებას.

  1. ნაწილი I - სეისმურ რეგიონებში შენობების სეისმომედეგობაზე გაანგარიშება
  2. ნაწილი II - დაზიანებული შენობების აღდგენა-გაძლიერების ზოგიერთი პრინციპი ევროკოდი-8-ის მიხედვით
  3. ნაწილი III - ფერდობები