Java/პროცედურული პროგრამირება/პირველი პროგრამა

ვიკიწიგნებიდან
Jump to navigation Jump to search

პირველი პროგრამა[რედაქტირება]

პირველი პროგრამა არ იქნება რთული, თუმცა მიუჩვევლობისაგან ის მაინც შეიძლება მეტად გაუგებრად მოგეჩვენოთ. მაგრამ ნუ იდარდებთ! წიგნის მომდევნო თავებში ყოველივე ამას უფრო დეტალურად გავარჩევთ.

იმისათვის რომ დავალება უფრო ადვილი შესასრულებელი იყოს ჩვენ დავყავით ის თანმიმდევრულ ნაბიჯებად. ნუ გადახვალთ შემდეგ ნაბიჯზე, სანამ წინას ბოლომდე არ მორჩებით. ნუ იჩქარებთ! აქ დახარჯული ყოველი წუთი შემდგომში ათმაგად აგინაზღაურდებათ.

ნაბიჯი 1 გახსენით საქაღალდე, სადაც იმუშავებთ. საქაღალდის მდებარეობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. პირადად მე გავიხსენი საქაღალდე მისამართზე /Users/dimitri/Projects/wiki/first_program. მე რომ Windows-ის მომხარებელი ვიყო, საქაღალდეს ალბათ C:\Projects\wiki\first_program მისამართზე შევქმნიდი.

ნაბიჯი 2 შექმნილ საქაღალდეში დაამატეთ ფაილი HelloWorld.java. მიაქციეთ ყურადღება ფაილის გაფართოებას .java. ყველა Java-ზე დაწერილი პროგრამა ამ გაფართოების მქონე ფაილებში უნდა იყოს განთავსებული. ფაილის სახელი ზუსტად ისე უნდა იყოს ჩაწერილი, როგორცაა მოყვანილი. მნიშვნელოვანია იყოს დაცული სიმბოლოების რეგისტრი. არ შეიძლება, მაგალითად, ფაილს დავარქვათ helloworld.java.

ნაბიჯი 3 ფაილში HelloWorld.java ჩაწერეთ შემდეგი ტექსტი:

public class HelloWorld {
    public static void main(String[] args) {
        System.out.println("Hello, World!");
    }
}

სწორედ ესაა Java-ზე დაწერილი პროგრამის საწყისი კოდი. შესაძლოა ეს არ იყოს თქვენთვის ცხადი, მაგრამ ეს პროგრამული კოდი შეიცავს ერთადერთ ბრძანებას, რომელის შესრულებისას ეკრანზე დაინეჭდება მოსალმება "Hello, Wordl!".

რეკომენდირებულია, რომ კოდი თქვენ თვითონ აკრიფოთ ტექსტურ რედაქტორში და არ ისარგებლოთ copy/paste ბრძანებით. ასე უფრო მალე მიეჩვევით კოდის აგებულებას.

ტექსტის აკრეფისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ასოების რეგისტრს. ნუ დაწერთ System-ის ნაცვლად, მაგალიტად system ან SYSTEM-ს. რეგისტრი ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორც მოყვანილია მაგალითში.

ნაბიჯი 4 ახლა თქვენს სამუშაო საქაღალდეში ერთი ფაილია, HelloWorld.java. ესაა მთელი ჩვენი საწყისი კოდი ამ პროექტში. ჩვენ უკვე მზადვართ, რომ დავაკომპილიროთ ის.

გამიოძახეთ თქვენი სისტემის ტერმინალი და შემდეგ გადადით სამუშაო დირექტორიაში (დირექტორია, ეს იგივე საქაღალდეა). ამისათვის გამოიყენეთ ბრძანება cd, რომლის შემდეგ მიუთითეთ დირექტორია, რომელშიც გინდათ გადასვლა. ასე მაგალითად მე ჩემ სისტემაზე ვიყენებ ბრძანებას cd /Users/dimitri/Projects/wiki/first_program.

დაათავალიერეთ სამუშაო დირექტორია. დარწმუნდით, რომ მასში მართლაც ერთადერთი ფაილია. დირექტორიის დასათვალიერებლად გამოიყენეთ ls ბრძანება (dir, თუ Windows-ია).

ნაბიჯი 5 კომპილირებისთვის აკრიფეთ ტერმინალში:

javac HelloWorld.java

javac არის Java-ს კომპილატორი. ჩვენ გამოვიძახეთ ის და გადავეცით იმ ფაილების სია (ამ შემთხვევაში ერთი ფაილია), რომელიც ექვემდებარება კომპილირებას. თუ აქამდე ყველა ნაბიჯი სწორად გაიარეთ, მაშინ ეკრანზე არაფერი ახალი არ დაიწერება. თუკი კომპილატორმა პრობლემა აღმოაჩინა ის ეკრანზე გამოიტანს შეცდომის მოკლე აღწერილობას. თუკი ეს ასე მოხდა კიდევ ერთხელ გადახედეთ, რამდენად სწორად დაიცავით ნაბიჯები 1 - 4.

თუკი კომპილატორმა შეცდომა არ გიჩვენათ, კიდევ ერთხელ გამოიძახეთ დირექტორიის დათვალიერების ბრძანება ls (ან dir). ახლა, გარდა საწყისი ფაილისა, უნდა დაინახოთ კიდევ ერთი ფაილი, სახელად HelloWorld.class. ეს ჩვენი პროგრამის კომპილირებული ვერსიაა. .class გაფართოების მქონე ფაილები არის Java-ს კომპილირებული ფაილები, მათი შესრულება უკვე შეუძლია Java ვირტუალურ მანქანას.

ნაბიჯი 6 მოდით შევასრულოთ პროგრამა!

აკრიფეთ კონსოლზე:

java HelloWorld

თუ ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული, კონსოლზე უნდა გამოვიდეს ტექსტი

Hello, World!

ჩვენ დავწერეთ ჩვენი პირველი პროგრამა. შესაძლოა ის ჯერ ბუნდოვანია თქვენთვის, მაგრამ მიჩვევა დროის ამბავია. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების. თამამად სცადეთ რაიმე შეცვალოთ პროგრამაში, მაგალითად, გამოატანინოთ Hello, Java!.