Java/პროცედურული პროგრამირება/მარტივი პროგრამის შაბლონი
მარტივი პროგრამის შაბლონი
[რედაქტირება]კლასის გამოცხადება
[რედაქტირება]პროგრამა Java-ში იწერება კლასის შიგნით. კლასი წარმოვიდგინოთ როგორც აბსტრაქტული ცნება, რომელსაც აქვს სახელი. ამაზე მეტის ცოდნა კლასების შესახებ ამ ეტაპზე არ დაგვჭირდება.
კლასის სახელი შეგიძლიათ ნებისმიერად შეარჩიოთ, მათ შორის, გამოიყენოთ ქართული ანბანის ასოები. თუმცა არის გარკვეული შეზღუდვებიც. ასე, მაგალითად, არ შეიძლება კლასის სახელში ცარიელი ადგილის სიმბოლოს გამოყენება ან სახელის ციფრით დაწყება. არის კიდევ რიგი სხვა შეზღუდვებისა, რომლებსაც გამოვავლენთ, როდესაც კლასების შესწავლაზე უფრო დეტალურად გადავალთ.
მიღებულია, რომ კლასის სახელები მთავრული ასოთი იწყებოდეს. თუ კლასის სახელი რამოდენიმე სიტყვისაგან შესდგება მაშინ თითოული სიტყვა ისევ მთავრული ასოთი უნდა დაიწყოს.
სწორი კლასის სახელებია MyClass
, Country
, Year2009
და ა.შ.
კლასის არასწორი სახელების მაგალითებია My Class
, 404Page
და ა.შ.
შემდეგი წესი ეხება ფაილის სახელს, რომელშიც კლასის გამოცხადება იწერება. ამ ფაილის სახელი უნდა ემთხვეოდეს კლასის სახელს და ქონდეს .java
გაფართოება. ასე მაგალითად, MyClass
-ის გამოცხადება უნდა მოხდეს ფაილში MyClass.java
.
Java-ში მნიშვნელობა აქვს ასოების რეგისტრს. ეს ეხება როგორც კლასის ასევე შესაბამის ფაილის სახელებს.
კლასის სახელი უნდა შეესაბამებოდეს იმ ფაილის სახელს, რომელშიც ის არის განსაზღვრული. Java მგრძნობიარეა ასოების რეგისტრის მიმართ. |
თუ როგორ უნდა მოხდეს კლასის გამოცხადება ნაჩვენებია შემდეგ მაგალითში.
მაგალითი 1: კლასის გამოცხადება
// ფაილი: MyClass.java
public class MyClass {
// აქ იწერება პროგრამული კოდი
}
მოდით შევეცადოთ ამ მაგალითის დეტალებში გარკვევას.
პირველი ხაზი შეიცავს იმას, რასაც პროგრამისტები კომენტარს ეძახიან.
// ფაილი: MyClass.java
წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით კომნეტარი არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას პროგრამისთვის. კომპილირების დროს კომპილატორი კომენტარს იგნორირებას უკეთებს. მაშინ რა საჭიროა კომენტარი?
საქმე ისაა, რომ როდესაც რეალური პროგრამების წერას დაიწყებთ, გექნებათ ათობით, ასობით და, შესაძლოა, ათასობით კლასიც. თითოული მათგანი გარკვეულ ფუნქციას შეასრულებს თქვენს პროგრამაში. კოდის მთელი ფუნქციონალობის დამახსოვრება ერთი ადამიანის მეხსიერებაში შეუძლებელია. კომნეტარი საჭიროა საწყისი კოდის ფუნქციონალობის განმარტებისთვის. კარგად კომენტირებული კოდი ადვილი წასაკითხია და მასში ცვლილების შეტანაც გაცილებით იოლია.
კომენტარების წერის პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის წერეთ კომენტარი სადაც მეტი სიცხადეა აუცილებელი.
კომენტარის დასაწერად გამოიყენეთ ორი დახრილი ხაზი. მაგალითი 1 შეიცავს ორ კომენტარს,
// ფაილი: MyClass.java
და
// აქ იწერება პროგრამული კოდი
ასეთი ტიპის კომენტარები მოქმედია ხაზის ბოლომდე.
Java-ში არსებობს სხვა სახის კომენტარები, რომლებიც უფრო მოსახერხებელია რთული დოკუმენტირებისთვის. თუმცა ამაზე მოგვნიანებით. ახლა კი, მოდით, შევეცადოთ ჩვენს პროგრამას ისე შევხედოთ, როგორც მას კომპილატორი ხედავს. ამისათვის წავშალოთ მაგალითი 1-ში ორივე კომენტარი. შედეგი შემდეგ მაგალითშია ნაჩვენები.
მაგალითი 2: კლასის გამოცხადება კომპილატორის თვალთახედვით
public class MyClass {
}
ამ მაგალითში, public
და class
არის Java-ს საკვანძო სიტყვები, რომელთა შინაარსს გავარკვევთ მოგვიანებით.
MyClass
არის ჩვენი კლასის სახელი. ის სწორედ ამ ადგილას უნდა დაიწეროს, public class
ფრაზის შემდეგ. თუ თქვენი კლასის სახელია Animal
, მაშინ შესაბამისი კლასი გამოცხადებული იქნება public class Animal {}
.
მიაქციეთ ყურადღება ფიგურულ ფრჩხილებს. ისინი მონიშნავენ ადგილს სადაც იწერება პროგრამის ძირითადი შინაარსი. არ შეიძლება პროგრამის ამ ფრჩხილების გარეთ წერა. ასეთი ტიპის ფრჩხილები კიდევ ბევრჯერ შეგვხდება. მათი შინაარსი ყოველთვის ერთნაირი იქნება: შესაბამისი ბლოკის საზღვრის მონიშვნა. კლასის შემთხვევაში ამ ბლოკს ეწოდება კლასის ტანი.
main ფუნქცია
[რედაქტირება]მოდით კიდევ ცოტათი წინ წავიწიოთ და ჩავწეროთ უმარტივესი კოდი კლასის ტანში.
მაგალითი 3: main
ფუნქციის გამოცხადება
// უმარტივესი პროგრამის შაბლონი.
public class MyClass {
public static void main(String[] args) {
// აქ იწერება უმარტივესი პროგრამის კოდი
}
}
ის რაც ჩვენ დავამატეთ კლასის ტანის შიგნით ცნობილია main
, ანუ მთავარი ფუნქციის სახელით. ჩვენ არ დავიწყებთ ახლა გამოძიებას, თუ რატომ უნდა ჩაიწეროს main
ფუნქცია სწორედ ასეთი სახით. ამ საკითხს უფრო მოგვიანებით წიგნის სხვა-და-სხვა ნაწილში მიუბრუნდებით.
ისევე როგორც კლასის გამოცხადების შემთხვევაში, main
ფუნქციასაც გააჩნია ტანი, რომლიც წარმოადგენს ფუგურული ფრჩხილებით{}
შემოსაზღვრულ ბლოკს.
main
ფუნქციას გამოარჩევს ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება. საქმე ისაა, რომ main
ფუნცია წარმოადგენს პროგრამაში შესვლის წერტილს, ანუ ადგილს, საიდანაც პროგრამა იწყებს შესრულებას.
ამიტომ ყველა პროგრამას, თავის მხრივ, უნდა ჰქონდეს განსაზღვრული main
ფუნქცია. მაგალითი 3 წარმოადგენს Java პროგრამის უმარტივეს შაბლონს.
main ფუნქცია წარმოადგენს პროგრამის შესვლის წერტილს. ნებისმიერი Java პროგრამის შესრულება ამ ფუნქციის გამოძახებით იწყება. |