შინაარსზე გადასვლა

ძველი რომის ისტორია/ადრეული იმპერიის კულტურა და ყოფაცოვრება

ვიკიწიგნებიდან

ლიტერატურა

[რედაქტირება]

ლიტერატურის ვერცხლის ხანა

[რედაქტირება]

ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნე რომაულ ლიტერატურასი ვერცხლის ხანადაა ცნობილი. ლიტერატურამ შეწყვიტა აქტიური განვითარება და საცაა დაღმავლობის გზას დაადგება, მიუხედავად იმისა რომ ამ საუკუნეში ძალიან ბევრი მწერალი და პოეტი მოღვაწეობდა. პირობითად ვერცხლის ხანად აღინიშნება პერიოდი ტიბერიუსის მმართველობიდან ტრაიანეს გარდაცვალებამდე.

წინა ეპოქისგან განსხვავებით ამ პერიოდში შეიბოწა სიტყვის თავისუფლება, რაც უარყოფითად აისახა ლიტერატურაზე, მიუხედავად იმისა რომ იმპერატორები ნერონი და დომიციანე ყველანაერად ხელს უწყობდნენ მწერლობას, ლიტერატურამ დაკარგა უწინდებური მაშტაბურობა.

რიტორიკა

[რედაქტირება]

სტყვის თავისუფლების მოსპობისა და საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების შებოჭვის შედეგად ორატორულმა ხელოვნებამ დაკარგა თავისი უწინდებური მნიშვნელობა. რომის იმპერიის ეპოქაში მას რიტორიკა ჩაენაცვლა, რომელიც მხოლოდ სასამართლოებში გამოიყენებოდა. რიტორიკას არ გააჩნდა მნიშვნელოვანი შინაარსობრივი დატვირთვა, მთავარი აქცენტი კეთდებოდა გარეგნულ ეფექტზე.

ახალი დროის პოეტები ბაძავდნენ ვერგილიუსს. ისინი მხოლოდ აკომპილირებდნენ ეპიკურ პოეზიას და რიტორიკულ დეკლამაციას. ნერონის დროს განსაკუთრებით ბევრნი იყვნენ ეპიკური ჟანრის მიმდევრები: ლუკანი, ვალერიუს ფლაკუსი, სილიუს იტალიკუსი, სტაციუსი. პოეზიის გარდა დეკლამაციამ შეაღწია ტრაგედიასიც, რომელსაც შემატა პათოსი.

I საუკუნის მიწურულს მოღვაწეობდა კიდევ ერთი სატირიკოსი მარკუს ვალერიუს მარციალუსი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი ეპიგრამებით.

სენეკას სტილი

[რედაქტირება]
სენეკა

დეკლამაციური ტრაგედიის წარმომადგენელი იყო ლუციუს ანეუს სენეკაც, რომლის ტრაგედიებმაც მოაღწია ჩვენამდე. ტრაგედიების გარდა იგი წერდა ფილოსოფიურ და პოეტურ ნაწარმოებებს. სენეკას დროს არისტოკრატია სრულიად ემორჩილებოდა იმპერატორს და ოპოზიციური აზრი სასტიკად ისჯებოდა, ამიტომ ლიტერატურა არ ისახავდა მიზნად აშკარად გამოეხატა ხალხის დამოკიდებულება არსებული სიტუაციისადმი, არამედ ზოგადად ეთიკურ საკითხებზე იყო მიმართული. შეიქმნა ახალი რიტორიკურ დეკლამაციური სტილი, რომელმაც შეცვალა ძველი ციცერონისეული სტილი.

სენეკას ლიტერატურული მემკვიდრეობა შედგება ფილოსოფიური და პოეტური ნაწაროებებისგან. ფილოსოფიურებს მიეკუთვნება: 1. ეპისტოლეები 2. ტრაქტატები დიალოგები ეთიკაზე ("სიბრაზეზე", "სიცოცხლის ხანმოკლეობაზე", "სიკეთეზე", "ბრძენის სიმტკიცეზე", "ბედნიერ ცხოვრებაზე", "თავისუფალ დროზე", "სულიერ სიმშვიდეზე" და ა.შ.). პოეტურ ნაწარმოებებს კი მიეკუთხვნება სატირიკონი მოკლულ იმპერატორ კლავდიუსზე და 10 ტრაგედია: "გაგიჟებული ჰერკულესი", "ტროელი ქალები", "ფინიკიელი ქალები", "მედეა", "ფედრა", "ოიდიპოსი", "აგამემნონი", "ტიესტი", "ჰერკულესი ეტაზე" და "ოქტავია".

ნერონის პერიოდის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატირიკოსი არის გაიუს პეტრონიუსი. მის შესახებ არანაირი ზუსტი ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. მას მიაწერენ ცნობილ ნაწარმოებს "სატირიკონს" (სატირის წიგნები). სამწუხაროდ ამ ნაწარმოებმა ჩვენამდე მხოლოდ ნაწყვეტებად მოარწია. სატირიკონი დაწერილია პროზით, მაგრამ მასში უხვადაა ჩართული ლექსები. სატირიკონში ნაჩვენებია იმ დროინდელი რომაული ყველა სოციალური ფენის ყოფა ცხოვრება. პერტონიუსის გმირები ასახავენ იმ დროინდელი ხალხის განწყობას, მათ არ აქვთ არაფრის რწმენა და პატივისცემა არ აქვთ ცხოვრების მიზანი და მხოლოდ ერთი დღით ცხოვრობენ.

დომიციანეს სიკვდილის შემდეგ სიტყვის თავისუფლება იმდენად აღარ იბოჭებოდა, რამაც მწერლებს მეტი თავისუფლება მისცა. ამ პერიოდში მოღვაწეობდა დეციმუს იუნიუს იუვენალისი. თავის სატირებში იგი ამხელსს უმეტესად დომიციანეს და ნერონის დროის მმაღალგვაროვანი საზოგადოების უზნეობებს, თუმცა ამაში ამოიცნობიან მისთვის თანამედროვე მოხელეებიც.

I საუკუნის მიწურულის პროზის ერთერთი საინტერესო წარმომადგენელია პლინიუს უმცროსი. მან შეადგინა წერილების კრებული და 9 წიგნად გამოსცა, ხოლო მისი კრებულის მეათე წიგნი სავარაუდოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა, აქ არის მისი მიმოწერა იმპერატორ ტრაიანესთან. პლინიუსის წერილები მნიშვნელოვაია არა მხოლოდ როგორც ლიტერატურული ნაწარმოები, არამედ როგორც იმ დროინდელი ყოფაცხოვრების შესასწავლი მასალა. პლინიუსის წერილები უამრავ სხვადასხვა თემებს ეხება, ორატორობას, რიტორიკას, სასამართლო პროცესებს, მემკვიდრეობას, სიზმრებისაგმი დამოკიდებულებას, ოჯახურ ურთიერთობებს და ა.შ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს მისი წერილები ვულკან ვეზუვის ამოფრქვევაზე.

ამავე ეპოქის პროზის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი. მას ბევრი მკვლევარი ისტორიკოსობას მიაწერს, რადგან დღემდე სრულად მისმა მხოლოდ ერთმა ნაშრომმა "12 კეისარის ცხოვრებამ" მოაღწია. სვეტონიუსი, ისევე როგორც პლინიუსი არ იყო მხატვრული ლიტერატურის წარმომადგენელი, მისთვის უფრო ზუსტი განსაზღვრება იქნება ენციკლოპედისტი. 12 კეისარის გარდა მან დაწერა ცნობილი ხალხის, ცნობილი გრამატიკოსების, რიტორიკოსების, გეტერების და მეფეების ბიოგრაფია. მას ეკუთვნის წიგნების სერია რომაულ ყოფაცხოვრებაზე, ლათინურ გრამატიკაზე და ბერძნულ სალანძღავ სიტყვებზე და სხვა. სამწუხაროდ ამ ყველაფერმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

პლინიუს უფროსი

ფილოსოფია

[რედაქტირება]

სენეკას და ფილოსოფიური სკოლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავდებოდა I საუკუნის საბუნებისმეტყველო ფილოოფოსი პლინიუს უფროსი. იგი იყო თავისი დროის ერთერთი ყველაზე განათლებული ადამიანი და მოახდინა იმდროინდელი მეცნიერული ცოდნის აკუმულირება ენციკლოპედიასი "ბუნების ისტორიაში", რომელმაც თავისი მეცნიერუ ღირებულება არ დაკარგა XVII საუკუნემდე. ეს ნაშრომი ერთადერთი და უნიკალურია კაცობრიობის ისტორიაში და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიკოსებისთვის, რადგან მასში მოცემული ცნობების ნაწილი სხვაგან არსად არ შემორჩა და გვაძლევს იმ დროინდელ მეცნიერულ აზროვნებაზე სრულ წარმოდგენას. ამ გრანდიოზული ნაშრომის გარდა მას ეკუთვნის სხვადასხვა შრომები ძირითადად სამხედრო საქმეზე.

ტაციტუსი

ისტორიოგრაფია

[რედაქტირება]

იმპერიის ისტორიოგრაფიაში ჩაისახა ახალი სტილი, რაც რესპუბლიკის დროს არ არსებობდა. ერთპიროვნული მმართველობის და სიტყვის თავისუფლების შებოჭვამ გამოიწვია ისტორიკოსების ორ მიმდინარეობად გაყოფა. ნაწილი შიშით ცდილობდა მხოლოდ კარგი დაეწერათ იმპერატორებზე, ნაწილი კი, ვინც ოპოზიციაში იყო, მხოლოდ ცუდს წერდნენ, ამან გამოიწვია მოვლენების ცალსახა და ძალიან მიკერძოვებული ასახვა. დაიწყო ისტორიკოსეის დევნა. ტიბერიუსის დროს დასაჯეს ისტორიკოსი კრემუტიუს კორდუსი, დომიციანეს დროს არუდენუს რუსტიკუსი და გერენიუს სერეციონუსი. ნერვას და ტრაიანეს მმართველობის პერიოდში ამ სიტუაციას დაუპირისპირდა პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი, I საუკუნის მიწურულის ისტორიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

მას ეკუთვნის თავისი სიმამრის იულიუს აგრიკოლას ბიოგრაფია, სადაც იგი აღწერს მის გმირობებს ბრიტანეთში და აქებს მის ცხოვრების წესს, დომიციანესს სისხლიან მმართველობას აღწერს და განიცდის აგრიკოლას ადრეულ გარდაცვალებაზე.

ტაციტუსის "გერმანია" კი იმ დროინდელი გერმანული ტომების ყოფაზე ფასდაუდებელი წყაროა. თავის "ისტორიაში" კი ტაციტუსი აღწერს რომის ისტორიის იმ პერიოდს რომლის შესახებაც კარგად იცის, ნერონიდან დომიციანემდე, ხოლო "ანალებში" კი უფრო ადრინდელ პერიოდს, იულიუს-კლავდიუსების დინასტიის ისტორიას. ტაციტუსი შესავალში ამბობს რომ იგი ეცდება იყოს სრულიად ობიექტური, მაგრამ თანამედროვე მკვლევარები ბრალს დებენ რომ ობიექტურობისგან ტაციტუსი ძალიან შორს იყო, მაგრამ ამაში არ შეიძლება მისი დადანაშაულება, ობიექტურად წერა იმ მოვლენებზე რისი თვითმხილველიც იყო ადამიანი, ან რაც მის დაბადებამდე არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა შეუძლებელია.

ლიტერატურული თვალსაზრისით კი ტაციტუსის ნაწარმოებები ძალიან ძლიერია, იგი მისდევს ლივიუსის ტრადიციას და ცდილობს თავისი ისტორიული ნაშრომები ლიტერატურული თვალსაზრისითაც საინტერესო წასაკითხი იყოს. სამწუხაროდ ტაციუსის ნაწარმოებებმაც ვერ მოაღწია სრულად ჩვენამდე.