შინაარსზე გადასვლა

უილიამ შექსპირი/უილიამ შექსპირის სონეტა 4

ვიკიწიგნებიდან
სონეტა 4
უილიამ შექსპირის
ჩემო მფლანგველო, რა მძარცველი გული გქონია,

რად გადაწყვიტე სილამაზის გაჩანაგება?!
მშვენიერება საკუთრება რატომ გგონია?
მშვენიერება მხოლოდ სესხად მოგცა განგებამ.

ლამაზო ძუნწო, საგანძური რატომ გაფანტე,
რაც მომავლისთვის საანდერძოდ გიძღვნა ბუნებამ!
ჩემო მევახშევ, სხვის ქონებას რატომ აბანდებ,
როცა სარგებელს არ იძლევა განძის ბრუნება!

თავადვე გწამდეს უსარგებლო ვაჭრობის შხამი,
საკუთარ თავის გასაძარცვად მართავ ბაზრობას,
მაგრამ დადგება საბოლოო განკითხვის ჟამი
და, ნეტავ, რითი გაამართლებ მაგ უაზრობას.

უმოდგმოდ ქრება სილამაზე, ვით მოჩვენება,
მომავლის შემქმნელს ჭირისუფლად რჩება მშვენება.