შინაარსზე გადასვლა

სახალისო ფიზიკა/შესავალი

ვიკიწიგნებიდან

ამ წიგნში ავტორი იმდენად კი არ ცდილობს, რომ მკითხველს მისცეს ახალი ცოდნა, რამდენადაც — დაეხმაროს მას "გაიგოს ის, რაც იცის", ე.ი. გაუღრმაოს და გაუცხოველოს ფიზიკიდან ის ძირითადი ცნებები, რომლებიც მას უკვე აქვს, შეასწავლოს მათი შეგნებულად მოხმარება და მრავალმხრივი გამოყენება. ამ მიზნის მისაღწევად წიგნში თავმოყრილია ნაირ-ნაირი თავსატეხები, მახვილგონიერი კითხვები, სახალისო ამბები, თავშესაქცევი ამოცანები, პარადოქსები და მოულოდნელი დაპირისპირებანი ფიზიკიდან, ყოველი ის, რაც ყოველდღიურ მოვლენებს ეხება, ანდა ამოკრეფილია საყოველთაოდ ცნობილ მეცნიერულ-ფანტასტიკური ბელეტრისტიკიდან.

ამ უკანასკნელით ავტორი განსაკუთრებით ფართოდ სარგებლობდა, რადგანაც მას კრებულის მიზნებისათვის ყველაზე უფრო შესაფერის მასალად თვლიდა: აქ მოყვანილია ნაწყვეტები ჟიულ ვერნის, უელსის, მარკ ტვენის და სხვათა რომანებიდან მოთხრობებიდან. აქ აღწერილი ფანტასტიკური ცდები, გარდა იმისა, რომ თავისთავად მიმზიდველნი არიან, დიდმნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, როგორც ილუსტრაცია, გამოყენებული სწავლების დროს.

წიგნის შემდგენელი, რამდენადაც კი შეეძლო, ცდილობდა მიეცა თხრობისათვის გარეგნულად საინტერესო ფორმა და საგნისათვის მეტი ხალისიანობა. იგი ხელმძღვანელობდა იმ ფსიქოლოგიური აქსიომით, რომ საგნისადმი ინტერესი ამახვილებს გულისყურს, უადვილებს გაგებას და მაშასადამე, ხელს უწყობს უფრო შეგნებულად და მტკიცედ შეთვისებას.

ამგვარ კრებულთათვის საერთოდ მიღებულ ჩვეულების წინააღმდეგ, სახალისო ფიზიკაში ძალიან ცოტა ადგილი აქვს დათმობილი თავშესაქცევი ეფექტური ფიზიკური ცდების აღწერას. ამ წიგნს სულ სხვა დანიშნულება აქვს, ვიდრე იმ კრებულებს, რომლებიც ექსპერიმენტირებისათვის იძლევიან მასალას.

"სახალისო ფიზიკის" მთავარი მიზანია აუმოქმედოს მკითხველს მეცნიერული წარმოსახვა, მიაჩვიოს იგი ფიზიკური მეცნიერების შესაფერისად აზროვნებას და შეჰქმნას მის მეხსიერებაში ფიზიკურ ცოდნათა მრავალი ასოციაცია ცხოვრების სხვადასხვაგვარ მოვლენებთან, ყველაფერ იმასთან, რასთანაც კი მას ჩვეულებრივ რაიმე დამოკიდებულება აქვს.

მოგვყავს ზოგიერთი ბიბლიოგრაფიული ცნობები იმ ინტერესის გამო, რომელსაც იჩენს მკითხველი ამ წიგნის ისტორიისადმი.

"სახალისო ფიზიკა" "დაიბადა" მეოთხედი საუკუნის წინ და იყო პირმშო მისი ავტორის იმ მრავალრიცხოვან წიგნთა ოჯახისა, რომელიც ითვლის რამდენიმე ათეულ წევრს.

ამჟამად ორტომიან „სახალისო ფიზიკის" რუსულ ენაზე დაბეჭდილ ეგზემპლიართა საერთო რიცხვი უახლოვდება 200,000. ვინაიდან ტირაჟის მეტი ნაწილი მოთავსებულია ბიბლიოთეკებში და თითოეული ეგზემპლიარი ათეულების ხელში გადადის, წიგნის მკითხველი, ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ მილიონობით.

„სახალისო ფიზიკას" წილად ხვდა ბედნიერება — როგორც ამას მოწმობენ მკითხველები — შეეღწია კავშირის თვით მეტად მიყრუებულ ადგილებშიც კი.

1925 წელს გამოცემულია „სახალისო ფიზიკის" თარგმანი უკრაინულ ენაზე, 1931 წელში — გერმანულსა და ახალებრაულ ენებზე; წიგნის შემოკლებული თარგმანი გერმანულ ენაზე გამოვიდა გერმანიაშიც. ამონაკრებები წიგნიდან იბეჭდებოდა ფრანგულ ენაზე (შვეცარიასა და ბელგიაში),აგრეთვე ძველ ებრაულ ენაზე (პალესტინაში).

წიგნის მნიშვნელოვანი გავრცელება მოწმობს ფართო წრეების ცოცხალ ინტერესს ფიზიკურ ცოდნისადმი, რაც ავტორს წიგნის მასალის ხარისხისათვის სერიოზულ პასუხისმგებლობას აკისრებს „სახალისო ფიზიკის" განმეორებით გამოცემებში. ამ პასუხისმგებლობის შეგნების შედეგია მრავალრიცხოვანი შესწორებანი და დამატებანი. წიგნი, შეიძლება ითქვას, იწერებოდა მისი არსებობის მთელი 25 წლის განმავლობაში. ბოლო გამოცემაში პირვანდელი ტექსტიდან შენარჩუნებულია მხოლოდ ნახევარი, ილუსტრაციებიდან კი--თითქმის არც ერთი.

ზოგიერთი მკითხველისაგან ავტორს მოდის თხოვნები თავი შეიკავოს ტექსტის გადამუშავებაზე, რათა იძულებული არ გახადოს მკითხველი „ათეული ახალი გვერდისათვის შეიძინოს ყოველი განმეორებითი გამოცემა". არა მგონია, რომ ასეთმა მოსაზრებამ გაანთავისუფლოს ავტორი აუმჯობესოს თავისი შრომა.

"სახალისო ფიზიკა" მხატვრული ნაწარმოები არ არის, იგი მეცნიერული ნაწარმოებია, თუმც პოპულარული. მისი საგანი -- ფიზიკა -- განუწყვეტლივ მდიდრდება ახალი მასალით, თავის ძირითად საფუძვლებშიაც კი, რაც წიგნის ტექსტში პერიოდულად უნდა შედიოდეს.

მეორე მხრივ, ხშირად გაისმის საყვედური იმის შესახებ, რომ "სახალისო ფიზიკაში" არ არის გამოყოფილი ისეთი თემები, როგორიცაა: რადიოტექნიკის უახლოესი მიღწევანი, ატომგულის დაშლა, თანამედროვე ფიზიკური თეორიები და ა.შ. ასეთი საყვედური გაუგებრობის ნაყოფია. "სახალისო ფიზიკას" აქვს გარკვეული მიზანდასახულობა, ზემოაღნიშნული საკითხების გაშუქება კი სხვა თხუზულებების ამოცანაა.

ი. პერელმანი