შინაარსზე გადასვლა

ნაგებობების სეისმომედეგობაზე გაანგარიშებისას გრუნტის გათხევადების ეფექტის გათვალისწინება/4

ვიკიწიგნებიდან

4.გათხევადების განსაზღვრის ემპირიული მეთოდი

[რედაქტირება]

პროფესორი H.Bolton Seed-ის ზემოთ აღწერილი “გამარტივებული პროცედურა” შემდგომ დაზუსტდა და მოდიფიცირდა.

კრიტიკული ციკლური ძაბვის კოეფიციენტი, რომელიც საჭიროა 100%-ანი ფოროვანი დაწნევის კოეფიციენტის განსაზღვრისათვის, შეიძლება გამოითვალოს ან ლაბორატორიული ციკლური გამოცდების შედეგად ან კორელაციით სტანდარტული პენეტრაციის მაჩვენებლის SPT(N1)60-ს მიხედვით. ემპირიული მეთოდი გამოიყენება საველე პირობებში გათხევადების ეფექტის დასახასიათებლად, რაც გამოწვეულია ბუნებრივი მიწისძვრებით ან აფეთქებებით. ეს მეთოდი ემყარება მთელ მსოფლიოში ადრე მომხდარი მიწისძვრების შედეგად ქვიშის დანალექის გათხევადების მდგომარეობის შესწავლას და ლოკალურ ტერიტორიაზე იყენებს SPT(N1)60 გრაფიკს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ემპირიული გრაფიკი, რომელიც იძლევა განსხვავებას ფუძის გათხევადების შესაძლებლობასა და არშესაძლებლობას შორის. მის მახასიათებლად ითვლება სტანდარტული პენეტრაციის მედეგობის კრიტიკული სიდიდე, Nკრიტ. რომელიც განსაზღვრულია როგორც SPT სიდიდე გარკვეულ სიღრმეზე, რომელიც არ იცვლება მიწისძვრამდე და მის შემდეგ. SPT პროცედურის ღირებულება მის სიმარტივეშია და იგი განიხილება უმეტესი ინჟინრების მიერ როგორც საუკეთესო მეთოდი გათხევადებისადმი მედეგობის განსაზღვრისათვის.

ნახ. 4,ა -ზე მოცემულია სტანდარტული პენეტრაციის მაჩვენებლის მრუდები, რომელებიც იძლევიან ემპირიულ დამოკიდებულებას ქვიშის შესაძლო გათხევადებასა და SPT დარტყმების რიცხვს შორის ქვიშის სიწმინდის მიხედვით 7,5 მაგნიტუდისათვის. აბსცისაზე არის SPT დარტყმების რიცხვი შესწორებული ეფექტური ზედაპირული დაწნევით 1ტ/30სმ2-ზე უროსათვის 60%-ანი თავისუფალი ვარდნის ენერგიისათვის ანუ ფუძის სიმტკიცე. ციკლური ძაბვის კოეფიციენტი, τav/σ’0, რომელიც საჭიროა 100%-ანი ფოროვანი დაწნევის კოეფიციენტისათვის, ანუ გრუნტის მოძრაობის ინტენსიურობა, მოცემულია ორდინატაზე. τav არის ექვივალენტური მუდმივა ციკლური განივი ძაბვისა, რომელიც ჩნდება მიწისძვრის დროს. σ’0 არის ვერტიკალური ეფექტური ძაბვა. ამიტომ საჭიროა ჯერ განისაზღვროს ციკლური ძაბვის კოეფიციენტი გრუნტის რომელიმე სიღრმეზე ისეთ გრუნტებში, რომელიც შეიძლება გათხევადდეს და შემდეგ ძვრის ძაბვა, გამოწვეული მიწისძვრისაგან, უნდა შედარდეს გათხევადების გამომწვევ ძვრის ძაბვასთან.

ნახ.4,ბ-ზე მოცემულია სტანდარტული პენეტრაციის მაჩვენებლის მრუდები სხვადასხვა მაგნიტუდისათვის, რომელიც მიღებულია ნახ.4,ა-ზე მოცემული სტანდარტული პენეტრაციის მაჩვენებლის მრუდის კორელაციით. ციკლური ძაბვის კოეფიციენტი სხვა მაგნიტუდისათვის შეიძლება მიღებული იქნას 7,5 მაგნიტუდის მრუდის რეგულირებით 1 ცხრილში მოცემული სიდიდეების გამოყენებით

ცხრილი 1
მიწისძვრის მაგნიტუდა 0,65Jmax-სთვის საჭირო ციკლების რაოდენობა მარეგულირებელი ფაქტორი
8,5 26 0,89
7,5 15 1,0
6,75 10 1,13
6,0 5 1,32
5,25 2-3 1,5


ნახ.4.დამოკიდებულება გათხევადების ეფექტის გამომწვევ ციკლური ძაბვის კოეფიციენტსა და SPT(N1)60-ის მნიშვნელობას შორის ა)M=7,5 და ბ) სხვადასხვა მაგნიტუდისათვის

ნახ.4-ზე მოცემული SPT(N1)60-ის მრუდები შეიძლება განხილული იქნას როგორც კრიტიკული მდგომარეობა მოცემული ადგილმდებარეობისათვის. მაგნიტუდად გამოყენებული უნდა იქნას Mw მაგნიტუდა, რომელიც მიღებულია სეისმური მომენტიდან ან ენერგიიდან, რადგანაც ითვლება, რომ ეს მაგნიტუდა უკეთესად აფასებს მიწისძვრის გამოვლინების ენერგიას. თუ Mw>6,5-ზე, ეს მიუთითებს გათხევადების საშიშროების ზრდაზე და თუ Mw<5-ზე, გათხევადების ეფექტის გამოვლინება მოსალოდნელი არ არის.

1996 წელს ამერიკაში ჩატარებულ სემინარზე მიღებული იქნა რეკომენდაციები ე.წ. ”გათხევადების მრუდების” მოდიფიცირებაზე – კოორდინატთა სათავის მაგივრად SPT მრუდების შეწყვეტა მოხდა ციკლური ძაბვის კოეფიციენტის 0.05-ის მნიშვნელობაზე (ნახ.5)

ნახ.5. სემინარზე შემოთავაზებული მრუდები SPT მონაცემებიდან CRR-ის გამოსათვლელად (CRR -Cyclic Resistance Ratio - ციკლური ძვრის სიმტკიცის შეფარდება ზედა ფენების ეფექტურ ძაბვასთან)