შინაარსზე გადასვლა

მექანიკა/შესავალი

ვიკიწიგნებიდან

შესავალი

[რედაქტირება]

თქვენ ყოველდღიურად აკვირდებით გამთენიისას მზის ამოსვლას. საღამოს კი მის ჩასვლას და მთვარის გამოჩენას. იმასაც აქცევთ ყურადღებას, რომ მზის ამოსვლა და მისი ჩასვლა წელიწადის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა დროს ხდება. ჩვენ ადამიანები, მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე დროის ხანგღძლივობას დღეს ვუწოდებთ. ხოლო ღამე ის დროა როცა მთვარე გვინათებს ცას.

ზღვის პირას გასულებს ალბათ მრავალჯერ გიკითხავთ თუ რატომ არსებობს ტალღები? რატომ არის, რომ ზოგჯერ ზღვა მშვიდია, ზოგჯერ კი მძვინვარე და აბობოქრებული? ზღვის პირას მდგომი იმასაც მიაქცევთ ყურადღებას , რომ აქვეა ლურჯი ცა, მზე, სითბო, სინათლე, ქარისა და ტალღების ხმაური, ქვიშა, თევზები, თქვენ და ამ ყველაფრის განცდის შედეგად წარმოშობილი ბედნიერების შეგრძნება.

გარე სამყარო, რომელშიდაც ჩვენ ვცხოვრობთ ძალზედ რთული და მრავალფეროვანია. და მიუხედავად მისი ასეთი სირთულისა, ჩვენი ცნობისმოყვარეობა მაინც ცდილობს დასვას კითხვები და შემდეგ ეძიოს ამ კითხვებზე პასუხი.

კითხვები ასეთი სახისა: განსხვავდება ზღვის სანაპიროზე არსებული ქვიშა იმ ქვისაგან, რომელიც გზის პირას გდია? ეგებ მთვარეც დიდი ქვაა? რის გამო წარმოიშვება ზღვაში ტალღები? ანკი რა არის ქარი?

თქვენ დაკვირვებიხართ, რომ გარე სამყაროში ყველაფერი მოძრაობაშია. თქვენ ტროტუარზე მოსეირნე აკვირდებით ქუჩაში მოძრავ ავტომობილს. ქარის დროს ხის ტოტები მოძრაობენ, მთის მდინარეში აბობოქრებული წყლის ნაკადი თავქუდმოგლეჯილი მიისწრაფის ზღვისა თუ ოკეანისკენ, ღამის განმავლობაში მთვარე მოძრაობს ცის კაბადონზე და ა.შ. რა არის საერთო თქვენს მიერ დაკვირვებულ მოძრაობას შორის? ან ეგებ არის საერთო ყველა იმ ხმაურსა თუ მუსიკას შორის, ეს იქნება გემის გუგუნი თუ სასიამოვნო სიმფონია , რომელსაც ვისმენთ?

თუ იქნებით ოდნავ დაკვირვებული ჩვენს ირგვლივ სხვადასხვა სახის მოძრაობას აღმოაჩენთ. მოძრავი ველოსიპედის ბორბალი მისი ღერძის ირგვლივ წრიულად ბრუნავს. მაგრამ გარდა ამისა თქვენ ხედავთ, რომ ველოსიპედი და შესაბამისად მისი ბორბალი გადაადგილდება გზაზე. ამ მარტივი დაკვირვებით აღმოვაჩენთ, რომ გზაზე მოძრავი ველოსიპედის ბორბალი ორ მოძრაობას ასრულებს. იგი ბრუნავს მისივე ღერძის გარშემო, ასეთ მოძრაობას წრიულ მოძრაობას ვუწოდებთ, და ამავე დროს ბორბალი მთლიანად მოძრაობს გზის გასწვრივ.


სიჩქარე

[რედაქტირება]

სპორტული ავტომობილებით ავტორბოლაში გამარჯვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ის თუ რამდენად სწრაფად მოძრაობს იგი. ჩვენ ვამბობთ, რომ თანამედროვე ავიალაინერის, მაგალითად, BOEING 767-ის სიჩქარე 850 კმ/სთ.

შევეცადოთ გავარკვიოთ რა არის სიჩქარე.

პოლიციელმა გზატკეცილზე გააჩერა ავტომობილი და მის მძღოლს, რომელიც ქალბატონი აღმოჩნდა აუხსნა მისი გაჩერების მიზეზი. ქალბატონო, თქვენ 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდით. გზის ამ უბანზე კი ასეთი სიჩქარით მოძრაობა აკრძალულია, მიუგო პოლიციელმა. ქალბატონს გაიღიმა და უპასუხა: კი მაგრამ მე ხომ სულ რაღაც 7 წუთია რაც ვმოძრაობ და არც 90 კილომეტრი არ გამივლია. დიახ, თქვენ შეიძლება მხოლოდ 7 წუთია რაც მოძრაობთ, მაგრამ ასეთი სიჩქარით, რომ გაგეგრძელებიათ მოძრაობა მაშინ ერთი საათის განმავლობაში 90 კილომეტრს გაივლიდით, მიუგო პოლიციელმა.

სიჩქარე მოძრაობის მახასიათებელია.