შინაარსზე გადასვლა

კულინარული წიგნი:საცივი

ვიკიწიგნებიდან
საცივი
კატეგორია ქართული კერძები
პორცია 6
სირთულე საშუალო

საჭირო მასალა:

  • ქათამი ან ინდაური - 1 ცალი
  • ნიგოზი - 500 გრამი
  • ხახვი - 5 თავი
  • მიხაკი - 4 ცალი
  • დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი
  • ქინძი - გემოვნებით
  • ნიორი - 4 კბილი
  • წიწაკა - გემოვნებით
  • ზაფრანა - 2 ჩაის კოვზი
  • ძმარი - 1 სუფრის კოვზი
  • მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად ვხარშოთ. მერე ამოვიღოთ წვენიდან, თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ რომ არ დაიწვას. როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს, ჩავასხათ ბულიონში. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ.

ყვითელი ყვავილი ზაფრანა კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავანაყოთ ნიორი, ავერიოთ ნიგოზში და ხელით ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები, წიწაკა.

ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.

ორი კვერცხის გული გავხსნათ ერთ სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩავასხათ და თან სულ ვურიოთ, არ აგვეჭრას. ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური ან ქათამი და წამოდურებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. როცა მაზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი. (უნდა გამოგიტყდეთ რომ "საცივზე" გემრიელი ამ ქვეყნად არაფერი მეგულება).