შინაარსზე გადასვლა

კულინარული წიგნი:ნიგვზიანი ბადრიჯანი

ვიკიწიგნებიდან

საჭირო მასალა: ბადრიჯანი -250გ (ერთი ცალი); ნიგოზი-50გ; ქინძის თესლი-1 ჩაის კოვზი; ნიორი 1-2 კბილი; ძმარი, მარილი, წითელი წიწაკა, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი გემოვნებით.

მომზადების წესი: ბადრიჯანი გარეცხეთ და მოაჭერით ყუნწიანი ბოლო, აგრეთვე აათალეთ ორ საპირისპირო მხარეს კანი თხლად და დაჭერით სიგრძივად 5 მმ სისქის ნაჭრებად,წაუსვით მარილი გემოვნებით, შეწვით გახურებულ, ზეთ მოსხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

რეკომენდაციები: ბადრიჯნის ტაფაზე მოთავსებისას მოუმატეთ ცეცხლს და არ დაახუროთ თავსახური, ყურადღება მიაქციეთ რომ სწრაფად შეიბრაწოს ორივე მხრიდან (2-3 წუთი) და თან არ დაიწვას. როცა შეიბრაწება, ჩაუწიეთ ქურას და დაახურეთ ტაფას სახური. ასე ბადრიჯანი დარბილდება და მივა მზა მდგომარეობამდე. სურთზე მოცემულია შემწვარი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა; გულსართი; ბადრიჯნის მომზადების პროცესი.

გულსართი: გახეხეთ ნიგოზი. დაუმატეთ მარილი, ახლად დანაყილი ან/და დაფქვილი ხმელი ქინძი, მარილი, წიწაკა, დანარჩენი სუნელიც და აურიეთ, დაამატეთ ძმარი, დაჭყლეტილი ან დანაყილი ნიორი. დაუმატეთ გადადუღებული და გაცივებული წყალი, რომ მიიღოთ საშუალო სისქის მასა (როგორც სურათზეა მოცემული). ბოლოს კი ჩაუმატეთ რამდენიმე კოვზი ზეთი, რომელიც დაიწურა იმ თეფშზე, რომელზეც შემწვარი ბადრიჯანი ცივდებოდა, ან/და გადმოიღეთ იმ ტაფიდან რაზეც შეწვით : 2-3 კოვზის ოდენობით. ასე ნიგვზიანი მასა ადვილად არ გამოშრება და თან გემოც უკეთესი ექნება.გულსართის მიღებული მასა უნდა იყვეს იმაზე ოდნავ უფრო მარილიანი, როგორსაც ჩვეულებრივ მიირთმევთ, რადგან საბოლოოდ ეს მარილი ბადრიჯანზეც გადანაწილდება.

ბოლო ეტაპი: ბადრიჯანს ორივე მხრიდან წაუსვით ნიგვზიანი მასა და შემდეგ მიეცით ფორმა. ბადრიჯნის ფორმა შეიძლება იყვეს სხვადასხვანაირი: ორად ან სამად გაკეცილი; დახვეული მრგვალად; ყვავილის ფორმით და ა.შ. ეს დამოკიდებულია თქვენს ფანტაზიაზე, დროზე და რათქმა უნდა ბადრიჯნის ფორმაზეც.

გაფორმება: მზა ნიგვზიანი ბადრიჯანი შეიძლება დააწყოთ სალათის ფოთლებიან ლანგარზე, ირვგლივ მოუწყოთ პატარა (ჩერი) პამიდორები, ან მოაყაროთ დარჩეული ბროწეული. აგრეთვე შეგიძლიათ ბადრიჯანთან ერთად შეწვათ გრძლად დაჭრილი წითელი ან ყვითელი ბულგარული წიწაკა და ბადრიჯნის გადახვევისაც დაურთოთ გულში, როგორც ყვავილის გული. ასევე შეიძლება გამოიყენოთ სტაფილოც.

შენახვის წესი: ნიგვზიანი ბადრიჯანი შეინახეთ თავდახურულ ჭურჭელში; იმ ლანგარს კი, რომელზეც უკვე სუფრაზე მისატანად გაფორმებული ნიგვზიანი ბადრიჯანი დევს გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი ან ფოლგა და ისე შეინახეთ მაცივარში. ვარგისია 2-3 დღის განმავლობაში. სურათზე მოცემულია მზა ნიგვზიანი ბადრიჯანი. შუა სურათზე: ბადრიჯანი ბულგარულის გულით.