თემა II კულტურული ტურიზმის ბაზარი

ვიკიწიგნებიდან

საქართველოს ტურისტული ბაზრის კვლევა და ანალიზი აუცილებელი პირობაა ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების გამოკვეთისა და ტუროპერატორებისათვის სწორი რეკომენდაციების გასაცემად. სამწუხაროდ მწირი სტატისტიკური მონაცემები და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საზოგადოდ მიღებული მარკეტინგული კვლევის ჩატარების პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ ვერ დამკვიდრდა. წინამდებარე კვლევის მიზანია ნაწილობრივ მაინც შეავსოს ეს ხარვეზი, თუმცა ვითვალისწინებთ რა იმ გარემოებას, რომ დამოუკიდებლად და დაფინანსების გარეშე სერიოზული კვლევის ჩატარება შეუძლებელია. ბექა ჯაყელის მიერ შედგენილ იქნა მარკეტინგული კითხვარი, რომლის მიხედვით გამოკითხულ იქნა საქართველოში მომუშავე რეცეპტიული ტუროპერატორები და იგი ეხებოდა 2003-2004 წლებში მათ მიერ გაწეული ტურისტული მომსახურების ანალიზს. მარკეტინგული კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით ქართველი ტუროპერატორების მიერ გამოიყენება რეკლამის 6 სხვადასხვა სახეობა. ნიშანდობლივია, რომ მათი უმრავლესობა (100%) ტურისტული პროდუქტის პრომოუშენისა და ახალი მომხმარებლების დაინტერესების მიზნით იყენებენ საკუთარ ვებგვერდზე, ე.ი. ისინი ცდილობენ პროდუქციის გასაღება ინტერნეტის საშუალებით მოახდინონ. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობს ტურისტული პროდუქტის მიმწოდებელთა 85,7%. ტურისტულ ბიზნესში რეკლამა ძალიან სპეციფიურია. სხვა რეკლამის საშუალებებისაგან განსხვავებით, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობას ორმაგი დატვირთვა აქვს, რაც შემდეგში გამოიხატება: 2003-2004 წლებში საქართველოში რეცეპტიული ტურისტული ფირმების უმრავლესობამ 85,7%-მა მსგავს საერთაშორისო ბაზრობებში მონაწილეობით საკუთარი პროდუქცია წარუდგინეს მრავალ ვიზიტორს, დადეს ახალი კონტრაქტები უცხოურ კომპანიებთან და რაც ყველაზე მეტად მთავარია ხელი შეუწყვეს საქართველოს, როგორც ტურისტული იმიჯის მქონე ქვეყნის პოპულარიზაციას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. კომპანიათა 71,4%-მა პროდუქტზე მოთხოვნა უცხოელი პარტნიორებისა და საზღვარგარეთის სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ქართული სარეკლამო მასალით მოახერხა. ტუროპერატორთა 42,9%-თვის გასაღების საშუალება ავიახაზებია. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ 2003-2004 წწ-ში კომპანიათა 14,3%-მა მიმართა რეკლამის ისეთ ძვირადღირებულ საშუალებას, როგორიცაა სატელევიზიო რეკლამა საზღვარგარეთის ტელევიზიაში. ეს თავისთავად მისასალმებელია, ვინაიდან ტუროპერატორის მიერ ახალი მომხმარებლის მოპოვების და საკუთარ პროდუქტზე ახალი მოთხოვნის შესაქმნელად მიმწოდებელმა გაიღო საკმაოდ სერიოზული ხარჯი.