შინაარსზე გადასვლა

ფერდობების მდგრადობის გაზრდის ზოგიერთი ღონისძიება

ვიკიწიგნებიდან

სარჩევი

იმ შემთხვევაში, როდესაც გაანგარიშებიდან ჩანს, რომ უსაფრთხოების ფაქტორი საკმაოდ დაბალია, ვიდრე ეს საჭიროა, მაშინ განხორციელებული უნდა იქნეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შეძლებენ განსახილველი ფერდობის მდგრადობის გაზრდას საჭირო ზღვრამდე. საერთოდ არ არსებობს ერთიანი ეფექტური ღონისძიებები ყველა ფერდობისათვის და ინჟინერ-დამპროექტებელს უხდება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მდგომარეობის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ფერდობი გაანგარიშების შედეგად თუ მიჩნეულია მდგრადადაც კი, მაინც საჭიროა მისი დაცვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ატმოსფერული ნალექებისაგან გამოწვეული ძვრის სიმტკიცის დეგრადაცია, ფერდობის ქუსლის ეროზირება და გრუნტში განვითარებული მაღალი წყლის დაწნევისას ფერდობი დარჩეს მდგრადი მზარდი დატვირთვის შემთხვევაშიც.

ყველაზე მარტივად ეს შეიძლება განხორციელდეს შემდეგნაირად:

  1. საერთოდ ფერდობის დანგრევის რისკის თავიდან აცილებით, რაც იმაში გამოიხატება რომ არასტაბილურ ფერდობზე დაუშვებელი უნდა იყოს რაიმე მშენებლობის დაწყება. გარდა ამისა დადგენილი უნდა იყოს ის მანძილი, რომელიც უზრუნველყოფს ფერდობის დანგრევის შემთხვევაში ფერდობის მახლობლად აშენებული ნაგებობების უსაფრთხოებას. ეს მანძილი უნდა განისაზღვროს ფერდობის კონფიგურაციით, მისი შესაძლო დანგრევის ფორმით, დაცურების ზედაპირის უსაფრთხოების ფაქტორის სიდიდით და დანგრევის პოტენციალური შედეგებით. ამ მანძილის დადგენა ზუსტად არ ხერხდება. აქედან გამომდინარე ამ საკითხის გადაწყვეტა ინჟენერ-გეოლოგის პრეროგატივაა.
  2. ფერდობის მდგრადობის გასაუმჯობესებლად ფერდობის ზედაპირის ქანების გრანულომეტრიული შემადგენლობის შეცვლით: ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია მთლიანად მოხსნილი იქნეს ფერდობის ზედაპირიდან ისეთი გრუნტი, რომელიც ხელს უწყობს მის არასტაბილურობას და შეცვლილი იქნეს მაღალი სიმტკიცის გრუნტით. ეს ღონისძიება შედეგად იძლევა ფერდობისათვის მოთხოვნილი მინიმალურ უსაფრთხოების ფაქტორის სიდიდეს. გამოსაცვლელი გრუნტი შეიცავს კოლუვიუმს, მეწყერის მიერ ჩამოტანილ ნამსხვრევებს და ნარიყს. ფერდობის გრუნტის გრანულომეტრიული შემადგენლობის შეცვლა ფერდობის მდგრადობის პრობლემის გადასაწყვეტად ზოგჯერ ძალიან ძნელი განსახორციელებელია სხვადასხვა მიზეზის გამო (მაგ. თუ ფერდობი ძალიან დამრეცია და/ან გრუნტი ძალიან დაბალი სიმტკიცისაა). ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გრუნტის მცურავი მასების მდგრადობის უზრუნველსაყოფად მექანიკური საშუალებების გამოყენება ან გრუნტის გაუმჯობესება მინარევებით, კირთან ან ცემენტთან. თუ გრუნტი 50%-ანი სიწმინდისაა, მისი შერევა ცემენტთან არ ივარგებს, მას უფრო კირთან ურევენ. ფერდობის მდგრადობის გაზრდა შესაძლებელია აგრეთვე ფერდობის დამრეცობის შეცვლით და/ან სიმაღლის დაწევით. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია ფერდობის დრენირებაც. თუ ხელოვნური ფერდობის აგება ხორციელდება სუსტ თიხაზე, მაშინ თიხის მზიდუნარიანობის გაზრდა შეიძლება განხორციელდეს მისი გამკვრივებით ნაგებობის წონით, რომელიც ეტაპობრივად შენდება.
  3. გაუწყლოვანებით. თუ მიწის ნაგებობის ფუძე წარმოადგენს წყლითგაჯერებულ გრუნტს ან ისეთ გრუნტს, რომელიც შესაძლებელია მომავალში აღმოჩნდეს წყლითგაჯერებული და ამ მიზეზით განვითარდეს მიწის ნაგებობის სიმტკიცის დაკარგვა, ასეთი გრუნტების ხელოვნური გამკვრივება უნდა მოხდეს ეტაპობრივად ვიბროსაგორავებით ან დამტკეპნავი მანქანებით. თუ ფერდობის ტანში ან მის ფუძეში გამოვლენილია მისი არამდგრადობის კავშირი ფოროვან წყალთან, ან წყლის სხვა გავლენასთან, მაშინ საჭიროა ასეთი ფერდობის დრენირება, რისთვისაც იყენებენ ჰორიზონტალურ სადრენაჟო ჭაბურღილებს ან სხვა მსგავს მოწყობილობებს. მიწისქვეშა წყლების დაწნევის შესამცირებლად წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნეს ვერტიკალური სადრენაჟო ჭაბურღილები და შთანმთქმელი ჭები. როდესაც ხდება ფერდობების სტაბილირება იმ უბნებზე, სადაც შესაძლებელია ტალახის ნაკადების განვითარება. უპირატესობა ეძლევა ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც შეაჩერებს ფერდობის ტანის დამატებით გათხევადებას, თუ მოხერხდება ფერდობის გაცილებით ზემოთ მდებარე უბნებიდან დამეწყრილი ფერდობისაკენ მომდინარე ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ე.წ. “დაჭერა”, ან თვით ფერდობზე მოეწყობა ისეთი საფარი, რომელიც შეაჩერებს წყლის ინფილტრაციას ზედაპირიდან ფერდობის ტანში, რათა არ მოხდეს ფერდობის ფუძის ძვრისადმი სიმტკიცისა და მედეგობის შემცირება ტივტივის ეფექტის გამო და შედეგად ფერდობის დაცურება-დანგრევა. /31,32,33,/
  4. თვით ფერდობის გამაგრება-გაძლიერებით: თუ ზემოთ მოყვანილი ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ საჭიროა გამოყენებული იქნეს ფერდობის მდგრადობის გასაზრდელად მექანიკური საშუალებები, როგორიცაა: საყრდენი კედლები, ღრმა დასაძირკვლება (მაგ. ხიმინჯები ან ნაბურღი ღეროები), ფუძის გამაგრება გეოსინთეტიკით, საჭიმარიანი ანკერებით ან გრუნტის მანჭვალებით.

საყრდენი კონსტრუქციების ტიპები მოყვანილია ნახ.27-ზე. /30/

ნახ.27. საყრდენი კონსტრუქციების ტიპები.

  1. გრავიტაციული კედელი _ ქვის, ბეტონის,კონსოლიანი ან ძელყორე;
  2. საჭიმარიანი ან გრუნტის მანჭვალიანი კედლები;
  3. შპუნტიან-ხიმინჯიანი ან ხიმინჯების მწკრივიანი და ხის შემოფიცვრიანი კედლები;
  4. გეოსინთეტიკით ან გეოგრიდით დაარმატურებული კედლები.

საყრდენი კედლის დაკონსტრუირება ხდება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს არამდგრადი ფერდობების დამატებითი მედეგობა და უსაფრთხოების ფაქტორის გაზრდა კედლის უკან მოთავსებული გრუნტისათვის საჭირო დონემდე. საყრდენი კონსტრუქცია უნდა მოთავსდეს შესაძლო დაცურების ან გადაყირავების ადგილზე.

ფერდობების უსაფრთხოების ფაქტორის გაზრდა შესაძლებელია ხიმინჯების მწკრივის/ნაბურღი ღეროების ჩამაგრებით, რომლებიც წვერით დაეყრდნობიან მდგრად გრუნტებს, რაც გაზრდის ფერდობის მდგრადობას ჰორიზონტალური მიმართულებით გადაადგილების შემცირებით. /34/

საჭიმარიანი ანკერების გამოყენება შესაძლებელია ხიმინჯების მწკრივის/ნაბურღი ღეროების გარეშეც, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ საჭიროა დამატებითი მედეგობის განვითარება. საჭიმარიანი ანკერები კეთდება ფოლადის ღეროებისაგან ან კაბელებისაგან, რომლებიც შედგომ ჩამაგრდება გაბურღულ, დახრილ შახტაში. ანკერები ჩამაგრების შემდეგ იჭიმება მანამდე, ვიდრე შახტაში ჩასხმული თხელი სამშენებლო ხსნარი არ მიაღწევს საანგარიშო სიმტკიცეს. ანკერებს ცდიან საანგარიშოზე მეტ დატვირთვაზე. დროებითი ანკერების დაცვა კოროზიისაგან არ არის საჭირო, მაშინ, როდესაც მუდმივი ანკერები კოროზიისაგან აუცილებლად დაცული უნდა იყოს.

გრუნტის მანჭვალი წარმოადგენს დაუძაბავ ღეროს, რომელიც იბურღება ფერდობის ტანში და ნახვრეტი ივსება ბეტონით. მას არ იყენებენ შედარებით წმინდა ღორღისა და ქვიშიანი ფუძის შემთხვევაში ფერდობის მუდმივი სტაბილიზაციისათვის და მას დროებითი დანიშნულება აქვს თიხნარიანი ფერდობის გასამაგრებლად.

ნაყარიანი ფერდობის საყრდენად შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე ანაკრები ბეტონის ძელყორე კედელი (ნახ. 28) /36/

ნახ 28. ანაკრები ბეტონის ძელყორე კედელი ფერდობის შესაკავებლად

საქართველოშიც, როგორც მთაგორიან ქვეყანაში, მეწყერები ფართოდაა გავრცელებული. ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილის და მათ შორის თბილისის ძირითადი ქანები წარმოადგენილია თიხაფიქალების ან არგილიტების შუაშრეებიანი ქვიშაქვებით, რომლებიც მაშინ წარმოიშვა, როდესაც კავკასია ზღვის ფსკერი იყო. ეს ქანები დაფენილია არა ჰორიზონტალურად, არამედ დახრილად საკმაოდ დიდი დახრის კუთხით.

შენობის ქვაბულის ან კომუნიკაციების თხრილების დამუშავებისას ან გარაჟების მოწყობის მიზნით ხდება კლდის დახრილი ფენების წაკვეთა, რაც იწვევს გრუნტის მასის ჩამოქცევის საშიშროებას. ასეთ შემთხვევაში კლდის მასების შესაკავებლად კეთდება რკინაბეტონის კონტრფორსები, რომლებიც მიბჯენილია კლდეში მოწყობილ ჩაღრმავებაზე. ამავე დროს კლდის მასივში შეჭრა არ უნდა იყოს დიდი და გრუნტი უნდა დამუშავდეს მექანიკურად.

განსაკუთრებით ხშირად დამეწყრილი ტერიტორიის გვერდის ავლის ან მასზე გავლის პრობლემა დგას რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გაყვანისას – ხდება ხეობაში გამავალი გზის მოცილება დამეწყრილი ადგილიდან მისი გადატანით მდინარის მეორე ნაპირზე - გვირაბებისა და ესტაკადების მოწყობით. ამ მიზნით საქართველოს ტერიტორიის შავი ზღვის პირას გამავალი რკინიგზის ნაწილი გვირაბშია შეტანილი.

საქართველოში დაინგრა და დაზიანდა რამდენიმე სამრეწველო ნაგებობა და კაპიტალური შენობა, რომელიც აგებული იყო მეწყერზე ან მეწყერის მოქმედების ზონაში _ ქ. მარნეულის კომბინატის საწყობები, ქ. ჭიათურის გამამდიდრებელი ფაბრიკა, რაჭის თეთრი დარიშხანის სამრეწველო კომპლექსის ზოგიერთი შენობა და სხვა.

რაჭის თეთრი დარიშხანის სამრეწველო კომპლექსის მოედნის ნაწილი მოხვდა მძლავრი მეწყერის ფარგლებში. გატარებული ღონისძიებებით მოწესრიგდა ზედაპირული წყლების დინება და დინება გაყვანილი იქნა მეწყერის ფარგლებიდან. ამავე დროს მეწყერის ზედა ნაწილში, სადაც მისი სიმძლავრე შედარებით მცირე იყო, მოეწყო დრენაჟი.

ქ.თბილისში, ბარალეთის ქუჩაზე, მრავალსართულიანი შენობა, სკოლა, საწარმოო დანიშნულების ნაგბობები აშენდა მეწყერის ენის სიახლოვეს. მეწყერის ფარგლებში გაყვანილი წყალსადენის მილის გახეთქვამ გამოიწვია გრუნტის დასველება, ნაწილობრივ გაჯირჯვა და ჩამოწოლა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა მეწყერის გააქტიურება და საფრთხე შეექმნა მასთან ახლოს მდებარე ნაგებობებს. მეწყერის შემდგომი მოძრაობის შესაკავებლად განხორციელდა 1,5მ დიამეტრის მქონე ნაბურღ-ნატენი რკინაბეტონის ხიმინჯებისაგან შემდგარი ნაგებობა, რომელიც ზემოდან გაერთიანდა რკინაბეტონის როსტვერკით.

ქ. თბილისში, მდ. ხევძმარის ერთერთ არამდგრად ფერდზე აგებული შენობის ყველა წყალშემცველი კომუნიკაცია ამოტანილი იქნა მიწის ზედაპირზე, რათა დაზიანების შემთხვევაში მათი შემჩნევა შესაძლებელი გამხდარიყო, გარდა ამისა თვით მდინარე მოთავსდა მილში და ხევი შეივსო გრუნტით, რამაც შეამცირა მეწყერის, როგორც მთლიანი მასის მოძრაობა.

მცირე სიდიდის მეწყერისა და სუსტი ადგილების დასამაგრებლად საუკეთესო საშუალებაა მცენარეების დარგვა, მაგ. აკაციების. ითვლება, რომ აკაციების ღრმა ფესვებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ ბორცვის მდგრადობის შენარჩუნებაში, რომელზეც დგას თბილისის ცირკის შენობა, რადგანაც ბორცვი შედგება გათხევადებული პლასტიკური მდგომარეობაში მყოფი ფენებისაგან.

მეწყერის სტაბილიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებები და განსაკუთრებით კი მისი შემკავებელი ნაგებობების მშენებლობა და ექსპლოატაცია დაკავშირებულია მნიშვნელოვან და შრომატევად სამუშაოებთან. ამიტომ მიზანშეწონილი იქნება, თუ კაპიტალური შენობა-ნაგებობები, ყველა შემთხვევაში, აიგება მდგრად მოედნებზე. /39/