აზიის უძველესი ისტორია/სარჩევი/ხეთების სამეფო

ვიკიწიგნებიდან
ხეთების სამეფო (წითელი) დაახ. ძვ. წ. 1300 წელს

ხეთების სამეფო ჩამოყალიბდა მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ჰარისის მიდამოებში, რომელსაც შემდეგ კაპადოკია ეწოდა. აქ ბუნებრივი პირობები არ იყო ხელსაყრელი მიწათმოქმედების განვითარებისათვის. ჰარისი პატარა მდინარე იყო და მას არ შეეძლო შეესრულებინა ნილოსისა და ევფრატის მსგავსი როლი. კაპადოკია მდიდარი იყო ლითონებით, პირველ რიგში ვერცხლით, ძვ. წ. II ათასწლეულში აქ ცხოვრობდა ხათების ტომი, რომლებმაც მისცეს ქვეყანას სახელი.

ძვ. წ. III ათასწლეულის მიჯნაზე მცირე აზიაში შეიჭრნენ ნესიტები და დაიკავეს ხათის ქვეყანა.

ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ცენტრალურ მცირე აზიაში რამდენიმე დამოუკიდებელი ქალაქ სახელმწიფო (ქანესი, ქუსარა, ხათი, ცალფა და სხვ.) არსებობდა. მათგან ყველაზე მეტად დაწინაურდა ქუსარა, მისმა მმართველმა ანითამ დანარჩენი ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილება მოახერხა და ერთ-ერთი ადრინდელი ხეთური გაერთიანებული სახელმწიფო შექმნა. ქუსარა იყო ინდოევროპელი ხეთების (ნესიტების) უძველესი პოლიტიკური ცენტრი მცირე აზიაში. ისტორიული ტრადიციაც ხეთების ისტორიის ადრინდელ პერიოდს უკავშირებს ქუსარას, მაგრამ ხეთების სახელმწიფოს ფუძემდებლად მიიჩნევს არა ანიტას, არამედ ქუსარას მეფე ლაბარნა I-ს.

ხეთების სამეფოს ისტორია 3 პერიოდად იყოფა:

  • ძველი სამეფო (ძვ. წ. 1650-1500 წწ.)
  • შუა სამეფო (ძვ. წ. 1500-1450 წწ.)
  • ახალი სამეფო (ძვ. წ. 1450-1200 წწ.)

ძველი სამეფო[რედაქტირება]

ძველი სამეფოს პირველი მეფეა ლაბარნა I, რომელმაც განავრცო თავისი სამეფოს საზღვრები ცალფას (შავი) ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე და შექმნა ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო მთელს წინა აზიაში. როგორც ვარაუდობენ სწორედ ამის შემდეგ გადაიქცა ლაბარნას სახელი სამეფო ტიტულად, ისე როგორც რომაული ცეზარი იმპერატორის ტიტულად.

ლაბარნას შემდეგ გამეფდა მისი შვილი ხათუსილი I, იგივე ლაბარნა II (ძვ. წ. 1650-1620 წწ.). მისი ინაუგურაცია ქუსარაში მოხდა, მაგრამ შემდეგ სამეფო რეზიდენცია ხათუსაში გადაიტანა (აქედან წარმოსდგება მისი სახელი, რაც ნიშნავს ხათუსელს). ხათუსილი I-მა ილაშქრა ჩრდილოეთ სირიის სასაზღვრო რაიონებში, შემდეგ სამხრეთის მიმართულებით ალეპოზე ილაშქრა. ეომებოდა ხურიტებსაც, რომლებთან ბრძოლაშიც ხეთების მეფეთაგან პირველმა გადალახა მდინარე ევფრატი.

ბოღაზ-ქოის არქივში აღმოჩენილ იქნახათუსილის მიერ სედგენილი ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მან ტახტის მემკვიდრედ აირჩია თავისი შვილიშვილი მურსილი.

მურსილიმ (ძვ. წ. 1620-1590 წწ.) ერთმანეთთან სუსტად დაკავშირებული ქალაქ-სახელმწიფოთა ფედერაციისაგან შექმნა პირველი ხეთური იმპერია, რომელიც მისი მეფობის დროს აღმოსავლეთის მესამე ძლიერი ქვეყანა იყო ეგვიპტისა და ბაბილონის შემდეგ. ძვ. წ. 1595 წ. მურსილი გაემართა ბაბილონისაკენ და დაიპყრო იგი. ძვ. წ. 1590 წელს ლაშქრობიდნ დაბრუნებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მურსილი მოკლა ცოლის ძმამ ხანთილიმ. ამის შემდეგ ძველი სამეფოს არსებობის მტელი ხნის მანძილზე ბრძოლა მიმდინარეობდა ტახტისათვის. ხანთილის შემდეგ თანამიმდევრობით მეფობდნენ: ქასენი, ციდანთა,ა მუნა და ხუცია. ტახტისათვის ბრძოლაში არ ინდობდნენ არც მამას, არც ძმას. ქაოსის აღმოფხვრა კანინიერი მეფობის იდეას შეეძლო. სწორედ ამის გამოხატულება იყო კანონი ტახტის მემკვირეობის შესახებ. მეფე, რომელსაც საამისო სიბრძნე და ენერგია აღმოაჩნდა იყო ძველი სამეფოს უკანასკნელი მეფე თელიფინუ.

თელიფინუმდე მეფე ასახელებდა კანდიდატურას, რომელიც უნდა დაემტკიცებინა სახალხო კრებას „პანკუსს“. ტახტზე ასვლის უფლება ჰქონდათ, არა მარტო მეფისწულებს ან შვილიშვილებს, არამედ დისწულს, დის ქმარს ან ქალიშვილის ქმარს. თელიფინუმ შექმნა კონსტიტუციური მონარქია, რომლის მიხედვითაც მემკვიდრე ხდებოდა მეფისწული ან უკიდურეს შემთხვევაში ქალიშვილის ქმარი, სხვა ყველა გამოირიცხა მემკვიდრეობისაგან. ამიერიდან მეფე ფლობდა მტკიცე ძალაუფლებას, მეფის ხელისუფლების შემზღუდველი იყო საკანონმდებლო ორგანო პანკუსი.

შუა სამეფო[რედაქტირება]

შუა სამეფოს ხანაში (დაახლ. ძვ.წ. 1500 - 1450 წ.წ.) გრძელდებოდა ტრადიციული საგარეო პოლიტიკა, თუმცა ამ პერიოდის მეფეების მხოლოდ სახელებია შემორჩენილი და საიმედოდ არის დადგენილი მათი თანმიმდევრობა: ალუვამნა, ხანთილი II, ციდანთა II, ხუცია II, თუთხალია II, არნუვანდა I, ხათუსილი II,. ამათგან ყველაზე მეტი ცნობები მოგვეპოვება თუთხალია II-ზე, რომელმაც ძვ. წ. 1470 წ. ილაშქრა ჩრდილოეთ სირიაში და ხურის სამეფოში, დაამარცხა ისინი და გაანადგურა ხალაფი და ხანიგალბათი, თუმცა ხეთების სამეფო მაინც დასუსტდა, მას ავიწროებენ ძლიერი მეზობლები, კერძოდ აღმოსავლეთში მითანი, სამხრეთიდან სირიაში ეგვიპტე. თავად ხათი ამბოხებული ხალხების ალყაში მოექცა (მას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უტევდნენ ქასქები, აღმოსავლეთიდან ჰაიასა და ა. შ.) მტრებმა გადაწვეს დედაქალაქი ხათუსა. ხათის სისუსტე დიდხანს არ გაგრძელებულა. სუფილულიუმას დროიდან იგი კვლავ იბრუნებს ძველ დიდებას.

ახალი სამეფო[რედაქტირება]

ახალი სამეფოს პერიოდი გრძელდებოდა ძვ. წ. 1450-1200წ.წ.. ამ პერიოდში, განსაკუთრებით ძვ.წ. 1280წლამდე ხათი განიხილებოდა, როგორც ეგვიპტის, ბაბილონის და ასურეთის ტოლი სახელმწიფო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა წინა აზიის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ახალი სამეფოს დამაარსებლად ითვლება თუთხალია III და განსაკუთრებით კი მისი ვაჟი სუფილულიუმა I. ხეთების ახალი სამეფოს მეფეთა სია ასე გამოიყურება: თუთხალია III - ძვ.წ. 1450-1425წ.წ. სუფილულიუმა I - ძვ.წ. 1425-1386წ.წ. არუვანდა II - ძვ.წ. 1386-1385წ.წ. მურსილი II - ძვ.წ. 1385-1345წ.წ. მუვათალი - ძვ.წ. 1345-1310წ.წ. ურხი-თეშუფი, იგივე მურსილ III - ძვ.წ. 1310-1304წ.წ. ხათუსილი III - ძვ.წ. 1304-1280წ.წ. თუთხალია IV - ძვ.წ. 1280-1250წ.წ. არუვანდა III - ძვ.წ. 1250-1230წ.წ. სუფილულიუმა II - ძვ.წ. 1230-1200წ.წ. ამ პერიოდში ხეთების წარმატებულმა ექსპანსიამ ჩრდილოეთ სირიის საკითხის გამო გამოიწვია დაპირისპირება ეგვიპტესთან. განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება ეგვიპტეში რამზეს II-ის გამეფებით, რომელმაც მიზნად დაისახა ეგვიპტის ძველი გავლენის აღდგენა პალესტინაში, ფინიკიასა და სირიაში. დაახლ. ძვ.წ. 1312წ. რამზესმა შეკრიბა 20-ათასიანი ლაშქარი და მიადგა ქ. კადეშს. ბრძოლა ეგვიპტელთათვის წარუმატებლად დასრულდა. 14-წლიანი დაძაბულობის შემდეგ ძვ.წ. 1296წ. საბოლოოდ,ორივე მხარისათვის სასარგებლოდ დაიდო ზავი ხათსა და ეგვიპტეს შორის. ხელშეკრულება განამტკიცა რამზესისა და ხეთების მეფის ქალიშვილის დინასტიურმა ქორწინებამ, რომლის შემდეგ ეს არცერთი ქვეყანა ერმანეთს აღარ შებრძოლებია.

განსაკუთრებით საინტერესოა ეს პერიოდი ძვ. ქართული ტომების ქასქების ურთიერთობით ხეთებთან. ხეთური წყაროები სავსეა პონტოს მთებში მცხოვრებ ტომებთან - ქასქებთან ბრძოლების აღწერით. ახალი სამეფოს დასაწყისში ქასქებთან შეტაკებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, მაგრამ მათი პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა ხეთების ვერცერთმა მეფემ ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ხეთები ქასქებთან ხელშერულებებს დებდნენ, ქასქები ანადგურებდნენ არა მარტო ხეთების მოსაზღვრე რაიონებს, არამედ თვით დედაქალაქ ხათუსასაც ესხმოდნენ თავს. ხეთების დამსჯელი ექსპედიციები ქასქების მხარეში მხოლოდ დროებით აჩერებდა ამ ტომთა იერიშებს ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან.

დაუსრულებელი ექსპანსიის შედეგად ხეთების სამეფო გამოიფიტა, ეკონომიკა მოიშალა, სურსათის ნაკლებობა დაეტყო. ყოველივე ამას ზედ დაერთო ეგეოსის სამყაროს ხალხთა დიდი გადასახლება, რომლებსაც ეგვიპტური წყაროები”ზღვის ხალხებს” უწოდებდნენ. თუმცა თვით ხეთურ ფირფიტებში არაფერი შემოინახა ამ დიდ კატასტროფაზე. დაახლოებით ძვ. წ. 1274 წლისათვის ოდესღაც ძლევამოსილი ხათი დედაქალაქითურთ სამუდამოდ დაეცა...

ხეთური კანონმდებლობა[რედაქტირება]

ხეთური სამართალი

						 	„არ ქმნა სამართლიანი
							საქმე უსამართლოდ,
							უსამართლო სამართლიანად“
	ხეთური საზოგადოება შედგებოდა საკმაოდ რთული სოციალური სტრუქტურისგან. დღემდე სადავოა თუ რომელი სოციალურ-ეკონომიკური წყობის ნაწილი იყო ის, რადგან აქ იყო როგორც მონათმფლობელური, ისე ფეოდალური სტრუქტურები. რის გამოც, მეცნიერებს უჭირთ ხეთების სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის რომელიმე სხვა ძველაღმოსავლურ კულტურასთან დაკავშირება. მიუხედავად ასეთი დაქსაქსულობისა, ხეთური სამართალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იურიდიული ძეგლია ძველ აღმოსავლეთში, რადგან ხეთური სამართალი ვრცელდებოდა საზოგადოების ოთხივე ფენაზე (არისტოკრატია, ქურუმები, თავისუფალი  მეთემეები და მონები) . 
	ქვეყნის უზენაეს მსაჯულად მეფე ითვლებოდა, მაგრამ, მიუხედავად მისი შეუზღუდავი ძალაუფლებისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ერეოდა სახალხო საქმეებში, თუკი საქმე გრძნეულებას ან სიკვდილით დასჯას ეხებოდა. მეფის სასამართლო გადაწყვეტილება საბოლოო იყო და შეწინააღმეგება ისჯებოდა უმკაცრესი ფორმებით
       „უკეთუ ვინმე წინ აღუდგება მეფის განაჩენს, მისი სისხლი, დაე, განადგურდეს“
	სასამართლო ხეთებთან იყო საზოგადოებრივი ორგანო, რომელიც კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისი წესით იხილავდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის სხვადასხვა საკითხებს. სასამართლო ორგანო ხელმძღვანელობდა ხეთების კანონთა პირველი და მეორე ტაბულით,  რომელშიც განაწილებული იყო საზოგადოებაში არსებულ პრობლემათა გადაჭრის გზები და ის თავისი ორიგინალურობით არ ჩამოუვარდებოდა ბაბილონის მეფე - ხამურაბის კანონთა კრებულს. 
        „ხეთურ კანონთა კოდექსი“ შედგებოდა ორი ნაწილისგან, ესენია ე.წ „I ფირფიტა“  და „II ფირფიტა“, რომლებიც ძველი სამეფოს დროს არის შედგენილი, ასევე შემონახულია ახალი სამეფოს პერიოდში დაწერილი  „I ფირფიტის“ პარალელური ტექსტი. 
       „I ფირფიტა“, რომელსაც ხეთური ტექსტის დასაწყისში სიტყვების მიხედივთ აგრეთვე „უკეთუ კაცს“ უწოდებენ, მოიცავს ადამიანის პირად და საკუთრებრივ განმარტებას. მასში აღწერილია თავისუფალი კაცისა და მონის მდგომარეობა. მათ შორის კანონთა და ვალდებულებათა სხვადასხვაობა და სასჯელის დონის დიფერენციაცია. მაგალითისთვის მოვიყვან „I ფირფიტაში“ მოცემულ დიფერენციაციის რამდენიმე ნიმუშს:
      11. „უკეთუ ვინმე თავისუფალ მოსტეხს ხელს ან ფეხს, მან უნდა მისცეს 20 ნახევარსიკლი ვერცხლი, აგრეთვე პასუხს აგებს თავისი სახლ-კარით.“
      12. „ უკეთუ ვინმე მოსტეხს ხელს ან ფეხს მონას ან მხევალს, მან უნდა მისცეს 10 ნახევარსიკლი ვერცხლი, აგრეთვე პასუხს აგებს თავისი სახლ-კარით.“
	
	ამ მონაკვეთში ჩანს, რომ ხეთურ საზოგადოებაში მონათა უფლებები ნაკლებია თავისუფალი კაცის უფლებებზე, მაგრამ არა  სრულიად შეზღუდული. ანტიკური მონათმფლობელობიზმისგან  განსხვავებით, ხეთურ საზოგადოებაში მონა იურიდიულ პირად გვევლინება და მას კანონით იცავს.
	პირველ ფირფიტაში პარაგრაფები შინაარსის მიხედვით ასეთი თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი: მკველლობა (გამართლებული მკვლელობის ჩათვლით) ვინმეზე თავდასხმა ან ვინმეს ცემა-დასახიჩრება,  მონათმფლობელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა შემთხვევა, ქორწინებასთან დაკავშირებული ნორმების შესრულება და დარღვევა, დაქირავება, სახელმწიფო ვალდებულებათა მოხდის პირობები სახელმწიფო მიწის ფლობის დროს, მიწის მფლობელობის პირობები, ქურდობა, ცეცხლის წაკიდება და სხვა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ხეთური კანონმდებლობა ანგარიშს უწევს დამამძიმებელ ან შემამსუბუქებელ გარემოებებს და ხშირად ამის მიხედვით აწესებს ერთი და იმავე დანაშაულის დასჯის სხვადასხვა ზომას. „I I ფირფიტა“ (ხეთური ტექსტის დასაწყისი სიტყვების მიხედვით „უკეთუ ვაზს“) ეხება მიწათმფლობელობისა და ნათესავების სამართლებრივ დაცვას ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადოებრივი მოქმედების სასჯელთა სისტემას, ქურდობის და შეთანხმების დარღვევის, ქალის ღალატის, დაქირავებული შრომის, ტარიფებსა და სხვა საკითხებს. ძალიან ბევრია აქ საუბარი ქურდობისა და საკუთრების მიმართ ზიანის მიყენების სხვადასხვა შემთხვევებზე.  ეს მუხლები კარგ მასალას იძლევიან ხეთური სამეურნეო საქმიანობის შესასწავლად. ამ მუხლებშიც, ისევე როგორც პირველ ფირფიტაზე მოცემულ მუხლებში, თავს ისევ იჩენს თავისუფალის და მონის დიფერენციაცია. ასე, მაგალითად, სახლის გაქურდისთვის თავისუფალი იხდის თორმეტ-ნახევარ სიკლ ჯარიმას, მონა კი - ამის ნახევარს, ექვს-ნახევარ სიკლს, (მის მაგიერ ბატონი იხდის) მაგრამ, მას ამ დროს, ჭრიან ყურებსა და ცხვირს.
	94. „უკეთუ თავისფალი კაცი გაქურდავს სახლს, მან სრულად უნდა სღოს რაც წაიღო. უწინ ქურდობისთვის, გარდა ამისა, კიდევ აძლევდნენ ერთ მინა ვერცხლს, ახლა კი უნდა მისცეს თორმეტი ნახევარსიკლი ვერცხლი.“
	95. „უკეთუ მონა გაქურდავს სახლს, მან უნდა ზღოს სრულად, რაც წაიღო, ქურდობისთვის მან, გარდა ამისა, უნდა მისცეს 6 ნახევარსიკლი ვერცხლი, აგრეთვე, მონას უნდა მოსჭრან ცხვირი და ყურები და შემდეგ იგი უნდა გადაეცეს მის ბატონს, უკეთუ ის ბევრს მოიპარავს, მას ბევრს მიუსჯიან, უკეთუ იგი ცოტას მოიპარავს მას ცოტას მიუსჯიან, უკეთუ მისი ბატონი იტყვის: „მე ავანაზღაურებ მის ნაცვლად“ მან უნდა ზღოს, თუ ბატონი უარს იტყვის ანაზღარურებაზე, მაშინ თვითონ მონა უნდა მისცეს საზღაურად.“ ამ მუხლებში მონისა და თავისუფლის დიფერენციაციის გარდა ჩანს, რომ კანონები დროთა განმავლობაში უფრო შემწყნარებლობითი ხასიათის ხდებოდა, ასევე ჩანს პატრონის პასუხისმგებლობა მონაზე, როგორც მის საკუთრებაზე.
 	სახელმწიფო სამართლის ძეგლს წარმოადგენს ასევე ე.წ მეფე ტელეფინუს „დეკლარაცია“, რომელიც ხეთების სამეფო ისტორიის ადრეული ძეგლია, იგი ძველი წელთაღრიცხვით XVI  საუკუნეშია შედგენილი, თუმცა თიხის ფირფიტა, რომელზეც ეს ტექსტია დაწერილი, სამი საუკუნით უფრო გვიან, ძვ.წ XIII საუკუნეში გაკეთებული პირია. ამ „დეკლარაციაში“ ტელეფინო გვიხატავს ტახტისთვის სამეფო საგვარეულო წევრთა შორის ამტყდარი სისხლისმღვრელი  ბრძოლების სურათს, ამიტომაც ის აწესებს ტახტის მემკვიდრეობის მტკიცე წესს და „სამეფო დარბაზს“-ფანკუსს უფლებამოსილს ხდის თვალი ადევნოს მემკვიდრეობას და სხვა წესების დაცვას. „ტალკვინიუს დეკლარაცია“ ხეთების სახელმწიფოს ჯერ კიდევ განუვითარებლობის მაჩვენებელია, სამეფო საგვარეულო სახელმწიფოს უყურებს როგორც თავის კოლექტიურ, საგვარეულო საკუთრებას. ტახტის მემკვიდრეობის მტკიცე წესი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. დიდი გავლენით სარგებლობს დიდებულები საბჭოში და ა.შ
	ასევე აღსანიშნავია ტახტის გადაცემის წესი, ტელეფინუ თავის კანონთა კრებულში წერს: - „დაე, მეფის შვილებიდან მეფედ გახდეს მხოლოდ მეფის პირველი ვაჟიშვილი, უკეთუ მეფის პირველი ვაჟიშვილი არ არის, დაე, მეფედ გახდეს მომდევნო ვაჟიშვილი. თუ მეფეს მემკვიდრე ვაჟიშვილი არ ჰყავს, მაშინ ის, რომელიც პირველი ქალიშვილია, გაათხოვონ და დაე, მისი ქმარი იყოს მეფე. აქ კარგად ჩანს ქალის უფლება სამეფო ოჯახში. 
	ხეთურ სამაღთალში დიდი ადგილი აქვს დათმობილი საოჯახო სამართლისა და მემკვიდრეობის წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ხეთური ოჯახი კანონების შედგენის დროს პატრიარქალურ ხასიათს ატარებდა და მის სათავეში ოჯახის უფროსი-მამა ედგა და  მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა ცოლსა და შვილებზეც, მაინც არ მიდიოდა მისი ძალაუფლება იმ უკიდურესობამდე, როგორც ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. მამას შეეძლო ჩამოერთმია შვილისთვის მემკვიდრეობის უფლება, გაეძევებინა იგი სახლიდან და გაეყიდა კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ შვილიც ისეთივე მდგომარეობაში იყო როგორც მონა. 
       ქორწინების წესებიც კი განსხვავებული იყო სხვა ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისგან. ქორწინების მთავარ ფორმას წარმოადგენდა ე.წ ქორწინება შესყიდვით, როდესაც სასიძოს ოჯახი გარკვეულ გამოსასყიდს გაიღებდა, სათანადო საქორწილო  ხელშეკრულება იდებოდა სარძლოსა და სასიძოს შორის. ამ ხელშეკრულების დარღვევა ისჯებოდა კანონით.  ხეთებთან არსებობდა ქორწინების კიდევ ერთი სახე ე.წ „ერებუ“ ქორწინება, როდესაც გამოსასყიდს იხდის ქალის ოჯახი და ყიდულობდა სიძეს. ამ შემთხვევაში სიძე ქალის ოჯახში გადადიოდა საცხოვრებლად, წყვეტდა კავშირს საკუთარ ოჯახთან და კანონიერი შვილის უფლებით აგრძელებდა სიმამრის გვარს. 
	ხეთური კანონები ძველი აღმოსავლეთის სამართლის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები ხამურაბის ცნობილი კანონებიდან გამომდინარეობს, მაინც არ კარგავს თავის სიდიადესა და პირიქით, გარკვეულ საკითხებში ხამურაბის კანონებზე წინ დგას, ხეთური კანონები მნიშვნელოვანი წერილობითი წყაროა ხეთური საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთბების შესასწავლად. იგი უძველესი სამართლებრივი ძეგლია მცირე აზიიდან და წარმოადგენს ხეთური სამართლის ბრწყინვალე ნიმუშს და მიუხედავად ხეთების სოციალურ-ეკონომიკური წყობის დაქსაქსულობისა, ის აბსოლუტურად ერგება თავისი ქვეყნის სტრუქტურას, ხეთური სამართლის ძეგლები ერთ-ერთი პირველია, რომელშიც გამოკვეთილია ადამიანის უფლებები, დახარისხებულია დანაშაულის სიმძიმეები და გათვალისწინებულია დამამძიმებელი ფაქტორები.  ასევე, ანტიკური სამყაროსგან განსხვავებით, აქ საკმაოდ მაღალია მონათა უფლებები, სამართლის ფენათა დიფერენციაცია და მათი ურთიერთობის მოდელები, ხეთური სამართალი უდიდეს და უძლიერეს სამართლებრივ კოდექსს წარმოადგენს და ერთ-ერთ დიდებულ წესთა კრებულს მსოფლიო ისტორიაში. 
 ლიტერატურა: ძველი აღმოსავლეთის ისტორია. გ.მელიქიშვილი
		 ათასი ღვთაების ქვეყანა. გ.გიორგაძე
		 ხეთების საიდუმლოება. კ.კერამი
		 როგორ ამეტყველდნენ ლურსმული წარწერები. გ.მელიქიშვილი
		 ძველი აღმოსავლეთის სამართალი. ი.დოლიძე

ხეთური ლიტერატურა[რედაქტირება]

ხეთური რელიგია[რედაქტირება]

   ხეთური რელიგია გამოირჩეოდა თავისებურებებით. ის წარმოადგენდა ყველა იმ რელიგიათა ჯამს, რომლებთანაც ურთიერთობა უხდებოდათ ხეთებს მთელი მათი არსებობის მანძილზე. როგორც თვით ხეთები აღნიშნავდნენ , არსებობდა "ხეთების სამეფოს 1000 ღვთაება".  ესენი იყვნენ ხეთური (პროტოხეთური), ნესური, ხურიული, ლუვიური, ფალაური, ბაბილონური, არიული და სხვა წარმოშობის ღვთაებები. ხეთურ პანთეონში შედიოდა, აგრეთვე, ყველა იმ რეგიონის ღვთაება, რომლებიც ხეთების სამეფოს შეუერთდნენ. 
   ყოველ ხეთურ ქალაქსა თუ დასახლებას თავისი ადგილობრივი კულტი ჰქონდა. ხეთური ხანის ანატოლიაში ძალზე გავრცელებული იყო ამინდის კულტი სხვადასხვა სახეობებით (საომარ ეტლზე ან ხარზე მდგარი). ხეთების სამეფოს სამხრეთ ოლქებში ლუვიური პანთეონის ღვთაებები — სანთა, დათა, თარხუნი და სხვა — ბატონობდნენ. სამხრეთ–აღმოსავლეთით — ხურიული პანთეონის წარმომადგენლები: ხეფათი, თეშუფი, შაუქშა და სხვა. ხეთების სამეფოს ცენტრში კი თაყვანს სცემდნენ პროტოხეთური პანთეონის ღვთაებებს. აქ მდებარეობდა ერთ-ერთი დიდი რელიგიური ცენტრი არინა, რომლის მთავარი ღვთაება მზის ქალღმერთი იყო. ამავე მხარეში მდებარეობდა მეორე დიდი რელიგიური ცენტრი ნერიქი, სადაც აღმერთებდნენ ამინდის ღვთაებას. მრავალ ადგილას თაყვანს სცემდნენ ნაყოფიერების ღვთაებას — თელიფინუს, რომელსაც ადარებენ სირიულ–ფინიკიურ ადონისთან, ეგვიპტურ ოსირისთან, სემიტურ თამუხთან და ა. შ. 
   ადგილობრივ ღვთაებათა გარდა, ხეთებს ჰქონდათ სახელმწიფო რელიგია. უზენაეს ღვთაებად ითვლებოდა მზის ქალღმერთი ქალაქ არინადან. ეს იყო "დედოფალი ხათის ქვეყნისა, ცისა და დედამიწისა, ქალბატონი ხათის მეფეთა და დედოფალთა". მის მეუღლედ ითვლებოდა ამინდის ღვთაება ხათისა, რომელსაც ეწოდებოდა "მეფე ცისა, ბატონი ხათის ქვეყნისა". მოგვიანო პერიოდში სახელმწიფო რელიგიამ განიცადა ხურიტული რელიგიის დიდი გავლენა. 
   როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო პანთეონის ღვთაებათა პატივსაცემად იმართებოდა პერიოდული რელიგიური დღესასწაულები. მაგ; ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ეწყობოდა ე. წ. "ფურული–დღესასწაული". ხეთური რელიგია ითვალისწინებდა, აგრეთვე, ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხასიათის რიტუალებს. მაგ: ხეთურ ტექსტებში აღწერილია მიცვალებულის (განსაკუთრებით, მეფის) დამარხვის ცერემონიალი, რომელიც 13 დღეს გრძელდებოდა. დამარხვის ხეთურ წესს, როგორც ვარაუდობენ, ბევრი საერთო აქვს ჰომეროსისეულ დამარხვის რიტუალებთან. 
             ლიტერატურა: ძველი აღმოსავლეთის ისტორია. გ.მელიქიშვილი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]