შინაარსზე გადასვლა

1412 წ. - კონსტანტინე I-ის დაღუპვა

ვიკიწიგნებიდან

ფურცლები საქართველოს მატიანედან

წყაროები

[რედაქტირება]

817 (1414/5) წ. - ყარა-იუსუფ თურქმანის ომი შირვანის ვალი სულთან იბრაჰიმთან

[რედაქტირება]

იმ დროს, როცა აჰმედ ჯალაირი თავრიზზე იყო წასული, შეიხ იბრაჰიმი შირვანს განაგებდა. [მას] დახმარება სთხოვა [აჰმედმა]. ამიტომ შეიხ იბრაჰიმმა თავისი შვილი გოუჰარ-შაჰი დიდი ჯარით გაგზავნა სულთნის დასახმარებლად. შირვანელები ბრძოლის დღეს [აჰმედის] ბანაკის მახლობლად ჩამოხდნენ. ამ დროს თურქმანთა ჯარის ერთი რაზმი, რომელიც საომრად იყო გამოსული, თავს დაესხა მათ. გოუჰარ-შაჰი დაიჭირეს და ყარა იუსუფს მიგვარეს.

კონსტანტინე მეფე (1407-1412)

როცა ამ ამბავმა შირვანს მიაღწია, შეიხ იბრაჰიმმა თურქმანთა ხელმწიფის კარზე მოციქულები გაგზავნა მრავალი საჩუქრით და თავისი შვილის დანაშაულის პატიება ითხოვა. ყარა-იუსუფმა თქვა: „შირვანი აზერბაიჯანის მეზობლადაა, შეიხ იბრაჰიმს კი ბაღდადის ჰაქიმთან[1] აქვს მეგობრობა და კავშირი და თავრიზის ვალის ებრძვისო“. ბოლოს, რადგანაც დიდად მოწყალე იყო, აპატია მას (გოუჰარ-შაჰს) დანაშაული და მრავალი ქონებით [დასაჩუქრებული] შირვანის ჰაქიმთან გაგზავნა. რამდენიმე ხნის შემდეგ შეიხ იბრაჰიმმა თავის შვილს გოუჰარ-შაჰს სიკვდილის შარბათი შეასვა იმის გამო, რომ ის (გოუჰარ-შაჰი) ყარა-იუსუფის მომხრეებს ეკუთვნოდა. [მერე] შეაგროვა დიდი და მრავალრიცხოვანი ჯარი, შეუერთდა საქართველოს მეფე კონსტანტინეს და შაქის ჰაქიმის შამს ედ-დინ ალის შვილებს[2] და ყარა-იუსუფის წინააღმდეგ საომრად გაემართა. იქიდან კიდევ ყარა-იუსუფი მრავალრიცხოვანი და ძლევამოსილი ლაშქრით შამბ-ე ყაზანისკენ[3] წამოვიდა. ამირ ყარამანი ერთი ჯგუფი ბუმბერაზებით, რომელნიც თავისი ცეცხლისმფრქვეველი და მთის გამხვრეტი ისრის წვერებით ტყუპების ზოდიაქოს ქამარს ცის გუმბათზე აკერებდნენ და სიცოცხლის წამრთმევი შუბების წვერებით მთვარეს სახიდან ლაქებს აცლიდნენ, [და] რომელთა ცხენების [მიერ ადენილი] მტვერი ღრუბელივით დიდი იყო, [მათი ნასროლი] ისრები წვიმისებრი, ხოლო ხმლების [კრიალი] ელვა-ქუხილის [მსგავსი], ამირახორებთან ერთად, რომელნიც მის ხალხს ეკუთვნოდნენ, წინამავლად წავიდა. ყარა-იუსუფმა ბაბა ჰაჯი-ბეგ ქავერდი[4] არდებილის მცველად დააყენა.

შეიხ იბრაჰიმი მტკვრის ნაპირას დაბანაკდა. გარშემო ხანდაკი იყო ამოჭრილი. ყარა-იუსუფის ჯარი ქარივით სწრაფად გადავიდა წყალზე და მტერს შეუტია. ამირ ყარამანი და ამირ ბასთამი ძლევამოსილად შეიჭრნენ მტრის კარვებში. შირვანელებმა ბრძოლა დაიწყეს. ბუმბერაზების ყიჟინა, ღაზიების ლოცვა-დიდება და შირვანელთა და ქართველთა ღრიალი ცას აყრუებდა, საომარ ქოსთა და სტვირთა ხმა მთებს აზანზარებდა, აფორიაქებდა და შიშის ზარს სცემდა.

სულთან იბრაჰიმმა რომ ყარა-იუსუფის ლაშქარი ნახა, თავისი მოუფიქრებელი საქციელი ინანა, რადგან [თურქმანთა] ძლევამოსილი, უამრავი ჯარისაგან ზღვა დუღდა და მამაცი მეომრების ცხენთა ჭიხვინისაგან ჰაერი [სავსე იყო] გრიალითა და ხმაურით.

კონსტანტინე სახელისა და დიდების მოსახვეჭად ბრძოლის ველზე გამოვიდა თავისი საზიზღარი ხალხით. თავდადებული ბრძოლა იწყეს და წინააღმდეგობის სარტყელი წელზე შემოიკრეს...

შირვანელებმა და ქართველებმა ყარა-იუსუფ თურქმანის ლომ-ალმიანი [ლაშქრის] შიშით მელიებივით ზურგი აქციეს და სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. მრავალი ქონება და ძვირფასი ნივთი დასტოვეს, ასე რომ ბრძოლის ველი სავსე იყო ტანისამოსით, ვერცხლის ჭურჭლითა და კარვებით.

ყარა-იუსუფის ჯარი ქართველებს სწრაფად გარს შემოერტყა და მჭრელი მახვილისა და სიცოცხლის წამრთმევი შუბების ცემით მრავალი ცუდმორწმუნე დაღუპვის მიწაზე დასცეს. კონსტანტინე ტყვედ ჩაიგდეს. სულთან იბრაჰიმი ხანდაკში ჩავარდა და ხელი მოიტეხა. ამ დროს ერთი თურქმანი წაადგა თავზე და ხელის ტკივილით შეჭირვებული [იბრაჰიმი] დანებდა მას. იმ კაცმა ხელმანდილი[5] მოაბა კისერზე მას და ყარა-იუსუფთან მიიყვანა. [სულთან იბრაჰიმის] სახელოვანი შვილებიდან და კეთილშობილი ამირებიდან ტყვედ იქნენ წაყვანილი: ყაზანფარი, ასადულაჰი, ხალილულაჰი, მანუჩაჰრი, აბრ არ-რაჰმანი, ნასრულაჰი, ჰაშემი, ფაიდარის ყაზი და ამირ ჰუშანგი[6]. რაკი შირვანელები სუსტად იბრძოდნენ, ყარა-იუსუფმა მათ არა ავნო რა, ხოლო დატყვევებული ქართველები დახოცეს. კონსტანტინეს ფირ-ბუდაყმა[7] თავისი ხელით მოკვეთა თავი[8]. სულთან იბრაჰიმს ბორკილები გაუყარეს და თავრიზში წაიყვანეს.

ერთხელ სულთან იბრაჰიმი ხელის ტკივილს უჩიოდა. ამირ ყარამ, რომელიც ფირ-ბუდაყის ათაბეგი იყო და ამირ სულთან იბრაჰიმს უვლიდა, [მისი ამბავი ყარა-იუსუფს] მოახსენა. ყარა-იუსუფმა დაიბარა ის. შირვანის ვალი თურქმანთა ხელმწიფეს ეახლა. მოხდენილი ახალგაზრდები და მორთულ-მოკაზმული ლამაზმანები, ბრძანების თანახმად, მას თასს აწოდებდნენ. სულთან იბრაჰიმმა უშიშრად იმდენი სასიამოვნო სიტყვა უთხრა ყარა-იუსუფს, რომ მას შეუყვარდა. ამ დროს ახი ყასაბმა თქვა: „ჩვენ თავმდები ვართ, რომ შევასრულებთ [იმას], რაც ამირ სულთან იბრაჰიმმა მისი უდიდებულესობისაგან მიიღო [ვალდებულებადო]“. ყარა-იუსუფმა შეიწყნარა ახი ყასაბის სიტყვა და ბოლოს, თავის კეთილშობილი და შემბრალებელი ხასიათის გამო, მისი (სულთან იბრაჰიმის) არმოსაწონი მოქმედება ისე ჩათვალა, ვითომც არ მომხდარიყოს, ფეხზე ბორკილი შეხსნა და გვერდით მოისვა. სულთან იბრაჰიმმა თავს იდვა ათას ორასი ერაყული თუმნის შეტანა სამეფო ხაზინაში[9]. იმ ზამთარს ყარა-იუსუფს ემსახურებოდა, გაზაფხულზე შირვანში წავიდა.

შენიშვნები
  1. იგულისხმება სულთანი აჰმედ ჯალაირი.
  2. შაქის დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროს XIV ს-ის მიწურულსა და XV ს-ის პირველ ნახევარში განაგებდა ორლათთა დინასტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი სიდი შამს ედ-დინ ალი თემურ ლენგის ლაშქართან ალინჯის ციხის მახლობლად გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. 1398 წელს შირვანშაჰ იბრაჰიმის შუამდგომლობით თემურმა შაქი დაღუპული სიდი ალის შვილს სიდი აჰმედს მისცა
  3. შამი ანუ შამბი ადგილია თავრიზის დასავლეთით. ილხანმა ყაზანმა (1295-1304) ამ ადგილას საფუძველი ჩაუყარა ახალ ქალაქს, რომელსაც ყაზანიე უწოდა სახელად.
    ჰასან რუმლუს ცნობა ყარა-იუსუფის შამბ-ე ყაზანისაკენ წასვლის შესახებ არ უნდა იყოს ზუსტი. შავბატკნიან თურქმანთა ლაშქარი შამბ-ე ყაზანისაკენ კი არ წასულა, რომელიც თავრიზის დასავლეთით მდებარეობს და ფაქტიურად მის გარეუბანს შეადგენს, არამედ ჩრდილოეთით, ყარაბაღისაკენ დაიძრა.
    როგორც ზემოთ უკვე ითქვა, შამბ-ე ყაზანისთან ყარა-იუსუფმა აჰმედ ჯალაირი დაამარცხა. ჰასან რუმლუს თხზულებაში ამ ბრძოლის შესახებ საერთოდ არაფერია ნათქვამი. გარდა ამისა, ჩვენს ავტორს აღნიშნული არა აქვს იბრაჰიმისა და მისი მოკავშირეების ყარა-იუსუფის წინააღმდეგ გალაშქრების მიზეზი და ისინი გამოჰყავს ამ ბრძოლის ინიციატორებად. ნამდვილად კი ყარა-იუსუფმა რამდენიმეჯერ მოსთხოვა შირვანშაჰს, უბრძოლველად დამნებდიო, და ბოლოს დაიძრა კიდეც მის დასამორჩილებლად.
  4. ბაბა ჰაჯი ქავერდი ყარა-იუსუფის ბეჭდის მცველი იყო. მასვე მიცემული ჰქონია სოიურღალად ქავერდის ციხე და 600 სოფელი სახნავ-სათესი მიწებით (И. П. Петрушевский, Го- сударства Азербайджана в ХV в., გვ. 189; И. П. Петрушевский, Очерки из истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI- начале XIX вв., Л. 1949, გვ. 148).
  5. სპარსულ ტექსტშია „ფუთა“, რაც აგრეთვე აბანოში სახმარ წინსაფარს და ხელსაწმენდსაც ნიშნავს (ვ. ფუთურიძის შენიშვნა).
  6. ყაზანფარი, ასადულაჰი, ხალილულაჰი (მომავალი შირვან- შაჰი), მანუჩაჰრი, აბდ არ-რაჰმანი, ნასრულაჰი და ჰაშემი იბრაჰიმის შვილები იყვნენ. სხვა წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე შირვანშაჰის ძმა ბაჰლული. მირხონდი ფაიდარის ყადის ნაცვლად ბაიაზედის ყადის ახსენებს (И. П. Петрушевский, Государства Азербайджана в ХV в. გვ. 160).
  7. ფირ-ბუდაყი ყარა-იუსუფის ვაჟი იყო.
  8. კონსტანტინესთან ერთად თურქმანებს დაუხოციათ აგრეთვე მისი ძმებიც (ან ძმა) და სამასი ქართველი აზნაური (აბდ არ-რეზაყ სამარყანდი, შერეფ-ხან ბითლისი).
    აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ჰასან რუმლუს, რომლის თხრობა ამ შემთხვევაში სხვა წყაროთა მონაცემებს ემყარება, სწორად არა აქვს მოცემული აღწერილი ამბების თარიღები. კერძოდ, როგორც აღვნიშნეთ, ყარა-იუსუფისა და აჰმედ ჯალაირის ბრძოლა 1410 წელს მოხდა, ხოლო ომი ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს მბრძანებელსა და ამიერკავკასიის მეფე-მთავართა შორის 1412 წლის ნოემბერში გაიმართა. ჰასან რუმლუს გარდა ამ ომის შესახებ ცნობები მოეპოვებათ მათეოს განძასარელს, აბდ არ-რეზაყ სამარყანდის, შერეფ-ხან ბითლისის, მუნეჯიმ-ბაშის (იხ. ი. აბულაძე, მათეოს განძასარელის ცნობა მეფე კონსტანტინეს შესახებ, „ენიმკის მოამბე., V-VI, თბ., 1940; რ. კიკნაძე, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების საბრძოლო მეგობრობის ისტორიიდან. თსუ შრომები, ტ. 108, 1964).
  9. შეიხ ახი ყასაბის თაოსნობით თავრიზელ ვაჭარ-ხელოსანთა გაერთიანებების მეთაურებმა, რომელთა შორის შირვანშაჰი იბრაჰიმი გარკვეული სიმპათიით სარგებლობდა, თავს იდვეს ყარა-იუსუფის მიერ მოთხოვნილი გამოსასყიდის გადახდა იმ პირობით, თუ იგი დათანხმდებოდა ნაღდი ფულის ნაცვლად საქონლის მიღებაზე. ყარა-იუსუფის თანხმობის მიღების შემდეგ თავრიზელებმა 1200 თუმნის ღირებულების საქონელი შეიტანეს ყარა-იუსუფის ხაზინაში. სამაგიეროდ კი მიიღეს ბარათები, რომლის საფუძველზე შირვანის საგადასახადო სახსრებიდან უნდა აეღოთ აღნიშნული თანხა (И. П. Петрушевский, Государства Азербайджана в ХV веке, გვ. 161).

რვაას თხუთმეტი წელი (1412)

[რედაქტირება]

იღლარი ყარა იუსუფისა[1] თავრიზიდან. შაბანის თვის 22[2] არანის ყარაბაღში ჩამოხტომა. ამირა ყარა იუსუფის გადასვლა მდინარე მტკვარზე და მისი ბრძოლა შეიხ იბრაჰიმ დერბენდისთან, სიდი აჰმად შაქისთან[3], კონსტანტინე ქართველთან[4] და ქართველ ამირებთან რამაზანის თვის[5] შუახანებში და შეპყრობა ამირ შეიხ იბრაჰიმის, მისი ძმის შეიხ ფოჰლულის, კონსტანტინე ქართველის, მისი ძმის და ქართველი სარდლების უმეტესობის. ყარა იუსუფმა ბრძანა, რომ კონსტანტინე ქართველი, მისი ძმა და სამასი სული ქართველ სახელოვანთაგან არარაობის მიწაზე დასცენ, უზრუნველობის ქარს გაატანონ და ჯოჯოხეთის ცეცხლში გაგზავნონ. დაბრუნება ყარა იუსუფისა შავალის თვის[6] მეორე ხუთშაბათს და თავრიზში ჩამოხდომა.


  1. ყარა იუსუფი (1410-1420) - "შავბატკნიან" თურქმენთა მბრძანებელი
  2. 815 წლის შაბანის 22 - შეესაბამება 1412 წლის 27 ნოემბერს
  3. სიდი აჰმედ შაქი - შაქის მბრძანებელი, შვილი სიდი ალი ორლათისა, რომელიც 1397 წელს თემურთან ბრძოლაში ალინჯის ციხესთან მოკლეს.
  4. კონსტანტინე I (1407-1412) - საქართველოს მეფე.
  5. 815 წლის რამაზანი შეესაბამება 1412 წლის 5 დეკემბრიდან 1413 წლის 4 იანვრამდე პერიოდს.
  6. 815 წლის შავალი შეესაბამება 1413 წლის 4 იანვრიდან 2 თებერვლამდე პერიოდს.
  1. მირხონდი