ძველი რომის ისტორია/რომის სამეფო

ვიკიწიგნებიდან

რომულუსის ცხოვრება და მეფობა[რედაქტირება]

რომულუსის დაბადება და სიყმაწვილე[რედაქტირება]

ჩვილი რომულუსი და რემუსი

პლუტარქე რომულუსის დაბადების შემდეგ მონათხრობს მიიჩნევს სანდოდ: ალბა ლონგაში მეფობდნენ ენეოსის ჩამომავლები ნუმიტორი და ამულიუსი. ამულიუსმა ხელში ჩაიგდო ძმის ტახტხი და რათა მის ძმისშვილს არ ჰყოლოდა შვილები, დანიშნა იგი ქალღმერთ ვესტას ქურუმად. რამდენიმე ხნის შემდეგ გაირკვა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო. ეს ვესტას ქურუმების წესის უხეში დარღვევა იყო. ამისთვის ქალი დაამწყვდიეს და მასთან არავის უშვებდნენ.

მან შვა ორი ვაჟი, ლამაზები და ძლიერები. ამან აღაშფოთა ამულიუსი და უბრძანა მსახურს, ბავშვები ტყეში წაეყვანა და იქ დაეტოვებინა. მსახურმა ბავშვები კალათაში ჩასვა და მდინარის პირას დატოვა. მდინარე ადიდდა, აიტაცა კალათა და გაიტანა მდელოზე. აქ ისინი ძუ მგელმა იპოვა და გამოკვება. ბავშვების დაცვაში მას კოდალა ეხმარებოდა. კოდალა და მგელი მარსის ღვთაებრივი ცხოველები არიან.

ჩვილები ამულიუსის მწყემსმა ფაუსტულმა იპოვა და გაზარდა. ნუმიტორის მომხრეებმა იზრუნეს მათ განათლებაზე. ბიჭები ლამაზები, ღონივრები და გულადები გაიზარდნენ, მაგრამ რომულუსი მაინც უფრო ჭკვიანი და საზრიანი იყო, ყველა ხედავდა რომ იგი ძალაუფლებისთვის იყო დაბადებული.

ძმებმა თავის გარშემო ათასგვარი ხალხი შეკრიბეს, მათ შორის იყვნენ მონები, ღატაკები და ათასგვარი ავანტიურისტები. მათთან ასევე ამულეუსის ტირანიით უკმაყოფილონი იკრიბებოდნენ, ალბათ ამან უბიძგა ძმებს მეფის წინააღმდეგ აჯანყება მოეწყოთ. ამულიუსი შეიპყრეს და მოკლეს.

რომის დაარსება[რედაქტირება]

ალბ–ლონგაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ძმებმა არ მოისურვეს ქალაქში დარჩენა და დამოუკიდებლად ქალაქის დაარსება განიზრახეს. ამ ნაბიჯისკენ მათ იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ მათ გარშემო შეკრებილ გაქცეულ მონებთან ქალაქის მოქალაქეებს ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდათ. ვერ მოასწრეს ძმებმა ქალაქის მშენებლობის დაწყება, როდესაც ადგილის არჩევის გამო წაიჩხუბეს. რომულუსმა პალატინის ბორცვი აარჩია, ხოლო რემუსს სურდა ქალაქის რემორიასთან დაარსება. ძმებმა გადაწყვიტეს ფრინველებზე მკითხაობით გადაეწყვიტათ ეს საკითხი, რომულუსის მხრიდან ექვსი ძერა გამოფრინდა ხოლო რემუსის მხრიდან ორჯერ მეტი. ზოგი ამბობს, რომ რომულუსმა მოიტყუა და რემუსი რომ მივიდა ფრინველები მხოლოდ მაშინ გამოფრინდნენ.

რემუსი ამის გამო ძალიან გაბრაზდა და როდესაც რომულუსმა კედლის გარშემო თხრილის თხრა დაიწყო, რემუსი მას დასცინოდა და საქმეს უფუჭებდა. ერთხელაც გადაახტა თხრილს და მკვდარი დაეცა. ზოგი ამბობს რომ იგი რომულუსმა მოკლა, ხოლო სხვები ამბობენ, რომ რომულუსის მეგობარმა ცელერუსმა.

რემუსის დაკრძალვის შემდეგ რომულუსმა დაასრულა ქალაქის მშენებლობა. მან ერუტრიიდან მოიწვია ქურუმები ქალაქის საკურთხევლად. გავრცელებული აზრის მიხედვით რომი დაარსდა მაისის კალენდებამდე 11 დღით ადრე, მეექვსე ოლიმპიადიდან მესამე წელს (ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილი).

ქალაქის დაარსების შემდეგ რომულუსმა დაყო სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ხალხი რააზმებად. ყოველი რაზმი შედგებოდა 3000 ქვეითისგან და 300 ცხენოსნისგან და ეწოდებოდა ლეგიონი. ასი საუკეთესო მოქალაქისგან რომულუსმა სენატი ჩამოაყალიბა, რაც უხუცესთა საბჭოს ნიშნავს. სენატორებს ეწოდათ პატრიციები ან იმიტომ რომ ისინი კანონიერი შვილების მამები იყვნენ, ან იმიტომ რომ მათ საკუთარი მამების დასახელება შეეძლოთ, მათ შორის ვინც რომის დაარსებისას ჩამოვიდნენ ქალაქში, ამის გაკეთება ბევრს არ შეეძლო. სხვა მოსაზრებით კი რომულუსს უნდოდა ძლიერთა და სუსტთა შორის მამაშვილური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ამიტომ უწოდა ძლიერთ მამები, პატრონები ანუ მფარველები.

ამან გამოიწვია პატრონების და კლიენტების ინსტიტუტების ჩამოყალიბება. პატრონი კლიენტს იცავდა სასამართლოებში, ეხმარებოდა რჩევებით, უხსნიდა კანონებს, ხოლო კლიენტი ემსახურებოდა პატრონის ინტერესებს. სასამართლოში კლიენტებს და პატრონებს ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის უფლება არ ჰქონდათ.

საბინელებთან ომი

საბინელებთან ომი[რედაქტირება]

ქალაქის დაარსებიდან ოთხი თვის შემდეგ ქალაქში უკვე ბევრი ხალხი იყო დასახლებული, მათ შორის ცოლიანები უმცირესობას წარმოადგენდნენ, ბევრი ჩამოსახლებული კი საკმაოდ საეჭვო პირი იყო, ნებაყოფლობით ქალები წესიერი ოჯახებიდან მათ ცოლად არ გაჰყვებოდნენ. რომულუსმა ჩათვალა, რომ ამ ხალხისგან ახალი ქალაქის მოქალაქეების ჩამოსაყალიბებლად და ასევე საბინელებთან დასაახლოვებლად სჭირდებოდა ნათესაური კავშირების შექმნა.

რომულუსმა ჭორი გაავრცელა, თითქოს აღმოაჩინა ღმერთ კონსუსის საკურთხეველი, რომელიც დიდ ცირკში მოათავსეს და რომულუსმა დიდი მსხვერპლშეწირვები მოაწყო. დღესასწაულზე უამრავი ხალხი შეიკრიბა, რომულუსი კი სენატორებთან ერთად წითელ მოსასხამში გამოწყობილი იჯდა. მან ანიშნა რომაელებს დაეწყოთ თავდასხმა. რომაელებმა იშიშვლეს ხმლები და საბინელების ქალიშვილებს ეცნენ. მამებს არ შეუშალეს ხელი გაქცეულიყვნენ. მოიტაცეს მხოლოდ ქალიშვილები, არცერთი გათხოვილი ქალი არ დაუკავებიათ. ეს ამბავი 18 აგვისტოს მოხდა.

გამარჯვებული რომულუსი

საბინელებმა რომულუსთან ელჩობა გააგზავნეს და სთხოვეს მოტაცებული ქალების დაბრუნება, ზარალის ანაზღაურება და კანონიერი გზებით დანათესავება. რომულუსმა ქალები არ დააბრუნა და მოუწოდა საბინელებს ეცნოთ ქორწინებები. საბინელთა მეფემ მიიჩნია რომ რომულუსის თავხედობა ყველა ზღვარს სცილდება და იგი ძალიან საშიშია და გაილაშქრა რომზე. როდესაც ორი ლაშქარი ერთმანეთს შეხვდა, რომულუსი პირადად შეებრძოლა და დაამარცხა საბინელთა მხედართმთავარი. მან ასევე აიღო საბინელთა ქალაქი და უბრძანა მოსახლეობას დაენგრიათ სახლები და რომში გადმოსახლებულიყვნენ. ამის შემდეგ სხვა ქალაქებმაც გაილაშქრეს რომის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა დამარცხდა. რომაელები ანგრევდნენ საბინელთა ქალაქებს და მოსახლეობას აიძულებდნენ რომში გადმოსახლებულიყვნენ, მათ მიწებს კი რომაელები იყოფდნენ, მხოლოდ მოტაცებული ქალების მამების მიწებს არ ახლეს ხელი.

საბინელებმა კიდევ შეკრიბეს ჯარი და გაემართნენ რომისკენ. ქალაქის ერთ-ერთი მცველის ქალიშვილმა ტაპიამ გაუღო საბინელებს ჭიშკარი, რადგან საბინელთა ოქროს სამაჯურები მოეწონა. ქალაქში შესვლის შემდეგ საბინელებმა მოიხსნეს სამაჯურები და ფარები და ესროლეს მოღალატეს, ისე რომ ტაპია ფარების სიმძიმის ქვეშ დაიღუპა.

ქალაქში ცხარე ბრძოლა გაიმართა, რომულუსი დაჭრეს, უპირატესობას ვერცერთი მხარე ვერ აღწევდა, დანაკარგი კი ორივეს დიდი ჰქონდა. ამ დროს გამოჩნდნენ მოტაცებული საბინელი ქალები და შეევედრნენ ორივე მხარის მეომრებს შეეწყვიტათ ბრძოლა. მათ დააწმუნეს საბინელები რომ რომაელი ქმრები მათ პატივს სცემენ და უყვართ და ახლა, როდესაც ისინი ცოლები და დედები გახდნენ გვიანია მათი უკან დაბრუნება. ასე დასრულდა ბრძოლა და დაიწყო მოლაპარაკებები, ქალებმა კი დაჭრილებს უპატრონეს და ანახეს საბინელებს რომ ქმრები მათ პატივისცემით და სიყვარულით ეპყრობიან.

საბინელებთან გაერთიანება და სხვა მეზობლებთან ომი[რედაქტირება]

მხარეები შეთანხმდნენ დაეტოვებინათ ქალები ვინც დარჩენას მოისურვებდა, ყველანი დასახლებულიყვნენ რომში და რომულუსთან ერთად ემეფა საბინელ მეფესაც.

ამგვარად რომის მოსახლეობა გაორმაგდა, ძველ პატრიციუსებს ახალი 100 პატრიციუსი დაემატა საბინელებისგან. ლეგიონებშიც უკვე 6 ათასი ქვეითი იყო და 600 ცხენოსანი. ხალხიც სამ ნაწილად გაყვეს, პირველს უწოდეს "რამნენსუსი" რომულის საპატივცემლოდ, "ტატნესუსი" ტატიუსის საპატივცემლოდ და "ლუკერსუსი" კორომის საპატივცემულოდ, სადაც ბევრი თავს აფარებდა. ამ დანაყოფს ტრიბი ეწოდა, ხოლო ტრიბებს სათავეში ტრიბუნები ედგნენ. ყოველი ტრიბი შედგებოდა ათი კურიისგან.

რომაელებმა და საბინებმა ბევრი რამე გადაიღეს ერთმანეთისგან, სამხედრო აღჭურვილობა, კალენდარი, დღესასწაულები, რელიგია. რომულუსი რელიგიურ რიტუალების გულმოდგინედ იცავდა, ბევრი კულტის წარმოშობას სწორედ მის სახელს უკავშირებენ.

ტატიუსის მმართველობის მეხუთე წელს, მისმა ნათესავებმა შენიშნეს ლავრენტიუმიდან მომავალი ელჩები და სცადეს მათთვის ფულის წართმევა, ელჩებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ნათესავებმა ისინი მოკლეს. როდესაც რომულუსმა შეიტყო ეს ამბავი, იგი განრისხდა და ბრძანა სიკვდილით დაესაჯა, ხოლო ტატიუსი ყოველგვარად ცდილობდა შეეცვლევინებინა რომულუსისთვის გადაწყვეტილება, მათ შორის ეს ერთადერთი ღია დაპირისპირება იყო. ელჩების ნათესავებმა რადგან ტატიუსის მიზეზით ვერ მიიღეს სამართალი, თავს დაესხნენ მას და მოკლეს, ხოლო რომულუსს თაყვანი სცეს მისი სამართლიანობის გამო. რომულუსმა ტატიუსი პატივით დაკრძალა, მაგრამ მისი მკვლელების დასჯა საჭიროდ არ ჩათვალა.

რომულუსმა დაიპყრო ბევრი მეზობელი ქალაქი, ზოგის მოსახლეობა რომში გადმოასახლა და დაანგრია, ხოლო ზოგ ქალაქში რომაელები ჩაასახლა.

რომის სიძლიერე დღითიდღე მატულობდა, ეტრუსკები მათ გაძლიერებას შიშით უყურებდნენ. ქალაქ ვიიმ პირველმა გამოუცხადა ომი რომს. ბრძოლაში რომაელებმა და რომულუსმა არნახული მამაცობა გამოაჩინეს. როდესაც მტრის ჯარი დამარცხდა, რომულუსმა დაიკავა ქალაქი. ვიის მოქალაქეებმა სამშვიდობო ზავი დადეს რომაელებთან, ზავის პირობებით, მათ გადასცეს ნაწილი ტერიტორიები რომს და მძევლებად 50 ყველაზე პატივცემული მოქალაქე გაატანეს. ოქტომბრის იდებში რომულუსი ტრიუმფით დაბრუნდა რომში.

რომულუსის საპატივცემლო წარწერა

მმართველობა და გარდაცვალება[რედაქტირება]

ეს რომულუსის უკანასკნელი ომი იყო. როდესაც მისი ბაბუა ნუმიტორი გარდაიცვალა, იგი უნდა გამხდარიყო ალბა ლონგას მეფე, მაგრამ მან ალბას მოქალაქეებს უფლება მისცა თვითონ ემართათ ქალაქი და მხოლოდ მმართველი დაუნიშნა. ამან რომაელებს უბიძგა ისეთი სახელმწიფოს შექმნის სურვილისკენ, სადაც არ იქნებოდა მეფე, ვინაიდან, ამ დროისთვის რომულუსი ერთპიროვნული მმართველი გახდა და პატრიციებს მხოლოდ ადათის დაცვის მიზნით კრებდა და არა მათი რჩევების მოსასმენად.

რომულუსი იქამდე მივიდა რომ ვიიდან წამოყვანილი მძევლები სენატის აზრის კითხვის გარეშე დააბრუნა, ამით მან სენატორები ძალიან შეურაცხყო. მალე, ივლისის ნონებში რომულუსი გაქრა. მის გარდაცვალებაზე ამ თარიღის გარდა სხვა სანდო ცნობები არ არსებობს. ზოგი მიიჩნევს რომ სენატორები მას ვულკანის ტაძარში დაესხნენ თავს, მოკლეს, სხეული აკუწეს და გადამალეს. სხვა მოსაზრებით რომულუსი გაქრა რომის გარეთ, ეგრეთ წოდებულ თხის ჭაობებთან. კიდევ სხვა მოსაზრებით, მან ფორუმზე შეკრიბა ხალხი, ამ დროს მზის დაბნელება მოხდა, ატყდა ქალიშხალი, ხოლო როდესაც გამოიდარა მეფე ვერსად ვერ იპოვეს, სენატორებმა გამოაცხადეს რომ იგი ღმერთებთან ავიდა და აკრძალეს მასზე ცნობების მოგროვება. ზოგმა დაიჯერა ეს, სხვებმა კი პატრიციებს მეფის მკვლელობა დააბრალეს.

ითვლება რომ რომულუსი 54 წლის ასაკში, მეფობის 38-ე წელს გაქრა.

ნუმა პომპილიუსი[რედაქტირება]

ნუმა პომპილიუსი

ნუმა პომპილიუსის წარმოშობა[რედაქტირება]

ნუმა მუზებს სთხოვს რჩევას

ნუმა პომპილიუსი წარმოშობით საბინელი იყო, ქალაქ კუროსიდან. პლუტარქეს ცნობით იგი რომის დაარსების დღეს დაიბადა. მამამისს, პომპონიუსს, ოთხი ვაჟი ჰყავდა, ნუმა უმცროსი იყო. ზოგი ანტიკური ავტორი ამტკიცებდა რომ იგი პითაგორას მოსწავლე იყო, მაგრამ პითაგორა ნუმაზე 200 წლით გვიან ცხოვრობდა. ტიტუს ლივიუსი მიიჩნევს რომ ნუმას მაღალი მორალური თვისებების მისაღწევად სრულიად არ ესაჭიროებოდა განათლების უცხოელ ფილოსოფოსთან მიღება, ვინაიდან საბინელები ზნეობით გამოირჩეოდნენ.

მის ზნეობრივ პრინციპებზე რომულუსის თანამმართველმა ტატიუსმაც შეიტყო და მიათხოვა ნუმას ერთადერთი ქალიშვილი. მიუხედავად ამისა, იგი არ გადასახლდა რომში, რადგან მშვიდი ცხოვრება ერჩივნა. დაქორწინებიდან 13 წლის შემდეგ ტატია გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ ნუმამ ქალაქი დატოვა და წმინდა ტყეში დასახლდა. ჭორების მიხედვით იგი მუზას შეუყვარდა და იქ ერთად ცხოვრობდნენ.

ნუმა უკვე ორმოცი წლის იყო, როდესაც რომიდან მასთან ელჩები მოვიდნენ და მეფობა შესთავაზეს. ნუმა ჯერ არ თანხმდებოდა მეფობაზე, მიაჩნდა რომ იგი არ შეეფერებოდა მეომარ ერს. მაგრამ ელჩებმა მოახერხეს მისი დარწმუნება და ნუმა დათანხმდა.

ნუმას მეფედ არჩევის წინაპირობები[რედაქტირება]

რომულუსის უცნაური სიკვდილის შემდეგ რომში მეფობის კანდიდატი არ იყო, საბინელი და რომაელი სენატორები ვერ თანხმდებოდნენ თუ ვინ უნდა ყოფილიყო რომის მეფე. ერთმანეთის კანდიდატებს კი არ სცნობდნენ. ეს იმით დასრულდა, რომ ასი სენატორი ათ-ათ კაციან დაჯგუფებად გაიყო, თითო დაჯგუფებამ აირჩია მეფე და 5 დღის ვადით მეფობდა ერთი მეფე, შემდეგ კი მეფე მეორე ჯგუფის წარმომადგენელი ხდებოდა. ასე გაგრძელდა დაახლოებით ერთი წელი.

უბრალო ხალხს ეს არ მოეწონა, ერთი ბატონის მაგივრად მათ ასი ბატონი მიიღეს. ხალხმა განაცხადა რომ აწი მეფის გარდა არავის აღარ დაემორჩილებოდნენ, ამიტომ სენატორებმა გადაწყვიტეს შეკრება რათა აერჩიათ მეფე. საბინელებმა ნუმა პომპილიუსის კანდიდატურა წამოაყენეს. ნუმა ცნობილი იყო არა მარტო მაღალი მორალური თვისებებით, არამედ საღვთო და საერო კანონებში განსწავლულობით. რომაელებმა ნუმას კანდინატურას ვერავინ ვერ დაუპირისპირეს და დათანხმდნენ.

ნუმას მმართველობა[რედაქტირება]

როდესაც ნუმა რომში ჩამოვიდა, ფორუმზე მოაწყეს კენჭისყრა და ნუმა ერთხმად იქნა არჩეული. მაგრამ ახალი მეფე ამით არ დაკმაყოფილდა, იგი ავიდა კაპიტოლიუმზე და ავგურს სთხოვა ემკითხავა ფრინველების გაფრენით. მკითხაობით დადასტურდა ხალხის არჩევანის მართებულობა და ნუმა გახდა მეფე.

ნუმას გამოსახულება მონეტაზე

გამეფების შემდეგ ნუმამ პირველი რაც ჰქნა, დაითხოვა 300 მცველის რაზმი. მას მიაჩნდა რომ სრულიად შეუძლია ენდოს ხალხს, რომელმაც იგი აირჩია.

ამის შემდეგ მან განიზრახა მოელბო რომაელთა რკინის ხასიათი და მიეჩვია ისინი სამართლიანობისთვის, ღვთისმსახურებასა და მოწყალებისთვის. ნუმამ იცოდა, რომ ეს არ იყო ადვილი ამოცანა, რადგან ახალი ერი ომებში აღმოცენდა და მშვიდობა მათთვის უცხო იყო. ამისთვის მან დააწესა მრავალი რელიგიური დღესასწაული და თვითონ ხელმძღვანელობდა მსხვერპლთშეწირვებს და სხვა რიტუალებს.

ნუმამ ააგო ღმერთი იანუსის ტაძარი, რომლის კარიბჭე იღებოდა მხოლოდ ომის დროს და ომის დასრულებისთანახე იხურებოდა. ნუმამ მეზობლბთან მშვიდობა დაამყარა და საზეიმოდ ჩაკეტა ტაძრის კარიბჭე. მისი მმართველობის დროს კარიბჭე არცერთხელ არ გახსნილა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ძალიან იშვიათად იხურებოდა. რესპუბლიკის პერიოდში იგი მხოლოდ ორჯერ დაიხურა, პირველი პუნიკური ომის შემდეგ ცოტა ხნით და როდესაც ოქტავიანემ დაამარცხა ანტონიუსი.

ნუმამ შექმნა მთვარის კალენდარი, წელიწადი დაყო თორმეტ თვედ, ვინაიდან მთვარის თვეში 30 დღე არაა და წლის შესრულებამდე აკლდებოდა 11 დღე, მან ჩაამატა დამატებითი თვე. წელიწადი 1 მარტს იწყებოდა.

ამის შემდეგ ნუმამ უმაღლესი ქურუმების თანამდებობა შექმნა, მათ პონტიფიკუსები ეწოდებოდათ. მეფეც პონტიფიკუსი იყო. პონტიფიკუსები ემსახურებოდნენ იუპიტერის, მარსის და რომულუსის კულტებს. მან ასევე დააწესა წმინდა ცეცხლის შენახვის კულტი, წმინდა ცეცხლზე ზრუნვა ვესტას ქალწულ ქურუმებს ევალებოდათ.

ვესტას ქალწულები ბევრი პრივილეგით სარგებლობდნენ, თუ გზად მათ შემთხვევით სიკვდილმისჯილი შეხვდებოდათ, მაშინ განაჩენი სისრულეში აღარ მოჰყავდათ. თუ ქალწული რამეს დააშავებდა მას პონტიფიკუსი სჯიდა, ხოლო თუ იგი ქალწულობას დაკარგავდა, მას ცოცხლად მარხავდნენ.

პონტიფიკუსების მოვალეობაში ასევე შედიოდა დაკრძალვის რიტუალების შესრულება, ამის გარდა ისინი ხალხს უნდა დახმარებოდნენ და ესწავლებინათ სხვადასხვა რიტუალების ჩატარება.

ნუმა პომპილიუსი ხალხში

ნუმას მიერ მიღებულმა ზომებმა გაამართლა, ხალხი უკვე არა ომებზე, არამედ ღვთისმსახურებაზე ფიქრობდა, მეზობლების აზრიც შეიცვალა რომზე - ადრე თუ რომს მათ დასაღუპად აღმართულ სამხედრო ბანაკად აღიქვამდნენ და არა ქალაქად, ახლა უკვე შეიცვალეს აზრი და სამარცხვინოდ მიაჩნდათ ევნოთ ასეთი ღვთისმოსავი ერისთვის.

მეფემ ვესტას ტაძართან აიგო სასახლე. ნუმას მეორე მიზანი იყო ბოლომდე შეერწყა საბინელები და რომაელები, ამ დროს ქალაქი თითქოს და ორად იყო გაყოფილი. ამ სხვაობის გასაქრობად ნუმამ დაყო ერი მათი საქმიანობის მიხედვით. მან შექმნა ფლეიტისტთა, ოქრომჭედელთა, დურგალთა, მღებავთა, მეწაღეთა და სხვათა ცეხები, ყოველი ცეხისთვის დანიშნა შეკრების დღეები და ყველას დაუწესა პროფესიული დღესასწაულები.

ნუმას ქორწინებასა და შვილებზე ისტორიკოსების აზრები განსხვავდება. ზოგი მიიჩნევს რომ იგი მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული და ერთადერთი ქალიშვილი პომპილია ჰყავდა, სხვებს მიაჩნიათ რომ მას კიდევ ოთხი ვაჟი ჰყავდა, მესამენი კი უარყოფენ მეორეთა აზრს და ამტკიცებენ რომ პომპილია ნუმას მეორე ქორწინებისგან დაიბადა, როდესაც ეს უკანასკნელი უკვე რომის მეფე იყო. ყოველ შემთხვევაში პომპილია გათხოვილი იყო მარციუსზე და მისი ვაჟი ანკუს მარციუსი რომის მეოთხე მეფე გახდა.

სიკვდილი[რედაქტირება]

ნუმა პომპილიუსმა 43 წელი იმეფა და ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მის დასაფლავებაზე შეიკრიბნენ არა მარტო რომაელები, არამედ მეზობელი ქალაქების მოსახლეობაც. ისეთი გლოვა და მოთქმა იყო, თითქოს არა მოხუც მეფეს კრძალავდნენ, არამედ ახალგაზრდა ახლობელს. იგი არ დაწვეს, როგორც ეს რომში იყო მიღებული, არამედ დაკრძალეს ქვის კუბოში, მეორე კუბოში კი მის მიერ დაწერილი წმინდა წიგნები დაკრძალეს, ასეთი იყო ნუმას სურვილი.

ამგვარად რომი განადიდა მისმა ორივე პირველმა მეფემ, რომულუსმა დაპყრობებით, ნუმამ კი მშვიდობით და ღვთისმოსაობით. ნუმას დიდებას მის შემდეგ მეფეების უბედურებამაც შეუწყო ხელი. ნუმას სიკვდილის შემდეგ რომის ტახტზე ხუთი მეფე ავიდა, უკანასკნელი კი განდევნეს და მეფობის მმართველობა რომში ამით დასრულდა.

ტულოს ჰოსტილიუსი[რედაქტირება]

ტულუს ჰოსტილიუსის ბაბუა რომულუსის თანამებრძოლი იყო და დაიღუპა საბინელებთან ბრძოლაში, როდესაც ისინი რომში შევიდნენ. ხასიათით იგი თავის მეომარ ბაბუას და რომულუსს ჰგავდა. ნუმა პომპილიუსის სიკვდილის შემდეგ სახალხო კრებამ იგი აირჩია მეფედ.

ახალ მეფეს მიაჩნდა, რომ ხანგძლივი მშვიდობის პერიოდი ხელს არ უწყობს რომაელთა საბრძოლო შემართებას, ამიტომ მან გადაწყვიდა ალბა ლონგასთან ომის დაწყება. მიზეზი მარტივი იყო - დრო და დრო ალბა ლონგელი და რომაელი მწყემსები ერთმანეთს პარავდნენ საქონელს. ორივე მეფემ ერთდროულად გააგზანა ერთმანეთთან ელჩები, რათა ზარალის ანაზღაურება მოეთხოვათ, ხოლო უარის შემთხვევაში ომი უნდა დაეწყოთ. ტულუსმა თავის ელჩებს უბრძანა ყურადღება არ გაეფანტათ, პირდაპირ მისულიყვნენ მეფესთან და განეცხადებინათ მისთვის პრეტენზიები, უარის შემთხვევაში კი ომი გამოეცხადებინათ და მაშინვე უკან დაბრუნებულიყვნენ. ელჩები სწორედ ასე მოიქცნენ.

ხოლო ალბა ლონგელი ელჩები მეფემ კარგად მიიღო, გამართა ნადიმები და იქამდე არ ათქმევინა სათქმელი სანამ მისი ელჩები არ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ მან დაიბარა ალბა ლონგელი ელჩები და ათქმევინა მათი პრეტენზიები, როდესაც ჩამოსულებმ სიტყვა დაასრულეს, ტულუსმა განუცხადა რომ მისი ელჩები პირველები მივიდნენ ალბა ლონგას მეფესთან და მან ომი უკვე გამოაცხადა.

ორივე მხარე საგულდაგულოდ მოემზადა საომრად. ალბა ლონგელთა ჯარი პირველი შემოიჭრა რომის მიწებზე და ქალაქის მახლობლად დაბანაკდა. მათი მეფე ამ ბანაკში გარდაიცვალა და მათ დიქტატორი აირჩიეს. მეფის სიკვდილი ტულუსმა ღმერთთა ნიშნად მიიღო. ერთ ღამეს იგი ჩუმად გავიდა ქალაქიდან ჯართან ერთად, გაცდა ალბა ლონგელთა ბანაკს და მათ ქალაქისკენ დაიძრა, როდესაც დიქტატორმა ეს გაიგო, იგი იძულებული გახდა დადევნებოდა რომაელებს. როდესაც ორი ჯარი შეხვდა ერთმანეთს ალბა ლონგელმა დიქტატორმა შესთავაზა ტულუსს ტყუილად არ დაეღვარა სისხლი, რადგან მათ ერთმანეთის გარდა უფრო ძლიერი მტერი - ეტრუსკები ჰყავდათ, ხოლო გამოეყვანა სამი მეომარი თავისი ჯარიდან რომლებიც მოწინააღმდეგის სამ მეომარს შეერძოლებოდნენ, ვინც გაიმარჯვებდა, მისი ქალაქი იქნებოდა გამარჯვებული და იბატონებდა დამარცხებულ ქალაქში.

ჰორაციუსების ფიცი

სამი რომაელი მეომრიდან ორნი დაიღუპნენ, ხოლო მესამემ სძლია დაჭრილ ალბა ლონგელ მეომრებს და გაიმარჯვა. ალბიელთა დიქტატორი უსიტყვოდ დაემორჩილა ტულუსს. მაგრამ მშვიდობა მათთან ხანგძლივი არ იყო. დიქტატორი მეტიუსი ხალხის უკმაყოფილებამ აიძულა რომის წინააღმდეგგ დაეწყო მოქმედებები, იგი ხვდებოდა რომ საომარი რესურსები არ გააჩნდა, ამიტომ მან ყველანაერად სცადა გადაემტერებინა რომისთვის ფიდეას მოსახლეობა. როდესაც ეს კონფლიქტი ჩაცხრა, ტულუსმა მოუხმო მეტიუსს ჯარით გამოსულიყო ეტრუსკების წინააღმდეგ.

ალბა ლონგელები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ, მიუხედავად ამისა რომაელებმა ბრძოლა მოიგეს და მტრის არმია სასტიკად გაჟლიტეს. ბრძოლის შემდეგ მეტიუსი ლაშქარითურთ დაბრუნდა რომაელთა ბანაკში და მოულოცა მეფეს გამარჯვება. მეორე დილას ტულუსმა ბრძანა ორივე ჯარი შეკრებილიყო მის მოსასმენად, წინ ალბა ლონეგელები დააყენეს ხოლო მათ გარშემო რომაელები. აქ მან წარმოთქვა სიტყვა, რომლითაც მეტიუსის ღალატი ამხილა და გასცა მისი მოკვლის ბრძანება, ხოლო ალბელებს მოუწოდა რომში გადმოსახლებისკენ, რათა შეექმნათ საერთო სახელმწიფო. ამრიგად ქალაქი დაინგრა და რომს ახალი მოსახლეობა შეემატა.

ალბა ლონგელი უხუცესები სენატს მიემატნენ, ტულუსმა სენატის სხდომებისთვის კურია ააშენა. რომი კი გაიზარდა და გაფართოვდა. ალბალონგელი მხედრებისგან 30 რაზმი ჩამოყალიბდა.

ამ ძალებზე დაყრდნობით რომაელებმა საბინელებს გამოუცხადეს ომი. ორივე მხარე საგულდაგულოდ მოემზადა საომრად და რომაელებმა გაიმარჯვეს.

შემდგომი დამპყრობლური პოლიტიკის განხორციელებაში მეფეს ხელი ავადმყოფობამ შეუშალა. ტულუსმა ჩათვალა, რომ ღმერთები განარისხა და ამიტომ გახდა ავად. ნუმა პომპილიუსის წმინდა ჩანაწერების მიხედვით მან დაიწყო რიტუალების შესრულება, მან ან სწორად ვერ აღასრულა რიტუალი ან საერთოდ არასწორ რიტუალს ასრულებდა, მაგრამ მის სასახლეს მეხი დაეცა და იგი დაიწვა. მისი მეფობა 32 წელი გრძელდებოდა.

ანკუს მარციუსი[რედაქტირება]

ტულუს ჰოსტილიუსის სიკვდილის შემდეგ სენატორებმა მეფედ ნუმა პომპილიუსის შვილიშვილი ანკუს მარციუსი აირჩიეს. მან გამეფებისთანავე სცადა ბაბუის ადათ-წესების და პოლიტიკის აღორძინება. პონტიფიკუსებს უბრძანა ნუმა პომპილიუსის დარიგებები სახალხო რიტუალების შესახებ გამოექვეყნებინათ.

მეზობელმა ლათინებმა ახალი მეფის მშვიდობისკენ მისწრაფება სისუსტედ აღიქვეს და შემოესივნენ რომის მიწებს. ანკუსი მიხვდა რომ ამ სიტუაციაში ნუმასეულ ქცევაზე უფრო გამართლებული იქნებოდა ტულუსის და რომულუსისნაერი ქცევა, მაგრამ მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, მან იზრუნა საომარი დროისთვისაც შემოეღო ისეთი რიტუალები, როგორიც მისმა ბაბუამ მშვიდობიანობისთვის შემოიღო.

ამ რიტუალის თანახმად ელჩი როდესაც გადაკვეთდა იმ ქვეყნის საზღვრებს, რომელთანაც უთანხმოება იყო, თავზე შალის თავსაფარს იხურავდა და ამბობდა: "ისმინე იუპიტერო, ისმინეთ ამ ქვეყნის (სახელი) საზღვრებო, დაე შემისმინოს უზენაესმა სამართალმა. მე ვარ მთელი რომაელი ერის მაუწყებელი და პატივის დასაცავად მოვედი ელჩად, დაე დაიჯერეთ ჩემი სიტყვები!". შემდეგ იგი ჩამოთვლიდა ყველა პრეტენზიებს და მოწმედ იუპიტერს მოუხმობდა. იგივეს უმეორებდა იგი პირველ შემხვედრსაც, ქალაქის კარიბჭესთანაც და ქალაქის მთავარ მოედანზე და თუ 30 დღეში მისი პრეტენზიები არ კმაყოფილდებოდა, მაშინ იგი უკვე უცხადებდა ომს, მოწმეებად კი ყველა ღმერთებს უხმობდა. ამის შემდეგ ელჩი ბრუნდებოდა რომში.

რომში კი მეფე იწვევდა სენატს და ეკითხებოდა სენატორებს თუ რითი უნდა ეპასუხებინათ რომის პრეტენზიების დაუკმაყოფილებლობაზე და პასუხი იყო რომ ომი უნდა დაწყებულიყო, ამგვარად სენატი ადასტურებდა ომის გამოცხადებას. ბოლოს კი ადამიანი მიდიოდა მტრის საზღვრებთან და ომის გამოცხადების სიტყვებით ოთხი მოწმის თანხლებით სტყორცნიდა შუბს მტრული სახელმწიფოს საზღვრებში.

ანკუსმა აიღო ლათინთა ქალაქი პოლიტორიუმი და მოსახლეობა რომში გადმოასახლა. მოგვიანებით რომაელებმა აიღეს ტელენი და ფიკანუსი. ბოლოს ლათინებს მხოლოდ ერთი გამაგრებული ქალაქი დარჩათ - მედულიუსი. ამ ქალაქისთვის ბრძოლები დიდხანს გაგრძელდა. საბოლოო ბრძოლა კი ანკუსმა მოიგო და რომში დიდძალი ნადავლით დაბრუნდა. ამ მოვლენების შედეგად რომის გაზდამ მისი ტიბროსის მეორე ნაპირზე განფენაც გამოიწვია. მარციუსმა ააშენა ხის ხიდი ტიბრზე და გაამაგრა დასავლეთ ნაპირი.

მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაუარესდა კრიმინალური მდგომარეობაც, ამასთან საბრძოლველად მეფემ ციხე ააგო. მისი მმათველობის დროს გაიზარდა არა მარტო ქალაქი, არამედ რომის მიწებიც. მეფემ ტიბრის შესართავთან ქ. ოსცია - რომის ნავსადგური ააშენა.

მისი მმართველობის პერიოდში რომში მდიდარი ეტრუსკი ლუციუს ტარკვინიუსი, რომის მომავალი მეფე ჩამოვიდა. იგი მალე გახდა ანკუსის დაახლოვებული პირი და მრჩეველი.

ანკუს მარციუსმა 24 წელი იმეფა.

ლუციუს პრისკუს ტარკვინიუსი[რედაქტირება]

წარმოშობა და მეფედ არჩევა[რედაქტირება]

ლუციუსი იყო კორინთოელი დემარატის ვაჟი, მამამისი კორინთოდან სამოქალაქო ომის დროს გაიქცა და ეტრუსკულ ქალაქ ტარკვინიუსში დასახლდა. აქ მან ცოლი მოიყვანა და ორი ვაჟი, ლუკუმონუსი (მოგვიანებით ლუციუსი) და არუნტი შეეძინა. ლუკომონუსის ძმა ადრე მოკვდა, ამიტომ იგი თავისი მამის ქონების ერთადერთი მემკვიდრე გახდა. მამის სიკვდილის შემდეგ მან ცოლად დიდგვაროვანი ქალი ტანაკვილი მოიყვანა. პატივმოყვარე ქალისთვის რთული იყო იმასთან შეგუება რომ მისი მეუღლე არ სარგებლობდა ქალაქში სათანადო პატივით. ლუკუმონუსიც არ იყო პატივმოყვარეობას მთლად მოკლებული. მისმა მეუღლემ მიიჩნია რომ რომი მისი ჭკვიანი და ენერგიული ქმრის თვისებების გამოსავლენად და განსადიდებლად საუკეთესო ადგილი გახდებოდა, ვინაიდან ეს ქალაქი ახალი დაარსებული იყო და შესაბამისად იქაური არისტოკრატიაც ახალი წარმოშობილი იყო, თან მათ თავისი ადგილი საზოგადოებაში მხოლოდ პირადი დამსახურებებით მიიღეს.

ამრიგად ცოლქმარი რომში გადასახლდა. ახლად ჩამოსულები ქალაქში კარგად მიიღეს. აქ ლუკუმონუსმა სახელი შეიცვალა და ლუციუს ტრანკვინუსი დაირქვა, მოგვიანებით კი მას პრისკუსი ანუ ძველი შეარქვეს რათა მეორე ლუციუს ტარკვინიუსისგან განეხვავებინათ. ტანაკვილი არ შეცდა არჩევანში, ლუციუსმა მალე მიიპყრო რომაელთა ყურადღება და მეფე ანკუს მარციუსთან დაახლოვდა. იგი ქალაქის საბჭოებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და მალე მეფის ნდობა და მეგობრობაც დაიმსახურა. ამგვარად მარციუსის გარდაცვალების შემდეგ იგი მისი ვაჟების მეურვე გახდა.

ტარკვინიუსი ყველანაერად ეცადა ახალი მეფის არჩევნები რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო, ხოლო არჩევნების დღისთვის ანკუსის ვაჟები სანადიროდ გაუშვა. არჩევნებზე იგი ისეთი შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა, რომ სენატმა იგი მეფედ აირჩია.

მმართველობა[რედაქტირება]

დიდი ცირკი დღეს

ტარკვინიუსმა სენატი ახალი სენატორებით შეავსო. პირველი ომი მას ლათინებთან ჰქონდა, რომში იგი დიდძალი ნადავლით დაბრუნდა და აქამდე არნახული სიმდიდრის თამაშები მოაწყო. ცირკისთვის მან გამოყო ადგილი, რომელზეც მოგვიანებით დიდი ცირკი აშენდა. დღეს ეს გრანდიოზული ნაგებობა არაა შემორჩენილი, მაგრამ იმ ადგილზე კარგად ჩანს ცირკის კონტურები. ამ დროიდან რომში შემოვიდა ყოველწლიური თამაშების ჩატარების ტრადიცია, ამ თამაშებს რომაული ანუ დიდი ეწოდა.

ტარკვინიუსს ამის გარდა სურდა ქალაქის გარშემო ქვის გალავნის აგება, მაგრამ მას საბინელებთან გაჩაღებულმა ომმა შეუშალა ხელი. ომი იმდენად უეცრად დაიწყო, რომ რომაელებმა სათანადოდ მომზადება ვერც კი მოახერხეს. პირველ ბრძოლაში ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა, მაგრამ უპირატესობა ვერცერთმა ვერ მოიპოვა. ტარკვინიუსმა განსაზღვრა რომ რომაულ ჯარს აკლდა კარგი მხედრები, ამიტომ არსებულ სამ ცენტურიას მან მხედრები მიამატა.

მეორე ბრძოლა მდინარე ანიენის პირას გაიმართა. ჯარის გაძლიერებასთან ერთად რომაელებმა გამოიყენეს ეშმაკობაც: წინასწარ გაგზავნეს ხალხი, რომლებმაც მდინარის პირას მიმოფანტულ მორებს ცეცხლი წაუკიდეს და ტივებით წყალში გაუშვეს, ქარმა გააღვივა ცეცხლი, ტივები კი ხიდის ბურჯებში გაიჩხირა. ხიდს ცეცხლი წაეკიდა. ამან შეაშინა საბინელები და გაქცევაში ხელი შეუშალა. მდინარეში ჩაძირული საბინებელის აღჭურვილობა დინებამ რომთან გამოიტანა, ამრიგად ქალაქში გამარჯვების შესახებ უფრო ადრე შეიტყვეს ვიდრე ლაშქარი დაბრუნდა. თვითონ ბრძოლაში კი მხედრებმა გამოიჩინეს თავი.

ამ ომის შედეგად რომაელებმა საბინელებს კოლაცია (რომიდან 7-8კმ აღმოსავლეთით) წაართვეს. საბინელებთან ომის შემდეგ, ტარკვინიუსი ტრიუმფით დაბრუნდა რომში. ამის შემდეგ მან ძველი ლათინების წინააღმდეგ გაილაშქრა. ამ ომში დიდი ბრძოლები არ მოხმხდარა, მეფემ სათითაოდ აიღო ლათინების ქალაქები და ასე დაიპყრო მთელი ერი.

ომების დასრულების შემდეგ მან ააშენა ქალაქის გარშემო ქვის გალავანი, დააშრო ფორუმის გარშემო დაბალი ადგილები და ააშენა დრენაჟების სისტემა, რათა ტიბრის ადიდებისას წყალდიდობები თავიდან აეცილებინა. კაპიტოლიუმზე მან იუპიტერის ტაძრის მშენებლობა დაიწყო.

ტარკვინიუსმა დაიახლოვა და აღზარდა როგორც საკუთარი შვილი, მის სახლში მცხოვრები მონა-ქალის ვაჟი სერვიუს ტულიუსი. მოგიანებით კი მან თავისი ქალიშვილი გაათხოვა შვილობილზე. ანკუს მარციუსის ვაჟები თვლიდნენ რომ ტარკვინიუსმა მათ მამის ტახტი უკანონოდ წაართვა, ხოლო ის რომ მისი მემკვიდრე მონად დაბადებული შეიძლებოდა გამხდარიყო, მათ აღმაშფოთებლად მიაჩნდათ. ამიტომ მათ განიზრახეს მეფის მოკვლა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

ამ მიზნისთვის მათ ორი თავზეხელაღებული მწყემსი აირჩიეს. მწყემსებმა სასახლის წინ საშინელი აყალმაყალი ატეხეს და მეფეს მოუხმობდნენ. როდესაც მეფემ ეს გაიგო, მან ბრძანა შემოეშვათ მწყემსები. მათ მეფის წინაშეც განაგრძეს წივილ კივილი, ლიქტორებმა ისინი დააშოშმინა და უბრძანა რიგრიგობით ელაპარაკათ. პირველმა მწყემსმა წინასწარ გამზადებული ისტორიის მოყოლა დაიწყო, სანამ მეფე მას ყურადღებით უსმენდა, მეორე მწყემსმა ნაჯახი ამოიღო და ტარკვინიუსს თავში ჩაარტყა.

მწყემსები იქვე შეიპყრეს, მაგრამ მეფე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. ტანაკვილმა ბრძანა ჩაეკეტათ სასახლე და არავინ შემოეშვათ. როდესაც იგი დარწმუნდა რომ ქმარი კვდება, მან მიმართა სერვიუსს ტულუსს, რათა მეფის სიკვდილი არ დარჩენილიყო დაუსჯელი. ტარანკვილმა ყველაფერი იღონა, რათა სიძე გამხდარიყო მეფე, და მხოლოდ ამის შემდეგ ამცნო ხალხს ტარკვინიუსის გარდაცვალების შესახებ.

სერვიუს ტულიუსი[რედაქტირება]

წარმოშობა და გამეფება[რედაქტირება]

გადმოცემის თანახმად სერვიუს ტულიუსი წარმოშობით ლათინური ქალაქ კორნიკულუსიდან იყო. მამამისი სტურიუს ტულიუსი, ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო მოქალაქე, რომაელებთან ბრძოლაში დაიღუპა, როდესაც ტარკვინიუს პრისკუსმა აიღო ქალაქი. ფეხმძიმე დედამისი ტყვედ ჩავარდა. ტარკვინიუსის მეუღლემ ამოიცნო იგი ტყვეებს შორის და საკუთარ სახლში მიიღო. აქ დაიბადა რომის მომავალი მეფე სერვიუს ტულიუსი. ბავშვობიდანვე ჩანდა რომ იგი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი იყო, ამიტომ მეფემ იგი საკუთარი შვილივით გაზარდა, საკუთარი ქალიშვილი მიათხოვა და მემკვიდრედ მიიჩნევდა.

ტარკვინიუსზე თავდასხმის შემდეგ ტანაკვილმა დამალა მისი სიკვდილის ფაქტი და მეფის ავადმყოფობის გამო მისი მოვალეობების შემსრულებლად სერვიუსი გამოაცხადა. რამდენიმე დღე სერვიუსი ასრულებდა მეფის ფუნქციებს, ზოგ გადაწყვეტილებებს თვითონ იღებდა, ზოგს კი სამომავლოდ დებდა, ვითომდა მეფესთან უნდა მოეთათბირებინა. ამრიგად როდესაც ტარკვინიუსის სიკვდილის ფაქტი გახმაურდა სერვიუსის მდგომარეობა ტახტზე უკვე მყარი იყო.

მმართველობა და რეფორმები[რედაქტირება]

სერვიუსმა თავისი ქალიშვილები ტარკვინიუსის ვაჟებზე გაათხოვა, რათა არ გამეორებულიყო იგივე ამბავი რაც ტარკვინიუსსა და ანკუს მარციუსის ვაჟებს შორის მოხდა, მაგრამ ამ ზომებმა მომავალში არ გაამართლა.

ეტრუსკებთან ზავის ვადა ამოიწურა, ამიტომ მან განაახლა მათთან ომი, სადაც ბრწყინვალედ გაიმარჯვა. ამის შემდეგ იგი სამოქალაქო რეფორმებს შეუდგა, მან ჩამოაყალიბა მოსახლეობის ქონებრივი ცენზით დაყოფა. ეს მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მანამდე მოვალეობების დაკისრება ხდებოდა სულ მოსახლეზე, ახლა კი ქონებრივი ცენზის მიხედვით.

  • მათგან, ვისი ქონებაც 100 000 ასს აღემატებოდა, სერვიუსმა 80 ცენტურიონი ჩამოაყალიბა, 40 უფროსი ასაკის, 40 უმცროსის (უფროსი ასაკი - 46-60, უმცროსი - 18-45). უფროსებს ქალაქის თავდაცვაზე უნდა ეზრუნათ, ხოლო უმცროსები ქალაქის გარეთ საომარ მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ. იარაღით მათ საკუთარი თავი თვითონ უნდა უზრუნველყოთ. ორი ცენტურიონი იარაღის გარეშე იყო, მათ საომარი მანქანები უნდა მიეწოდებინათ ჯარისთვის.
  • მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ ისინი, ვისი ქონებაც 75 000-დან 100 000 ასამდე იყო. მათგან, უფროსებისგან და უმცროსებისგან შედგა ოცი ცენტურიონი. შეიარაღება პირველ კატეგორიაზე ცოტა მსუბუქი.
  • მესამე კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ ისინი, ვისი ქონებაც 50 000 ასს აღემატებოდა. მათგანაც ოცი ცენტურიონი ჩამოყალიბდა. შეიარაღება იგივე.
  • მეოთხე კატეგორიის ცენზი იყო 25 000 ასზე მეტი. მათგანაც ოცი ცენტურიონი ჩამოყალიბდა. შეიარაღებიდან მხოლოდ შუბი უნდა ჰქონოდათ.
  • მეხუთე კატეგორიის ცენზი 11 000 ასი იყო. მათგან 35 ცენტურიონი ჩამოყალიბდა. მეომრებს მხოლოდ სატყორცნი ქვები უნდა ჰქონოდათ.

ვინც ამ ხუთ კატეგორიაში ვერ შევიდა, ისინი სამხედრო სამსახურისგან თავისუფლები იყვნენ. ამ სისტემამ გაიუს მარიუსის სამხედრო რეფორმამდე იმუშავა. ზემოთხსენებული ცენტურიონების გარდა სერვიუსმა ჩამოაყალიბა 12 ცხენოსანთა ცენტურიონი. ცხენოსნებს სახელმწიფო ხაზინიდან გამოეყოთ 10 000 ასი ცხენების შესაძენად, ხოლო ცხენების შენახვა გაუთხოვარ ქალებს ევალებოდათ, ამ მიზნისთვის მათ ხაზინაში ყოველწლიურად 2000 ასი უნდა შეეტანათ.

ამრიგად ღარიბი მოსახლეობის მაგივრად მდიდრებს უნდა შეენახათ ჯარი. ცენზები სამხედრო მოვალეობის შესრულების გარდა ხმის მიცემის სისტემასაც შეეხო. ადრე ყველას ერთნაერად ჰქონდა კენჭისყრის უფლება, ახლა კი ჯერ ცხენოსანთა ცენტურიონი იყრიდა კენჭს, შემდეგ პირველი კატეგორიის ოთხმოცი ცენტურიონი, თუ მათი აზრები არ ემთხვეოდა, მაშინ კენჭს მეორე კატეგორიის ცენტურიონები იყრიდნენ და ა.შ. ყველაზე ქვედა ფენამდე კენჭისყრა თითქმის ვერასდროს აღწევდა.

რომის ოთხ ტრიბად გაყოფის სქემა

მეფემ ქალაქი დაყო ოთხ ნაწილად - ტრიბებად. ამ ტრიბებს თავდაპირველ სამ ტრიბთან საერთო აღარაფერი ჰქონდათ. ისტორიკოსი ფლავიუს პიქტორუსის ცნობებით მოსახლეობის აღწერისას 80 000 ბრძოლისუნარიანი მამაკაცი გამოვლინდა. მოსახლეობის მატებასთან ერთად გაიზარდა ქალაქის საზღვრებიც.

რომის სახელმწიფო საკმარისად იყო იარაღის ძალით გამაგრებული, მაგრამ სერვიუსმა ჩათვალა რომ კულტურულადაც უნდა გაემაგრებინა. ამისთვის მან ლათინურ ქალაქებთან კავშირში ააგო ქალღმერთ დიანას ტაძარი რომში. ამით რომი უკვე უდავო ლიდერი გახდა ლაციუმში.

მკვლელობა[რედაქტირება]

სერვიუსს საკმარისი ძალაუფლება ჰქონდა და მისი მდგომარეობა ტახტზე მყარი იყო, მაგრამ როდესაც გაიგო ახალგაზრდა ტარკვინიუსის საუბარი იმის შესახებ რომ იგი ხალხის თანხმობის გარეშე მართავს, მოაწყო კენჭისყრა, სურთ თუ არა რომაელებს რომ მან კვლავაც იმეფოს. ხალხმა იგი ერთსულოვნად აირჩია მეფედ. მიუხედავად ამისა ახალგაზრდა ტარკვინიუსი სენატორებთან განაგრძობდა სევრიუსის ლანძღვას. ეს ახალგაზრდა ტარკვინიუსი ლუციუს ტარკვინიუსის ვაჟი იყო თუ შვილიშვილი ზუსტად უცნობია. ზოგ რომაელ ავტორს მიაჩნია, რომ იგი შვილი იყო, ზოგიც თვლის რომ შვილიშვილი, ხოლო იქედან გამომდინარე, რომ სერვიუს ტულიუსმა 44 წელი იმეფა, ლუციუსის შვილი ახალგაზრდა ვეღარ იქნებოდა, თუმცა ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი ეჭვის მიუხედავად მას სხვა ისტორიკოსების თანახმად შვილს უწოდებს.

ასეა თუ ისე, მას ჰყავდა ძმა არუნტუს ტარკვინიუსი, როგორც უკვე ვთქვით, ორივე ძმა მეფის ქალიშვილებზე იყვნენ დაქორწინებულნი. ლუციუსი ძალიან პატივმოყვარე იყო, ხოლო არუნტუსი ბუნებით დინჯი იყო. მათი მეუღლეები ქმრებს ხასიათებით სულ არ ჰგავდნენ. არუნტუსის მეუღლეს ტულიას არ უყვარდა თავისი ქმარი, ხოლო მაზლით აღფრთოვანებული იყო. მას თავისი დაც სძულდა, ვინაიდან მიაჩდა რომ იგი სათანადოდ ვერ აფასებდა ქმარს.

მან მალე დაარწმუნა მაზლი რომ ისინი ბევრად უკეთესად შეეწყობოდნენ ერთმანეთს ვიდრე ეწყობიან საკუთარ მეუღლეებს და მიაღწევდნენ ძალაუფლებას. შემდეგ მათ საიდულოდ მოკლეს მეუღლეები და დაქორწინდნენ. ტარკვინია ამის შემდეგ ყველანაერად აგულიანებდა ქმარს ახალი მკვლელობისთვის. ლუციუსმა ყველაფერი იღონა სენატში გავლენის მოსაპოვებლად, ხოლო როდესაც ჩათვალა რომ ნიადაგი მომზადებულია, შეიარაღებული ხალხითურთ შეიჭრა ფორუმზე და თავი მეფედ გამოაცხადა, ბრძანა შეეკრიბათ სენატი მეფე ტარკვინიუსის სახელით.

კურიაში სენატორთა თანდასწრებით დაიწყო სერვიუს ტულიუსის ლანძღვა. ამ დროს სერვიუსი თვითონ გამოცხადდა კურიაში. სერვიუსისა და ტარკვინიუსის მომხრეებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. თვითონ ტარკვინიუსი ეცა სერვიუსს, და ვინაიდან იგი ბევრად უმცროსი და ძლიერი იყო, ჩამოაგდო მეფე კიბიდან, შემდეგ კი ქუჩაში თავისი მომხრეები დააწია და მოაკვლევინა მეფე.

როგორც ისტორიკოსი გვამცნობებს, ამის შემდეგ ტულია ეტლით მივიდა კურიასთან და ქმარს უწოდა მეფე, ხოლო სახლში დაბრუნებისას ქუჩაში მამის გვამი დაინახა და ეტლით ზედ გადაუარა. ამ ქუჩას რომაელებმა წყეული ქუჩა უწოდეს.

ამრიგად სერვიუს ტულიუსმა 44 წელი იმეფა, მასთან ერთად დაიღუპა სამართლიანი სამეფო ხელისუფლება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი დიდება სიკვდილის შემდეგ.

ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი[რედაქტირება]

წარმოშობა და გამეფება[რედაქტირება]

ლუციუს ტარკვინიუსი, მოგვიანებით ამაყად (Superbus) წოდებული, ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსის ვაჟი იყო თუ შვილიშვილი, ზუსტად უცნობია. ზოგ რომაელ ავტორს მიაჩნია რომ იგი შვილი იყო, ზოგიც თვლის რომ შვილიშვილი, ხოლო იქედან გამომდინარე, რომ სერვიუს ტულიუსმა 44 წელი იმეფა, ლუციუსის შვილი ახალგაზრდა ვეღარ იქნებოდა, თუმცა ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი ეჭვის მიუხედავად მას სხვა ისტორიკოსების თანახმად შვილს უწოდებს.

სერვიუს ტულიუსმა მას და მის ძმას არუნტუს თავისი ქალიშვილები მიათხოვა. ლუციუსი ძალიან პატივმოყვარე იყო, ხოლო არუნტუსი ბუნებით დინჯი იყო. მათი მეუღლეები ქმრებს ხასიათებით სულ არ ჰგავდნენ. არუნტუსის მეუღლეს ტულიას არ უყვარდა თავისი ქმარი, ხოლო მაზლით აღფრთოვანებული იყო. მას თავისი დაც სძულდა, ვინაიდან მიაჩდა რომ იგი სათანადოდ ვერ აფასებს ქმარს. მან მალე დაარწმუნა მაზლი რომ ისინი ბევრად უკეთესად შეეწყობოდნენ ერთმანეთს ვიდრე ეწყობიან საკუთარ მეუღლეებს და მიაღწევდნენ ძალაუფლებას. შემდეგ მათ საიდულოდ მოკლეს მეუღლეები და დაქორწინდნენ. ტარკვინია ამის შემდეგ ყველანაერად აგულიანებდა ქმარს ახალი მკვლელობისთვის. ლუციუსმა ყველაფერი იღონა სენატში გავლენის მოსაპოვებლად, ხოლო როდესაც ჩათვალა, რომ ნიადაგი მომზადებული იყო, შეიარაღებული ხალხითურთ შეიჭრა ფორუმზე და თავი მეფედ გამოაცხადა, ბრძანა შეეკრიბათ სენატი მეფე ტარკვინიუსის სახელით.

კურიაში სენატორთა თანდასწრებით დაიწყო სერვიუს ტულიუსის ლანძღვა. ამ დროს სერვიუსი თვითონ გამოცხადდა კურიაში. სერვიუსისა და ტარკვინიუსის მომხრეებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. თვითონ ტარკვინიუსი ეცა სერვიუსს, და ვინაიდან იგი ბევრად უმცროსი და ძლიერი იყო, ჩამოაგდო მეფე კიბიდან, შემდეგ კი ქუჩაში თავისი მომხრეები დააწია და მოაკვლევინა მეფე.

როგორც ისტორიკოსი გვამცნობს, ამის შემდეგ ტულია ეტლით მივიდა კურიასთან და ქმარს მეფე უწოდა, ხოლო სახლში დაბრუნებისას ქუჩაში მამის გვამი დაინახა და ეტლით ზედ გადაუარა. იმ ქუჩას რომაელებმა წყეული ქუჩა უწოდეს.

მმართველობა[რედაქტირება]

თავისი მმართველობის დასაწყისშივე მან დახოცა სერვიუსის მომხრე სენატორები. რადგან მან თვითონ შექმნა ძალით ხელისუფლების მოპოვების პრეცენდენტი, მას ეშინოდა რომ მის მოწინააღმდეგეებსაც იგივე არ გაეკეთებინათ და პირად მცველთა რაზმი შემოირტყა გარს. ხალხის კიდევ უფრო მეტად დასაშინებლად მან დამატებით რეპრესიებს მიმართა. მისი რეპრესიებისგან შეთხელებულ სენატს იგი ანგარიშს არაფერში არ უწევდა. მან განიზრახა ლათინებთან დაახლოვება, რათა მათი მხარდაჭერით განემტკიცებინა საკუთარ ხალხში მდგომარეობა. ამისთვის მან თავისი ქალიშვილი ლათინების მმართველს ოქტავიანე მემილიუს ტუსკულას მიათხოვა.

ომში იგი ისეთივე ვერაგი იყო, როგორც მშვიდობიანობისას უსამართლო. პირველი ომი მას ბოლსკებთან ჰქნდა. უცნობია თუ საიდან გადმოსახლდა ეს ერი, რომაელები მათ ორასი წლის მანძილზე ებრძოდნენ, სანამ არ დაიმორჩილეს და არ გაარომაელეს.

შემდეგ დაიწყო ომი ქალაქ გაბიუმთან. პირველ ბრძოლაში რომაელები დამარცხდნენ, ამიტომ ლუციუსმა გადაწყვიტა არარომაულად, ვერაგობით ემოქმედა. მან მოაჩვენა ყველას, ვითომ აღარ სურს ომი და დაიწყო ტაძრის მშენებლობა. ამასობაში მისი ვაჟი სექსტუსი გაიქცა გაბიაში და სთხოვა იქაურ მმართველს თავშესაფარი, მან მოიგონა თითქოს მამის სისასტიკეს გამოექცა. მისი მონაყოლი დაიჯერეს და გაბიუმელებმა იგი კარგად მიიღეს.

აქ სექსტმა არა ღიად, არამედ ჩუმჩუმად დაარწმუნა გაბიუმელი უხუცესები ომის განახლების საჭიროებაში. მცირე რაზმებით იგი ძარცვავდა რომის მიდამოებს და შეტაკებებში ყოველთვის იმარჯვებდა, ამან მას გაბიუმელების ნდობა მოუპოვა. ამის გარდა მან ინტრიგებით გადაკიდა ერთამეთზე უხუცესები. ბევრი მათგანი თვითონ მოსპო და ბრალად სხვადასხვა დანაშაულებები დასდო. ამგვარად დასუსტებული გაბიუმი ტარკვინიუსმა ადვილად ჩაიგდო ხელში.

ამ ამბების შემდეგ მან დაასრულა კაპიტოლიუმზე იუპიტერის ტაძრის მშენებლობა, რომელიც პირველმა ტარკვინიუსმა დაიწყო. დაახლოებით ამ დროს, როგორც ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი გვამცნობს, სასახლის სვეტიდან გამოძვრა გველი. ეს სიკვდილის ამღნიშნავი იყო. ამ ამბის განსამარტად მან დელფის ორაკულთან გაგზავნა თავისი ვაჟები ტიტუსი და არუნტუსი და მათთან ერთად თავისი დისშვილი ლუციუს იუნიუს ბრუტუსი.

ორაკულმა ჩასულებს ამცნო რომ რომში ძალაუფლება გადაუვა მას, ვინც პირველი აკოცებს დედას. ტარკვინიუსის ვაჟებმა ეს პირდაპირ გაიგეს, ხოლო ბრუტუსი მიხვდა წინასწარმეტყველების ნამდვილ შინაარს და აკოცა მიწას - ყველას საერთო დედას.

რომაელები ამ დროს რუტულების ქალაქ არდეუმთან ომობდენ. ეს იმ დროისთვის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი იყო, ტარკვინიუსის ფინანსური მდგომარეობა კი არასახარბიელო იყო. სწორედ ეს გახდა ომის მიზეზიც. პირველი შეტევა წარუმატებლად დასრულდა და რომაელებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს. ბანაკში სექსტ ტარკვინიუსი არისტოკრატ ახალგაზრდებთან ერთად ქეიფობდა. მათ შორის ტარკვინიუსის ნათესავი ტარკვინიუს კოლატინუსიც იყო. საუბარი შეეხო ცოლებსაც, კოლატინუსი ყველას არწმუნებდა რომ მისი ცოლი ლუკრეცია ყველაზე ღირსეული ქალი იყო. ყველამ ჩათვალა რომ რომში ჩასვლით და იმის ნახვით თუ როგორ შეეგებებოდნენ ცოლები უეცრად დაბრუნებულ ქმრებს, ყველაზე კარგად ასახავდა მათ მორალურ თვისებებს.

რომში გვიან ღამით ჩავიდნენ და კოლატინუსის სახლს მიადგნენ, მეფის რძლებისგან განსხვავებით ლუკრეცია სახლში იყო და შალს რთავდა. ამრიგად ცოლების "შეჯიბრში" ლუკრეციამ გაიმარჯვა. სექსტუს ტარკვინიუსს ნათესავის მეუღლე ძალიან მოეწონა. რამდენიმე დღის მერე სექსტუსი მარტო მივიდა ლუკრეციას სახლში. იქ მას კარგად გაუმასპინძლდნენ და სტუმრების ოთახში შესთავაზეს დაძინება. როდესაც სახლში ყველამ დაიძინა, სექსტუსი ლუკრეციას საძინებელში შეიპარა და დაემუქრა, რომ თუ იგი არ დანებდებოდა, იგი მას მაინც გააუპატიურებდა, მოკლავდა და მკვდარ მონას მიუწვენდა. ამ მუქარამ გაჭრა და ლუკრეცია დანებდა. როდესაც სექსტუსი წავიდა, ლუკრეციამ შიკრიკები გაუგზავნა ქმარს და მამას, ამცნო რომ ცუდი ამბავი მოხდა და რომ ისინი ერთგულ მეგობრებთან ერთად მოსულიყვნენ.

კოლატინუსსთან ერთად ლუციუს ბრუტუსიც ჩამოვიდა. ლუკრეციამ უამბო ქმარს და მამას თუ რაც შეემთხვა, დააფიცა ისინი რომ შურს იძიებდნენ და თავი მოიკლა. ბრუტუსმა მკვდარ ლუკრეციასთან დაიფიცა რომ შურს იძიებდა არა მარტო სექსტზე, არამედ ლუციუსზეც.

დამხობა და რომიდან გაძევება[რედაქტირება]

მოსახლეობამ როდესაც შეიტყო ამ ამაზრზენი ამბის შესახებ, აღშფოთდა, ბრუტუსმა კი შეკრებილ ახალგაზრდობას მოუწოდა შეიარაღებისკენ და აჯანყებისკენ. ფორუმზე რომ მივიდნენ ხალხი იქ უკვე შეკრებილი იყო. ბრუტუსმა მიმართა მათ და სექსტუსის უღირს საქციელთან ერთად დაგმო ლუციუსის სიამაყე და უსამართლობაც. მან მოუწოდა რომაელ ხალხს დაემხოთ მეფის მმართველობა რომში და სამეფო ოჯახი გაეძევებინათ.

ლუციუს ტარკვინუსმა როდესაც შეიტყო ამის შესახებ დაიძრა თავისი ჯარითურთ რომისკენ, მაგრამ რომაელებმა კარიბჭე არ გაუღეს. ჯარის იმედი მას აღარ ჰქონდა და ამიტომ ოჯახთან ერთად გაიქცა ერუტრიაში. სექსტი ჩავიდა გაბიუმში, სადაც იგი ძველმა მტრებმა მოკლეს.

ლუციუს ტარკვინუს ამაყმა იმეფა 25 წელი. რომში მეფობა 240 წელი გრძელდებოდა, დაარსებიდან რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე.

არქეოლოგიური მასალები[რედაქტირება]

რომაელი მეფეების სახელები და მით უმეტეს მეფობის წლები ძალიან პირობითია. უძველესი აღმოჩენილი რომაული წარწერა დათარიღებულია ძვ. წ. 600 წლით, იგი შესრულებულია ოქროს სამაჯურზე. მეფეების ვინაობაზე არანაირი ზუსტი ისტორიული წყაროები არ მოგვეპოვება, უძველესი რომაელი ისტორიკოსი - სენატორი ფაბიუს პიქტორუსი კი ძვ. წ. III საუკუნეში ცხოვრობდა, ანუ რომის დაარსების პირობითი დროიდან 4 საუკუნის შემდეგ. ძველ ბერძენ ისტორიკოსს პლუტარქეს აქვს მეფეების ბიოგრაფიები, მაგრამ იგი ცხოვრობდა პირველ საუკუნეში, და თან მის ბიოგრაფიებში ძალიან ბევრი ფანტასტიკური ეპიზოდია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩნდა რომ პალატინის ბორცვი სწორედ ძვ. წ. VIII საუკუნიდან იყო უკვე დასახლებული, ხოლო ლინგვისტური ანალიზის მიხედვით ძვ. წ. მეორე ათასწლეულში აქაველები მართლაც ცდილობდნენ ტიბრის მიდამოებში დამკვიდრებას.

სახელმწიფო წყობა[რედაქტირება]

ამ ეტაპზე რომის ქალაქ-სახელმწიფოს სათავეში მეფე ედგა, მაგრამ მეფე არ იყო ერთპიროვნული მმართველი. საკანონმდებლო ორგანოებს წარმოადგენდა რომის სენატი და სახალხო კრებები. კრებებზე ხმის უფლება მხოლოდ რომის მოქალაქეებს ჰქონდათ. მოქალაქე უნდა ყოფილიყო რომაული 300 გვარიდან ერთ-ერთი გვარის წარმომადგენელი. კრებებზე ხდებოდა კანონების მიღება, მეფეების არჩევა, რელიგიური საკითხების განხილვა, სასამართლოები და ა.შ.

სენატი თავდაპირველად წარმოადგენდა უხუცესთა საბჭოს, სადაც ყოველი გვარის უხუცესი წევრები შედიოდნენ. რომის ისტორიის განმავლობაში სენატი იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო.

ამ პერიოდის რომში უკვე არსებობდა მონათმფლობელობა, მაგრამ მას ჯერ პატრიარქალური ხასიათი ჰქონდა და მონები ძირითადად სახლის სამუშაოებისთვის გამოიყენებოდნენ.

როგორც წესი მეფეების არჩევა რომში ხდებოდა ერთი ოჯახიდან, მაგრამ ეს არ იყო აუცილებელი. მაგალითად ნუმა პომპილიუსი და ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსი საერთოდ არ იყვნენ რომაელები. მეფის არჩევა ხდებოდა სახალხო კრებაზე, შემდეგ არჩეულ კანდიდატს უგზავნიდნენ ელჩებს (ნუმა პომპილიუსი). მეფე იყო ასევე მთავარი მხედართმთავარიც და უზენაესი ქურუმი.

რომაელი ახალგაზრდები სრულწლოვანები 14-17 ასაკში ხდებოდნენ, ამ დროს ხდებოდა toga praetexta-ს toga virilis-ით შეცვლა. ამ ასაკიდან მათ ჰქონდათ სახალხო კრებებში მონაწილეობის უფლება. 60 წელს მიღწეული პირები კი რომში განიხილებოდნენ როგორც უხუცესები.

მეფემ სერვიუს ტულიუსმა რომის მოსახლეობა ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით ცენზებად დაყო. ცენზის მიზანი იყო მდიდარი პატრიციების და პლებეებისგან.

ერთიანი პოლირტიკური ერთეულის ჩამოყალიბერბა. მან რომის მოსახლეობა ქონებრივი ცენზით 6 კლასად და 193 ცენტურიად დაყო. თითო ცენტურია თითო კენჭისმყვრელ ერთეულს წარმოადგენდა, მათი შეკრება კი ცენტურიალური კომიცია გახდა.

ხალხი განიხილებიდა როგორც ჯარი და მთელი მოსახლეობა დაყოფილი იყო მხედრებად (equites) და ქვეითებად (pedites). ქვეითები იყოფოდნენ ზოგი ცნობებით ხუთ და ზოგით (დიონისიუს გალიკარნასელი) ექვს კლასად. მეექვსე კლასში ითვლებოდნენ ყველა, ვინც ქონებრივი ცენზით ვერ აღწევდა მეხუთე კლასს. იმის მიხედვით თუ რომელ კლასს მიეკუთვნებოდა ადამიანი, განისაზღვრებოდა თუ რა ნალოგი უნდა გადაეხადა და რა სახის სამხედრო სამსახური გაეწია.

კომიციებში კენჭის ყრისას ყოველი კლასი იყოფოდა ცენტურიებად. იგულისხმებოდა რომ თითო ცენტურიაში 100 კაცი უნდა ყოფილიყო, თუმცა პრაქტიკაში ცენტურიებში ხალხის რაოდენობა განსხვავდებოდა. ცენტურიის წევრები იყოფოდნენ ასაკის მიხედვითაც, ნაწილი იყო უფროსი ნაწილი უმცროსი. უმცროსები იყვნენ კაცები 17-დან 46 წლამდე, 46-ს ზემოთ კი უფროსების ცენტურიაში გადადიოდნენ. ყოველ ცენტურიას ჰქონდა თითო ხმა, ამრიგად კლასს იმდენი ხმა ჰქონდა, რამდენი ცენტურიაც იყო მასში. ასევე იყვნენ მხედრებიც დაყოფილი ცენტურიებად. ჩვენამდე კლასებად და ცენტურიებად დაყოფის ორმა წყარომ მოაღწია, ესენი არიან დიონისიუსი და ტიტუს ლივიუსი, მათი მონაცემები ცოტა არ იყოს განსხვავდება, ქვემოთ ცხრილში ორივე ავტორის მონაცემებია მოყვანილი.


ლივიუსის მიხედვით დიონისიუსის მიხედვით
I კლასი ცენზი 100 000 ასი
40 უფროსი ცენტურია
40 უმცროსი ცენტურია
2 დამატებითი ცენტურია
ცენზი 100 მინა
40 უფროსი ცენტურია
40 უმცროსი ცენტურია
II კლასი ცენზი 75 000 ასი
10 უფროსი ცენტურია
10 უმცროსი ცენტურია
ცენზი 75 მინა
10 უფროსი ცენტურია
10 უმცროსი ცენტურია
2 დამატებითი ცენტურია
III კლასი ცენზი 50 000 ასი
10 უფროსი ცენტურია
10 უმცროსი ცენტურია
ცენზი 50 მინი
10 უფროსი ცენტურია
10 უმცროსი ცენტურია
IV კლასი ცენზი 25 000 ასი
10 უფროსი ცენტურია
10 უმცროსი ცენტურია
ცენზი 25 მინი
10 უფროსი ცენტურია
10 უმცროსი ცენტურია
მუსიკოსების 2 ცენტურია (ერთი კენჭს უფროსებთან იყრიდა, მეორე უმცროსებთან)
V კლასი ცენზი 11 000 ასი
15 უფროსი ცენტურია
15 უმცროსი ცენტურია
მუსიკოსების და მარაგის 3 ცენტურია
პირადად აღრიცხულთა (capite censorum) 1 ცენტურია
ცენზი 12.5 მინი
15 უფროსი ცენტურია
15 უმცროსი ცენტურია
VI კლასი - ცენზი 12.5 მინაზე ნაკლები
პირადად აღრიცხულთა (capite censorum) 1 ცენტურია

ამრიგად ლივიუსის მიხედვით გამოდის 194 ცენტურია ხოლო დიონისიუსის მიხედვით 193. ლუწი რიცხვი იმ პირობებში როდესაც უმრავლესობა წყვეტს საკითხს მოუხერხებელია, ამიტომ დიონისიუსის ცნობებს მიიჩნევენ მართებულად. ციცერონიც ამ საკითხში ემხრობა დიონისიუსის მონაცემებში, სხვა მხრივ კი მისი ცნობები განსხვავდება ზემოთ მოყვანილთაგან. სიმართლის დადგენას ისიც ართულებს რომ ჩვენამდე მოღწეული ტექსტები ძლიერ დაზიანებულია.

ძველ რომაული კულტურა და რელიგია[რედაქტირება]

ლათინური დამწერლობა ჯერ კიდევ მეფობის დროს შეიქმნა ბერძნული დამწერლობის საფუძველზე. ისტორიკოსი დიონისე ჰალიკარნასელი (ახ. წ. I საუკუნე) ამტკიცებდა რომ საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი მეფე სერვიუს ტულიუსის და ლათინური ქალაქების ხელშეკრულება ქალღმერთ დიანას ტაძრის ერთობლივი მშენებლობის შესახებ. ეს წარწერა, როგორც იგი იუწყება, სპილენძზე იყო ამობეჭდილი, ხოლო ასოები ფორმით ძველ ბერძნულს წააგავდა.

1900 წელს რომის ფორუმის გათხრებისას აღმოაჩინეს ლეგენდარული მეფის რომულუსის საფლავის შავი ქვა წარწერით, მაგრამ ამ წარწერის გაშიფრვა ვერ განხორციელდა, ალბათ მასზე შელოცვები წერია.

ამ პერიოდის ხალხურ პოეზიას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა მოგვიანებით ნაწარმოებებში არის რელიგიური ჰიმნების ფრაგმენტები, რომლებიც ალბათ იმ დროს იყო შექმნილი.

იმ დროინდელ რომაულ რელიგიაში ბერძნული და ეტრუსკული ღმერთების გარდა ფიგურირებდნენ სახლის და ოჯახის სულები, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ გარდაცვლილთა სულები, რომლებიც მფარველობდნენ თავის ცოცხალ ოჯახის წევრებს. რომაული "პანთეონი" დახურული არასდროს იყო, მათ უხვად ემატებოდათ უცხოური ღმერთები.