ღია ოფისი (Open Office)/ნაწილი 2 Writer – ტექსტური რედაქტორი/ტექსტის შეყვანა

ვიკიწიგნებიდან

ტექსტის შეყვანის დაწყება შეიძლება ფურცლის ზედა ნაწილიდან. სტრიქონის დამთავრებისას ტექსტი ავტომატურად გრძელდება შემდეგ სტრიქონზე. აბზაცის გასაკეთებლად დააჭირეთ კლავიშს Enter და განაგრძეთ წერა. გვერდის დამთავრებისას ტექსტი ასევე ავტომატურად გაგრძელდება შემდეგ გვერდზე. Writer-ს გააჩნია კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო ფუნქცია, რაც არ აქვთ მის კონკურენტებს, ეს არის ავტოშევსება. ანუ როდესაც თქვენ ბეჭდავთ, პროგრამა იმახსოვრებს ყოველ თქვენს სიტყვას, და იგივე სიტყვის გამეორებისას თვითონ გთავაზობთ მის დაბოლოებას. თუ თქვენ ეთანხმებით სიტყვის ასეთ დაბოლოებას დააჭირეთ Enter ხოლო თუ არა, მაშინ განაგრძეთ ჩოულებრივად წერა.

ავტოდაბოლოება

სანამ ტექსტს რამეს უზამდეთ, ჯერ უნდა მონიშნოთ იგი. Writer-ში ტექსტი ზუსტად ისევე ინიშნება როგორც ნებისმიერ სხვა პროგრამაში. ტექსტის მთელი ბლოკების არჩევის გარდა შესაძლოა ასევე ტექსტის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრაგმენტების მონიშვნაც.

დაუკავშირებელი ფრაგმენტების თაგვით მოსანიშნად ასე მოიქეცით:

  1. ტექსტის პირველი ნაწილი მონიშნეთ
  2. დააჭირეთ Control კლავიშს და მონიშნეთ შემდეგი ფრაგმენტი.
  3. გაიმეორეთ ეს რამდენჯერაც საჭიროა.
  4. ახლა უკვე შეგიძლიათ იმუშავოთ მონიშნულ ტექსტზე.

დოკუმენტში მთელი ტექსტის მოსანიშნად გამოიყენეთ კლავიშები ctrl+A, ან მენიუ Edit -<select all.

ახლა, როდესაც ვიცით ტექსტის მონიშვნა, დროა ვისწავლოთ ტექსტის ასლი, ამოჭრა და ჩასმა. ეს ოპერაციებიც ისევე სრულდება როგორც ნებისმიერ სხვა პროგრამაში.

ამოსაჭრელად – მონიშნეთ ტექსტი, Edit -< Cut ან კლავიატურით ctrl+X ან სტანდარტულ ხელსაწყოთა პანელზე დააწკაპუნეთ ამოჭრის ღილაკს.

ასლისთვის ისარგებლეთ: Edit -< Copy ან კლავიატურით ctrl+C, ან სტანდარტულ ხელსაწყოთა პანელზე დააწკაპუნეთ ასლის ღილაკს.

ტექსტის ჩასასმელად კურსორი დასვით იმ ადგილას სადაც გსურთ ბუფერიდან ტექსტის ჩასმა და ისარგებლეთ: Edit -< Paste ან კლავიატურით ctrl+V, ან სტანდარტულ ხელსაწყოთა პანელზე დააწკაპუნეთ ჩასმის ღილაკს.

აბზაცების გადასაადგილებლად დააწკაპუნეთ სადმე აბზაცში, შემდეგ დააჭირეთ Control+Alt და ზედა და ქვედა ისრის მეშვეობით ან აიტანეთ ან ჩაწიეთ აბზაცი.

თუ შემთხვევით შეასრულეთ არასასურველი მოქმედება, მაგალითად წაშალეთ ტექსტის დიდი ფრაგმენტი, ან რაიმე მაგდაგვარი, თქვენ მარტივად შეგიძლიათ გააუქმოთ უკანასკნელი მოქმედება. ამისთვის ისარგებლეთ ან მენიუ Edit -< Undoან ხელსაწყოთა სტანდარტულ პანელზე შესაფერისი ღილაკით, ან კლავიატურით ctrl+Z. როგორც ხედავთ ამ ღილაკს გვერდზე გააჩნია პატარა შავი სამკუთხედი, მასზე დაწკაპუნებით თქვენ ჩამოგეშლებათ უკანასკნელი მოქმედებების სია, რომელშიც შეგიძლიათ აირჩიოთ თუ რომელი მოქმედების ჩათვლით გსურთ ცვლილებების გაუქმება.

გაუქმებული ცვლილებების მარტივად დაბრუნება შეიძლება შემდეგი ბრძანებით: მენიუ Edit -<Redo ან ხელსაწყოთა სტანდარტულ პანელზე შესაფერისი ღილაკით, ან კლავიატურით ctrl+Y. ამ შემთხვევაშიც ღილაკის გვერდზე გვაქვს გაუქმებული მოქმედებათა სია, რომლითავ შეგვიძლია ავირჩიოთ თუ რამდენი გაუქმებული მოქმედება დავაბრუნოთ. თუ არცერთი მოქმედება არ გაგვიუქმებია, მაშინ ეს ღილაკი ჩამქვრალია.

ძებნის ფანჯარა

როგორც ყველა ტექსტურ რედაქტორში, აქაც გვაქვს ტექსტის ძიების და ჩანაცვლების ფუნქციები. ამ ფუნქცისს გამოსაძახებლად ისარგებლეთ ან მენიუ Edit -<Find and Replace, ან ხელსაწყოთა სტანდარტულ პანელზე შესაფერისი ღილაკით, ან კლავიატურით ctrl+F. გამოსული ფანჯრის პირველ ველში ჩაწერეთ საძიებო სიტყვა, ხოლო მეორეში ჩასანაცვლებელი. თუ მხოლოდ მოძებნა გსურთ, მაშინ მეორე ველი ცარიელი დატოვეთ და დააწკაპუნეთ ძიებას. ხოლო თუ ყველაფრის ჩანაცვლება გსურთ მაშინ დააწკაპუნეთ ყველაფრის ჩანაცვლებას, მაშინ პროგრამა არც არაფერს გკითხავთ, ისე ჩაანაცვლებს ჩასანაცვლებელ სიტყვას მთელს დოკუმენტში. ძიება პოულობს საძიებო ველში ჩაწერილ სიტყვას მაშინაც კი, როდესაც ტექსტში იგი დამოუკიდებელი სიტყვა კი არ არის, არამედ სიტყვის ფრაგმენტია, თუ ამის აცილება გსურთ, მაშინ ქვემოთ მონიშნეთ ”Whole words only” და სიტყვების ნაწილები აღარ იქნება გათვალისწინებული.

ამ თავში ახსნილია ტექსტთან მუშაობისთვის ბაზისური აუცილებელი ცნებები. ქვემოთ ცხრილში მოყვანილია თავში ნახსენები კლავიშთა ბმები:

კლავიშთა კომბინაცია მენიუში ბრძანება მოქმედება
Ctrl+N File -< New ახალი ფაილის შექმნა
Ctrl+O File -< Open ფაილის გახსნა
Ctrl+S File -< Save ფაილის შენახვა
Ctrl+X Edit -< Cut ტექსტის ამოჭრა
Ctrl+C Edit -< Copy ტექსტის ასლი
Ctrl+V Edit -< Paste ტექსტის ჩასმა
Ctrl+Z Edit -< Undo მოქმედების გაუქმება
Ctrl+Y Edit -< Redo გაუქმებული მოქმედების დაბრუნება
Ctrl+F Edit -< Find and Replace მოძებნა და ჩანაცვლება

ამ ყველაფრის შემდეგ დროა შევქმნათ, პირველი დოკუმენტი ღია ოფისის Writer-ის მეშვეობით. ჯერ შექმენით ახალი ფაილი, შემდეგ შეინახეთ და დაარქვით ფაილს სახელი. ახლა შეიყვანეთ ერთ გვერდიანი ტექსტი და ისევ შეინახეთ. საჭიროებისამებრ გამოიყენეთ ამ გაკვეთილში ახსნილი ოპერაციები. მუშაობის დამთავრებისას შეინახეთ ფაილი და დახურეთ.