უილიამ შექსპირი/უილიამ შექსპირის სონეტა 6

ვიკიწიგნებიდან
სონეტა 6
უილიამ შექსპირის
სანამ შენს ზაფხულს ზამთრის ცივი ხელი გაგუდავს,

მაგ სილამაზით დაამშვენე თასი საბედო,
სიტურფის განძი მიაბარე სანდო საბუდარს,
მშვენიერებამ თავის მოკვლა რომ ვერ გაბედოს,

ვინ გაგამტყუნებს, სილამაზე რომ არ დანაცრო,
ხარკის გაღებას მშვენებისთვის ვინ არ ეცადა,
შენივ თავისთვის გააჩინე შენი სანაცვლო,
ათჯერ გამრავლდი, სიხარულიც გაათკეცდება.

ათი სიცოცხლე გაგიჩნდება ამოსარჩევად,
ბედით იქნები ათჯერ უფრო გატაცებული,
მაშინ სიკვდილის წასართმევი არრა დაგრჩება,
თუკი სიცოცხლე შვილს ექნება გადაცემული.

სიკვდილი აღარ მოგადგება თავის სანთლებით,
მემკვიდრეებად არ დაგრჩება მიწის მატლები.