უილიამ შექსპირი/უილიამ შექსპირის სონეტა 3

ვიკიწიგნებიდან
სონეტა 3
უილიამ შექსპირის
სარკეში იგრძნობ - დროა უკვე გახდე მშობელი;

განმეორება საჭიროა ბუნების განძთა.
მოტყუებული რომ არ დაგრჩეს წუთისოფელი
და ვინმე ასულს არ მოაკლო დედობის განცდა.

ყველა ქალისთვის სანატრელი მამაკაცი ხარ,
ყველა ქალწული შემოგწირავს თავის მშვენებას,
მაგრამ საკუთარ სილამაზეს გაუტაცნიხარ
და არ გაფიქრებს შენი მოდგმის გადაშენება.

დედაშენისთვის წარსულ დღეთა სარკე შენა ხარ,
მას ნეტარ აპრილს გაუცოცხლებს სიყრმე შვილისა,
როცა შენს შუბლსაც ნაოჭებით ჟამი შელახავს,
მაშინ გაგიღებს შვილი სარკმელს სიყმაწვილისას.

უშვილ-უძირო თუ დარჩები მიუსაფარად,
მაგ შენ სახესაც შენთან ერთად მიწა დაფარავს.