მექანიკა/სხეულის წონა/შეძლებთ თუ არა სკამზე მჯდომარე წამოდგომას?

ვიკიწიგნებიდან

თავის წიგნში პერელმანი მკითხველს უსვამს კითხვას:მე რომ გითხრათ: "თქვენ დაჯდებით სკამზე ისე, რომ ადგომას ვეღარ შესძლებთ, თუმცა კი შეკრული არ იქნებით", — ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობაში ჩამომართმევთ.

მაშ კარგი. დაჯექით სკამზე, როგორც ნაჩვენებია მე-16 ნახატზე, ე.ი. ტანი შვეულად დაიკავეთ და ფეხები სკამ ქვეშ არ შესწიოთ. ახლა სცადეთ ადგომა, მხოლოდ არც ფეხების მდგომარეობა შეცვალოთ და არც წინ დაიხაროთ.

ნახ. 16: ამ მდგომარეობაში შეუძლებელია სკამიდან ადგომა.
ნახ. 17: ასეთი ცილინდრი უსათუოდ უნდა წაიქცეს იმიტომ, რომ სიმძიმის ცენტრზე გავლებული შვეული ხაზი მისი ფუძის გარეშე გადის.

იმისათვის, რომ გაიგოთ რატომ არის ასე, საჭიროა ორიოდე სიტყვა ითქვას სხეულების წონასწორობის შესახებ საზოგადოდ და ადამიანის სხეულისა კერძოდ. მდგარი საგანი არ წაიქცევა, თუ მისი სიმძიმის ცენტრიდან გატარებული შვეული ხაზი მისი ფუძის შიგნით გადის. ამიტომ დახრილი ცილინდრი (ნახ. 17) უსათუოდ უნდა წაიქცეს. მაგრამ თუ ის იმდენად განიერი იქნება, რომ სიმძიმის ცენტრიდან გატარებული შვეული ხაზი მისი ფუძის ფარგლებში გაივლის, მაშინ ცილინდრი აღარ წაიქცევა.

შეგიმჩნევიათ როგორი უცნაური სიარული აქვთ ძველ მეზღვაურებს? იმის გამო, რომ მეზღვაურები მთელ თავის სიცოცხლეს მოქანავე გემზე ატარებენ, სადაც ყოველ წამს მოსალოდნელია, რომ მათი სიმძიმის ცენტრის შვეული ხაზი ფეხის ტერფებით დაკავებულ არეს გადასცილდეს, — ისინი ისეთი სიარულის ჩვევას იძენენ, რომ სხეულის ფუძე (ე.ი. განივრად გადგმული ფეხები) რამდენადაც კი შეიძლება მეტ ადგილს იჭერდეს. ამით ინარჩუნებენ მეზღვაურები წონასწორობას მერყევ გემბანზე. ბუნებრივია, რომ სიარულის ამ ჩვევას ინარჩუნებენ ისინი მიწაზე სიარულის დროსაც.

დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ცდას სკამზე მჯდომი ადამიანის ადგომის შესახებ. დამჯდარი ადამიანის ტანის სიმძიმის ცენტრი მოთავსებულია სხეულის შიგნით, ხერხემლის ახლოს, ოციოდე სანტიმეტრით ჭიპს ზევით, თუ ამ წერტილიდან შვეულ ხაზს გავატარებთ, იგი სკამქვეშ გაივლის, ფეხის ტერფების უკან. ხოლო, კაცმა რომ ფეხზე დგომა შესძლოს, ეს ხაზი ტერფებს შორის უნდა გადიოდეს.

ამნაირად ადგომის დროს ან მკერდი წინ უნდა წამოვწიოთ, რომ სიმძიმის ცენტრი გადავიტანოთ, ანდა ფეხები უკან უნდა დავწიოთ, რომ სიმძიმის ცენტრს საყრდენი მივცეთ, როცა სკამიდან ვდგებით. მაგრამ თუ ისეთი პირობა იქნება დათქმული, რომ არც ერთი უნდა გააკეთოთ და არც მეორე, მაშინ ადგომა შეუძლებელია, რაშიც თქვენ თვითონ შემთხვევა გქონდათ დარწმუნებულიყავით აწერილი ცდის შესრულების დროს.