აზიის უძველესი ისტორია/სარჩევი/შუმერი
შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების წარმოშობა
[რედაქტირება]ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI–V ათასწლეულებში აქ დასახლებული ტომები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით კლასების ჩამოყალიბება.
დაიწყო ასევე დასახლებების ზრდა და ქალაქების ჩამოყალიბება. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო განლაგებული, გალავნები შემოარტყეს და წარმოიშვა პირველი ქალაქები. ტაძრები ასრულებდნენ არა მხოლოდ რელიგიური კულტის თაყვანისცემის ფუნქციას, არამედ აქ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი და ინახებოდა მოსავლის მარაგები. დაახლოებით ძვ. წ. 3000 ― ძვ. წ. 2900 წლებში ტაძრების მეურნეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა უფრო რთული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რამაც განაპირობა დამწერლობის შექმნა.
ამ პერიოდისთვის დაარსებული უდიდესი შუმერული ქალაქები იყო: ერიდუ, ნიფური, ქიში, ლაგაში, ურუქი, ური და უმა.
დამწერლობამდელი პერიოდი და დამწერლობის შექმნა
[რედაქტირება]შუმერებმა წერა თიხის ფილებზე ლერწმით დაიწყეს. ყოველი სიმბოლო აღნიშნავდა რაიმე საგანს, ან ამ საგანთან დაკავშირებულ ცნებას. მაგალითად სიმბოლო „ფეხები“ ნიშნავდა სიარულს, მოსვლას, მოტანას, დგომას. ამრიგად გრამატიკული ფორმები დამწერლობაში არ აისახებოდა, და ეს თავდაპირველად არც იყო საჭირო, რადგან დოკუმენტებში აისახებოდა მხოლოდ ციფრები და გამოსათვლელი პროდუქტების სიმბოლოები. მხოლოდ ძვ. წ. 2400 წლისთვის მიიღო ლურსმულმა დამწერლობამ ისეთი სახე, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემა.
რაც შეეხება ლურსმულ დამწერლობას, თიხის ფილაზე ძალიან რთულია სიმბოლოების ასახვა, ამიტომაც მიიღო დროთა განმავლობაში სიმბოლოებმა ის ფორმა, რომელსაც ლურსმული დამწერლობის სახით ვიცნობთ.
ლურსმული დამწერლობით შექმნილი წარწერების შესწავლამ ცხადყო, რომ ამ პერიოდში სამხრეთ შუამდინარეთში ცხროვრობდა ორი სხვადასხვა ერი, რომლების ორ სრულიად განსხვავებულ ენებზე საუბრობდნენ და წერდნენ, ეს იყო შუმერული ენა და აქადური ენა. შუმერული ენა არ ენათესავება არცერთ ცნობილ ენას, ხოლო აქადური მიეკუთვნება აღმოსავლეთ სემიტურ ენებს. შესაძლოა ამ პერიოდში ცხოვრობდნენ კიდევ სხვაენოვანი ტომები, მაგრამ მათ შესახებ ცნობებმა ჩვენამდე არ მოაღწია.
მესოპოტამიური უძველესი ტექსტები (ძვ. წ. 2900 ― ძვ. წ. 2500) დაწერილია მხოლოდ შუმერულ ენაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ აღმოსავლელი სემიტები ამ პერიოდში არ ცხოვრობდნენ შუამდინარეთში, როდესაც ძვ. წ. 2350 წლამდე სამხრეთ მესოპოტამიაში უფრო გავრცელებული იყო შუმერული ენა, ცენტრალურ და ჩრდილო მესოპოტამიაში ჭარბობდნენ სემიტური ენები.
არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში შუმერებსა და სემიტებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტები არ ყოფილა, სავარაუდოდ მაშინ ხალხი ასეთი ფართო კატეგორიებით არ ხელმძღვანელობდა, ომობდნენ ერთმანეთში უფრო მცირე ერთეულები, ქალაქები და ტომები. ყველა მესოპოტამიელის თვითდასახელება იყო „შავთავიანი“, შუმერულად სანგ-ნგიგა აქადურად ცალმატ-კაქადი.
ვინაიდან იმდროინდელი ისტორია ჩვენთვის უცნობია, ისტორიკოსები ხელმძღვანელობენ არქეოლოგიური პერიოდიზაციით. არქეოლოგები ასხვავებენ დამწერლობამდელ პერიოდს (ძვ. წ. 2900 ― ძვ. წ. 2750), რომელიც ორ ქვეპერიოდათ იყოფა და ადრეული დინასტიის პერიოდს (ძვ. წ. 2750 ― ძვ. წ. 2310), რომელიც სამ ქვეპერიოდათ იყოფა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ უძველესი ლურსმული დამწერლობა მთელ სამხრეთ მესოპოტამიაში სრულიად იდენტური იყო, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი სადღაც ერთ ადგილას შეიქმნა და ეს ადგილი ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ მესოპოტამიის სხვა მოსახლეებმაც გადაიღეს იქედან დამწერლობა. სავარაუდოდ ეს ქალაქ ნიფურში მოხდა. ამ ქალაქში იყო ქალღმერთ ენლილის ტაძარი, რომელსაც ყველა „შავთავიანი“ სცემდა თაყვანს, თუმცა ყველა „ნომს“ საკუთარი ღმერთი ჰყავდა. სავარაუდოდ, ნიფური სახელმწიფომდელი შუმერის რელიგიური ცენტრი იყო, ასეთივე დარჩა მოგვიანებითაც, თუმცა იგი არასდროს არ იყო პოლიტიკური ცენტრი.
ადრეული დინასტიის პერიოდი
[რედაქტირება]ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს შუმერებმა შექმნეს ერთგვარი პრიმიტიული ისტორია, ე. წ. „მეფეთა სიები“, ანუ იმ მეფეთა სია, ვინც მესოპოტამიის ქალაქებში მეფობდნენ. ამ სიაში მოხვდნენ არა მხოლოდ ისტორიული, არამედ მითიური პერსონაჟებიც. ამის გარდა სია ვერ დაიკვეხნიდა ვერც სიზუსტით, რადგან ზოგი მეფეები არა ერთი მეორეს მიყოლებით მეფობდნენ, არამედ პარალელურად, ზოგი კი მეფე კი არა, არამედ უმაღლესი ქურუმი იყო.
„წარღუნამდე“ მეფეები საერთოდ მითიურად მიიჩნევიან, ისტორიკოსები თვლიან რომ რეალურად მხოლოდ წარღუნის შემდეგ მყოფი მეფეები არსებობდნენ. ამრიგად წარღუნის შემდეგ ქიშის პირველი დინასტიის მმართველობა ემთხვევა არქეოლოგიურ ადრეული დინასტიის პერიოდს.
ქიშის პირველი დინასტიის უკანასკნელი მეფე იყო ენ-მებარაგესი, რომლის შესახებაც ცნობილია არა მხოლოდ „მეფეთა სიიდან“, არამედ მისი საკუთარი წარწერებიდანაც, არის პირველი მმართველი რომლის შესახებაც გაგვაჩნია ცნობები. იგი ომობდა ელამთან. მისი ვაჟი აგი კი ცდილობდა ქიშითვის დაემორჩილებინა ურუქი. ურუქის უხუცესთა საბჭო უკვე თანახმა იყო დამორჩილებაზე, მაგრამ სახალხო კრებამ მეფედ აირჩია გილგამეში და გადაწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. აგამ ურუქი ვერ აიღო და საბოლოოდ იძულებული გახდა დამორჩილებოდა გილგამეშს.
გილგამეშის შესახებ მოგვიანებით შეიქმნა ლეგენდების მთელი სერია და ცნობილი ეპოსი, ამიტომ ძალიან რთულია იმის გარკვევა, თუ რა იყო ნამდვილი ისტორიული ფაქტები, რაც ისტორიულ გილგამეშს უკავშირდება და რა შეითხზა შემდეგ. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ რეალური გილგამეში მართლაც მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რადგან მან ასე დაამახსოვრა თავი შთამომავლებს.
გილგამეშით იწყება ადრეული დინასტიის მეორე პერიოდი. ამ პერიოდის შესახებ ცნობები ტაძრების საშემოსავლო არქივებიდან და სასწავლო ტექსტებიდან მოგვეპოვება. ამ პერიოდში შურუფაქის ტომების გაერთიანება შედიოდა სამხედრო კავშირში, რომელშიც მთავარი ურუქი იყო. ურუქში სავარაუდოდ გილგამეშის შთამომავლები მეფობდნენ.
ურუქის შემდეგ ძვ. წ. XXV საუკუნეში წამოიწია შუმერულმა ქალაქმა ურმა. არქეოლოგების მიერ ნაპოვნია არაერთი ძალიან მდიდრული სამარხი. ნაპოვნია ძვირფასი ქვები, რომლებიც ინდოეთიდან, ჩრდილოეთ ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაა შემოტანილი, ეს მეტყველებს ურის მმართველების სიმდიდრეზე და ვაჭრობის განვითარებაზე. ინდოეთთან ვაჭრობა სავარაუდოდ საზღვაო გზებით ხდებოდა.
ურის პირველი დინასტიით იწყება ადრეული დინასტიის უკანასკნელი პერიოდი. ურის მმართველები ცდილობდნენ დაემორჩილებინათ გარშემო მცხოვრები ნომები. ურის გარდა რეგიონში ჰეგემონიაზე პრეტენზია ჰქონდა ლაგაშს. ძვ. წ. 2400 წელს ლუგალელებმა დაამარცხეს და დაიმორჩილეს მეზობელი ქალაქი უმა, შემდეგ ლაგაშის მმართველმა ეანათუმმა დაიპყრო ქიში, მაგრამ მისმა შთამომავლებმა ვერ შეინარჩუნეს იგი. ლაგაში ამის გარდა ურთანაც ომობდა.
შემდეგ ლაგაშის მმართველი გახდა ენენთარზი. მან ტაძრებს ჩამოართვა მიწები და სახელმწიფო მიწებს შეუერთა, რითაც დაუმორჩილა რელიგია სახელმწიფოს. ამან და სხვა უცნობმა ფაქტორებმა ლაგაშელთა უკმაყოფილება გამოიწვია და ენენთარზის შემდეგი მეფე ლუგალბანდა ჩამოაგდეს ტახტიდან. მის შემდეგ მეფედ ურუინიმგინა (დაახ. ძვ. წ. 2318 ― ძვ. წ. 2310) აირჩიეს. მმართველობის მეორე წელს მან ჩაატარა რეფორმები, რომლის შესახებაც დარჩა წარწერები. მან დაუბრუნა ტაძრებს მიწები, ქურუმებს მეტი უფლებები მისცა და გააუქმა ძველი ვალები. მან დაიწყო უმასთან მორიგი ომი, რომელიც ლაგაშისთვის მძიმე აღმოჩნდა. ამ დროისთვის უმას მმართველმა ლუგალზაგესმა დაიმორჩილა მთელი ქვემო მესოპოტამია ლაგაშის გარდა. ლაგაშის დამარცხების შემდეგ მან ქიშიც დაიპყრო.
სარგონიდების სახელმწიფო
[რედაქტირება]აქადის იმპერია იყო ქალაქ აქადის (ჩრდილოეთ შუმერეთი) გარშემო ჩამოყალიბებული სახელმწიფო. აქადის იმპერიის დამფუძნებლად სარგონ ძველი მიიჩნევა. იმპერიამ იარსება ძვ. წ. 2350 ― ძვ. წ. 2150 წლებში.
უმის მეფემ ლუგალზაგესმა პირველმა სცადა შუმერული ქალაქების ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანება. მან დაიპყრო თითქმის მთელი ქვემო მესოპოტამია, მაგრამ მისი პოლიტიკით თითქმის ყველა ქალაქი უკმაყოფილო იყო. მალე მას დაუპირისპირდა ადამიანი, რომელიც ისტორიაში შევიდა სარგონ ძველის სახელით (ძვ. წ. 2316 ― ძვ. წ. 2261). იგი ჩრდილოეთ ქვემო მესოპოტამიიდან იყო და მისი მშობლიური ენა სემიტური იყო.
სარგონმა დაამარცხა ლუგალზაგესი და დაიმორჩილა მთელი ქვემო მესოპოტამია. თავის დედაქალაქად მან უმნიშვნელო ქალაქი აქადი აირჩია, რომლის ნაქალაქარი დღემდე არაა ნაპოვნი, თუმცა მან ისეთი როლი ითამაშა მესოპოტამიის ისტორიაში, რომ მოგვიანებით მთელ რეგიონს აქადია ეწოდა. სარგონს როგორც ჩანს ბევრი მომხრეები ჰყავდა ხალხის ფართო მასებში, რადგან იგი არ იყო ნომურ არისტოკრატიასთან დაკავშირებული.
შუმერის პოლიტიკურ დამარცხებას არ მოყოლია მისი კულტურის დაკნინება. აქადელებმა იგი გაითავისეს და თავისმხრივ შეიტანეს წვლილი მის განვითარებაში.
სარგონმა შეცვალა ნომური (თემური) ქალაქ-სახელმწიფოების წყობა და ჩამოაყალიბა ერთიანი სახელმწიფო. საერთოდ სარგონმა დაიპყრო ტერიტორია სპარსეთის ყურედან ხმელთაშუა ზღვამდე. სარგონმა ამის გარდა ახლად შექმნილ სახემწიფოში მოახდინა სხვადასხვა განზომილებების ერთეულების უნიფიკაცია. მის დროს აყვავდა ვაჭრობა.
სარგონის მმართველობა ერთპიროვნული იყო. უკვე მისი ვაჟების მეფობისას მესოპოტამიაში არაერთი აჯანყება მოხდა მათ წინააღმდეგ. სარგონიდები ამ აჯანყებებს სისხლში ახშობდნენ.
მიუხედავად იმისა რომ სარგონიდები სემიტურ-ენოვანები იყვნენ, აკადში ოფიციალური ენა ჯერ კიდევ შუმერული იყო. სემიტური ენა ჯერ კიდევ სარგონამდე იყო გავრცელებული შუმერულ ქალაქებში, მხოლოდ ლაგაში იყო ამ დროისთვის მხოლოდ შუმერენოვანი.
სარგონის უმცროსი ვაჟი მანიშტუშუ აიძულებდა თემებს გაეყიდათ სახელმწიფოსთვის მიწები ნომინალურ ფასად. აქედან ჩანს რომ ამ დროს მესოპოტამიასი მიწის პატრონი იყო არა მეფე, არამედ თემი და მეფე ყიდულობდა მიწებს როგორც კერძო პირი. ამის შესახებ მანიშუტუს ბრძანებით შექმნილია წარწერები, რომლებმაც დღემდე მოაღწია.
სარგონის შვილების აგრძელებდნენ დამპყრობლურ ომებს. მანიშტუშუმ არაერთხელ გაილაშქრა ელამის წინააღმდეგ. მისმა ძმისშვილმა ნარამ-სუენმა (ძვ. წ. 2236 ― ძვ. წ. 2200) კი ელამთან წერილობითი ხელშეკრულება დადო, რომლის მიხედვითაც ელამს საგარეო პოლიტიკა აკადთან უნდა შეეთანხმებინა. ეს ჩვენთვის ცნობილი პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. მარამ-სუენის დროს დასრულდა სარგონის მიერ დაწყებული სახელმწიფო რეფორმები და მან აიღო სამყაროს ოთხი მხარის მეფის ტიტული. იგი პირველი იყო, ვინც ცხოვრებაში და არა საკვდილის შემდეგ საკუთარი თავი ღვთაებრივად გამოაცხადა.
აქადის იმპერიის სიძლიერემ ცოტა ხანს გასტანა, უკანასკნელი ძლიერი მეფის შარკალიშარის სიკვდილის შემდეგ ტახტზე მეფეები ერთი მეორეს სწრაფად ცვლიან, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა. აქადის და სუმერის სახელმწიფო დაიშალა. სემიტური ჩრდილოეთი და შუმერული სამხრეთი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ჩვე არ გვაქვს ცობები იმის შესახებ ებრძოდნენ თუ არა შუმერები აქადელებს იარაღით ხელში, მაგრამ შუმერული ტექსტებიდან კარგად ჩანს მათი უარყოფითი დამოკიდებულება აქადის მიმართ. აქდელებისადმი სიძულვილი იმანაც გამოიწვია, რომ ამ უკანასკნელებმა ნიპურში, შუმერთა წმინდა ქალაქში, დაანგრიეს ენლილის ტაძარი.
მიუხედავად შუდა პოლიტიკური არასტაბილურობისა, აქადის იმპერიის საბოლოო კრახი დაკავშირებულია კუტიების შემოჭრასთან. კუტიების მომთაბარე ტომებმა დაანგრიეს და გაძარცვეს შუამდინარეთის მრავალი ქალაქი, მათ შორის აქადიც გაასწორეს მიწასთან, ისე რომ დღემდე უცნობია თუ სად მდებარეობდა მსოფლიოში პირველი იმპერიის დედაქალაქი.
გუდეა
[რედაქტირება]ნარამ-სუენის მეფობის ბოლოს შუამდინარეთს შეუტიეს გუდეელების ტომებმა ირანიდან. ამ დროიდან დაიწყო აქადის სახელმწიფოს დაკნინება. აქადის მეფე გახდა ლაგაშელი გუდეა. მან დაუბრუნა ტაძრებს ჩამორთმეული მიწები. მან ააშენა ნინგირსუს ტაძარი. ამის გარდა მისი მმართველობის პერიოდში სხვა მრავალი ძეგლი აშენდა. მისმა ჩამომავლებმა ვერ შეძლეს მისი ძალაუფლების შენარჩუნება და ლაგაშის პოლიტიკური მნიშვნელობა დაეცა.
ურის მესამე დინასტია
[რედაქტირება]ეს პერიოდი იყო შუმერული ცივილიზაციის განვითარების უკანასკნელი ეტაპი, მას ასევე შუმერულ რენესანსს უწოდებენ. მოკლე ხანში ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ უთუხენგალმა დაიწყო აჯანყება და გაათავისუფლა სამხრეთ მესოპოტამია. მის შემდეგ გამეფდა ურ-ნამუ (ძვ. წ. 2111 ― ძვ. წ. 2094), რომელმაც თავის დედაქალაქად ური აირჩია. ახალ სახელმწიფოს ეწოდა „შუმერის და აქადის სამეფო“. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დოკუმენტაციის ენა შუმერული იყო, სალაპარაკო შუმერული უკვე კვდებოდა.
ურ-ნამუმ და მისმა ვაჟმა შულგიმ (ძვ. წ. 2093 ― ძვ. წ. 2046) შექმნეს კლასიკური ბიუროკრატიული სახელმწიფო. მათი მმართველობის პერიოდიდან შემონახულია 100 000-ზე მეტი საკანცელარიო დოკუმენტი. „შუმერის და აქადის სამეფო“ მალე გასცდა სამხრეთ მესოპოტამიას და შეიერთა ჩრდილო მესოპოტამიაც და ელამის ნაწილიც.
მესამე დინასტიის სახელმწიფომ დაახლოვებით 100 წელი იარსება. სწორედ ამ დროს შეიქმნა „შუმერის მეფეთა სია“, პრიმიტიული მატიანე და სწორედ მეფე შულგის დროს მოხდა კანონების პირველი კოდექსის გამოქვეყნება.
ურის დაცემა
[რედაქტირება]შუმერების და აქადის სამეფოს აღსასრული დასავლეთ სემიტურმა მომთაბარე ტომებმა მოიტანეს. ურის მეფეებმა მომთაბარეებისგან დასაცველად ააშენეს კედელი, რომელიც სახრეთ მესოპოტამიას ჩრდილოეთიდან იცავდა. მომთაბარეებმა კი დაახლოვებით ძვ. წ. 2025 წელს გადაკვეთეს ჩრდილოეთ მესოპოტამია და შუმერეთში შემოიჭრნენ აღმოსავლეთიდან.
ურის მეფე იბი-სუენი (ძვ. წ. 2027 ― ძვ. წ. 2003) ამ დროს ელამურ ქალაქებს იპყრობდა, როგორც ჩანს მან არ შეაფასა მომთაბარეებისგან მომდინარე საშიშროება, რომლებიც ურის ყანებს საძოვრებად იყენებდნენ. ურში დაიწყო შიმშილი. მეფემ გააგზავნა იშბი-ერა პურის შესასყიდლად, მაგრამ ამ უკანასკნელმა იხელთა მომენტი და საკუთარი თავი გამოაცხადა მეფედ, ურს კი არ გაუწია დახმარება. ასე დაემხო ურის მესამე დინასტია. ახალი მმართველები აგრძელებდნენ მესამე დინასტიის პოლიტიკას, თუმცა ამ დროისთვის სალაპარაკო შუმერული ენა უკვე გაქრა და პირველობა სემიტებზე გადავიდა. უკანასკნელი შუმერული ისინას დინასტია დასრულდა ძვ. წ. 1730 წელს, ბაბილონში ხამურაბის მეფობისას.
კულტურა
[რედაქტირება]ჩვენამდე მოაღწია შუმერთა „თიხის წიგნებმა“. საწერ მასალად ისინი იყენებდნენ სველი თიხის ფირფიტებს, რომლებზეც წაწვეტილი ლერწმით კაწრავდნენ, შემდეგ ღუმელში გამოწვავდნენ და ინახავდნენ სპეციალურ საცავებში.
მეტად საინტერესოა მაღალმხატვრული ღირებულების მქონე, ლექსად დაწერილი შუმერთა თქმულებები ქალაქ ურის მეფე გილგამეშის შესახებ, რომლებიც ხოტბას ასხამენ მას, როგორც სიმართლისა და სიკეთის დამცველს.
მაღალ დონეზე იდგა განათლება. სასახლეებთან და ტაძრებთან არსებობდა სკოლები, რომლებსაც „ფირფიტების სახლს“ ეძახდნენ. აქ ძირითადი ყურადღება ექცეოდა წერა-კითხვის შესწავლას. აგრეთვე, ასწავლიდნენ მათემატიკას, გეოგრაფიას, ბოტანიკას, გრამატიკას. შუმერებმა შექმნეს მათემატიკისა და გეომეტრიის საფუძვლები. მსოფლიოში პირველებმა გამოიგონეს ციფრების აღმნიშვნელი ნიშნები.
მზის, მთვარისა და პლანეტების მოძრაობაზე დაკვირვებით შუმერებმა შეადგინეს ერთ-ერთი უძველესი კალენდარი მსოფლიოში. ასევე ქმნიდნენ არაჩვეულებრივი სილამაზის ტაძრებს — ზიკურათებს, რომლის საშენ მასალად გამოიყენებდნენ თიხის აგურს და ქვას, იშვიათად ხესაც. შემონახულია ადამიანებისა და ღმერთების თიხის ქანდაკებები...
არქიტექტურა
[რედაქტირება]შუამდინარეთში არაა სამშენებლო ხე-ტყე, ამიტომ ძირითადი სამშენებლო მასალა იყო გამოუწვავი თიხის აგური და ქვა. შენდებოდა როგორც სასახლეები, ასევე, რელიგიური დანიშნულების ტაძრები — ზიკურათები. ჩვენთვის ცნობილი უძველესი ზიკურათები ძვ. წ. IV–III ათასწლეულებისაა. იგი წარმოადგენს ოთხკუთხედ, პირამიდის მსგავს კოშკს, რომლის თავზეც შენდებოდა ტაძარი. კედლები იღებებოდა შავად, თეთრად ან წითლად.
ამ დროის ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ნიშანია ტაძრების პლატფორმებზე აშენება. შესაძლოა პლატფორმა გამოიყენებოდა ტაძრის სინესტისგან დასაცავად, თუმცა ზოგი მკვლევარი მათ მიიჩნევს შუმერების მთიული წარმოშობის დამამტკიცებელ საბუთად. ასეთივე ტაძრის დამახასიათებელი ნიშანია კედლის ტეხილი ხაზები. ფანჯრები ვიწრო იყო, შენობის გასანათებლად გამოიყენებოდა სახურავში ჩატოვებული ხვრელი.
რელიგია
[რედაქტირება]შუმერული რელიგია ჩვეულებრივი წარმართული რელიგია იყო. სხვადასხვა ღმერთები „განაგებდნენ“ ბუნების სხვადასხვა ძალებს. ხდებოდა ასევე გმირების და მეფეების გაღმერთებაც. შუმერებს ჰყავდათ როგორც საყოველთაო ღმერთები, ასევე ყოველი თემი თავის „შინაურ“ ღვთაებას სცემდა თაყვანს, რომლის სახელზე აგებული ტაძარი წარმოადგენდა თემის ცენტრს. ასევე, თითოეულ ქალაქში ცენტრალური უბნის მფარველი ღვთაება ითვლებოდა მთელი ქალაქის მფარველ ღვთაებად, ხოლო მისი ტაძარი ქალაქის ცენტრალურ ტაძრად. ასეთი უბანი იყო, მაგალითად ქალაქ ლაგაშში გირსუ, მის მფარველ ღვთაებად მიიჩნევდნენ ნინგირსუს, რაც ნიშნავს: „გირსუს მეუფე“. „საერთო“ ღმერთები იყვნენ: ანი — ცის ღმერთი, ენქი — ოკეანის ღმერთი, ენლილი — დედა ქალღმერთი, რომლის ტაძარიც იყო ქალაქ ნიფურში, მზის და მთვარის ღმერთები და ა.შ.
ტაძრებს უშენებდნენ მხოლოდ „მთავარ“ ღმერთებს. ტაძარში იყო ცენტრალური ეზო და ორი გვერდითი ეზო. ცენტრალურ ეზოში განთავსებული იყო ღვთაების გამოსახუკლება, საკურთხეველი და მსხვერპლშეწირვის მაგიდა. ტაძრის საკულტო საქმიანობას განაგებდა უფროსი ქურუმი, რომელსაც სანგა ეწოდებოდა. იგი ხელმძღვანელობდა აგრეთვე სატაძრო მეურნეობას, რომელიც საკმაოდ რთულ ორგანიზაციას წარმოადგენდა.
ამ პერიოდში სახვით ხელოვნებას უმეტესად რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. შუმერი ფერმწერები და მოქანდაკეები აკეთებდნენ ცხოველების და ადამიანების გამოსახულებებს. როგორც წესი ცხოველებს ძალიან ცისტად ასახავდნენ, ხოლო ადამიანის გამოსახულებაში მთავარი იყო არა ანატონიური სიზუსტე, არამედ ემოციური მდგომარეობის გადმოცემა.
ლიტერატურა
[რედაქტირება]დღეს ცნობილია შუმერული ლიტერატურის 150-მდე ძეგლი. მათმა დიდმა ნაწილმა მხოლოდ ფრაგმენტულად მოაღწია ჩვენამდე. ძირითადად ეს არის მითების პოეტური გადმოცემა, სასიყვარულო და რელიგიური სიმღერები, მეფეებისადმი მიძღვნილი ჰიმნები. ფართოდაა წარმოდგენილი დიდაქტიკური ნაწარმოებები. ყველაზე გავრცელებული კი მაინც რელიგიური ჰიმნები იყო.
შუმერებმა მსოფლიოში პირველებმა შექმნეს ანდაზების კრებული. აი, რამდენიმე ნიმუში მათგან: „გარეულ ხარს გაექცა და შინაურ ძროხას დაეჯახაო“, „ცუდად აღჭურვილ ქვეყანას მტერი მუდამ კარიბჭესთან ეყოლებაო“ და სხვ.
შუმერული ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ძეგლია ეპოსი გილგამეშის შესახებ. ეს არის ძვ. წ. XXVII საუკუნის ურუქის მეფის გილგამეშის გმირობების შესახებ ლეგენდების კრებული, რომელიც მოგვიანებით აქადურად ითარგმნა. სწორედ ამ ეპოსში არის უთნაფიშთიმის ამბავი, რომელიც გადაურჩა წარღვნას. ეს ლეგენდა არის ბიბლიური ნოეს პროტოტიპი. ასევე ცნობილია ეპოსი სამყაროს შექმნის შესახებ „ენუმა ეფიში“.
შუმერების აღმოჩენა და შესწავლა
[რედაქტირება]როგორც ვნახეთ, შუმერული კულტურა III ათასწლეულის მიწურულს სრულიად გაითქვიფა აღმოსავლურ სემიტურ კულტურებში. ისტორიოგრაფია მაშინ ჯერ არ იყო განვითარებული. იმ დროინდელი მატეანეები კი როგორიცაა „მეფეთა სია“ არაა სანდო და თანაც მალე დავიწყებულ იქნა. შუმერული ენა ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულს ბაბილონშიც დაივიწყეს და ბაბილონური-ასირიული ცივილიზაციის გაქრობის შემდეგ „ამბის მომტანიც“ აღარ დარჩა. ანტიკურმა ისტორიკოსებმა არაფერი არ იცოდნენ შუმერების შესახებ, ასე იქნა პირველი ცივილიზაცია მივიწყებული.
პირველად შუმერების შესახებ შეიტყვეს ასირიული ლურსმული ფირფიტებიდან XIX საუკუნეში. ასევე აღმოჩენილ იქნა უცნობ ენაზე დაწერილი ფირფიტები. ლინგვისტებმა „გამოთვალეს“, რომ ეს უცნობი შუმერული ენაა და რადგან არსებობს შუმერული ენა, უნდა ეარსებათ შუმერებსაც. ამის შემდეგ არქეოლოგებმა დაიწყეს შუმერების არსებობის დამამტკიცებელი საბუთების ძებნა მესოპოტამიაში და მალე იპოვეს კიდეც. XIX ს. 70-იან წლებში გათხრების შედეგად მოპოვებულ იქნა უამრავი წმინდა შუმერული ტექსტი. გაირკვა, რომ შუმერები რეალურად არსებული ხალხია და ძველ აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებული ლურსმული დამწერლობა სწორედ მათი შექმნილია.
წყაროები
[რედაქტირება]- "История Востока" (Восток в древности) подготовленная Институтом Востоковедения РАН
- "შუმერები" მ. ბელიცკი მოსკოვი 2000
- "ბიბლიური გორები" ერიხ ცერენი მოსკოვი 1986