პაოლო კოელიო - 11 წუთი
ვიკიწიგნებიდან
ეს წიგნი დევს ლიტერატურას თაროზე.
თერთმეტი წუთი
პაოლო კოელიო თარგმანი ინგლისურიდან - ანი მოსულიშვილი
მიძღვნა
2002 წლის 29 ივნისს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდი ამ წიგნის ხელნაწერში, ლურდში გავემგზავრე იქაური სასწაულმოქმედი წყაროს წყლის ასაღებად. და აი, იქ, საკურთხეველთან, ერთმა სამოცდაათ წელს მიტანებულმა კაცმა მკითხა: „თქვენთვის ალბათ უთქვამთ, რომ ძალიან ჰგავხართ პაულო კოელიოს“. „პაულო კოელიო მე ვარ“, — მივუგე მე. მაშინ ის კაცი გადამეხვია, მეუღლესა და შვილიშვილთან წარმადგინა და მითხრა, რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში ჩემმა წიგნებმა — „ისინი ოცნებას მაიძულებენ“. პირველად როდი მსმენია ეს სიტყვები, ყოველთვის მახარებდა მათი მოსმენა, მაგრამ ამჯერად ძალიან დავიბენი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს ახალ წიგნს ერთდროულად შეეძლო ადამიანის შეცბუნებაც, შოკში ჩაგდებაც და გულის ტკენაც. მე წყაროსთან მივედი, წყალი ავიღე, უკან დავბრუნდი და ამ კაცს ვკითხე, სად ცხოვრობდა (აღმოჩნდა, რომ საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბელგიის საზღვარზე). ჩავიწერე ასევე მისი სახელი. ეს წიგნი გეძღვნებათ თქვენ — მორის გრაველინ. მე მოვალე ვარ თქვენი, თქვენი მეუღლის, თქვენი შვილიშვილის და ასევე საკუთარი თავისაც: მე უნდა ვილაპარაკო იმაზე, რაც მაფიქრებს და მაწუხებს და არა იმაზე, რისი გაგონებაც სურთ ჩემგან. ზოგი წიგნი ოცნებას გვაიძულებს, ზოგი რეალობასთან გვაახლოებს, მაგრამ ყოველი მათგანი ავტორისათვის უმთავრესი გრძნობით — გულწრფელობით — არის განმსჭვალული. რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს მოგვცემს შთამომავლობას მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს მე ვარ ქმარი და ცოლი და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი მე მამაჩემის დედა ვარ მე ჩემი ქმრის და ვარ თაყვანი მეცით მარად, რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.
ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში
იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო, იგი ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით; და დადგა უკან, მის ფეხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა. ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა, ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი“. იესომ მიმართა მას და უთხრა: „რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი, სიმონ“. მან კი უთხრა: „თქვი, მოძღვარო“. იესომ თქვა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს — ორმოცდაათი. მაგრამ რაკი არ ჰქონდათ, რით გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი?“ სიმონმა უპასუხა: „მე ვფიქრობ, რომელსაც უფრო მეტი მიუტევა“. ხოლო მან უთხრა: „სწორად განსაჯე“. მიბრუნდა დედაკაცისკენ და სიმონს უთხრა: „ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფეხებისათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმით შემიხოცა. შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემი ფეხების კოცნა. შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფეხებს. ამის გამო გეუბნები: მაგას მიეტევა მრავალი ცოდვა, რადგან ძლიერ შეიყვარა, ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს“.
ლუკა 7:37-47
თავი 2 | თავი 3 | თავი 4 | ბოლოთქმა
